ჟაკ დემი
ჟაკ დემი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 ივნისი, 1931 ატლანტის ლუარა, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
27 ოქტომბერი, 1990 (59 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1955-1988 |
მოძრაობა | ფრანგული ახალი ტალღა |
მეუღლე(ები) | ანიეს ვარდა |
შვილ(ებ)ი | როსალია ვარდა, მეთიუ დემი |
ჟაკ დემი (ფრანგ. Jacques Demy; დ. 5 ივნისი, 1931, ატლანტის ლუარა, საფრანგეთი — გ. 27 ოქტომბერი, 1990, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი რეჟისორი, ლირიკოსი და სცენარისტი. იგი ასოცირებულია ფრანგულ ახალ ტალღასთან და მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან ერთად, როგორებიც არიან ჟან-ლუკ გოდარი, ანიეს ვარდა, ფრანსუა ტრიუფო.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟაკ დემი 1931 წლის 5 ივნისს დაიბადა. მამამისი გამყიდველი, ხოლო დედამისი პარიკმახერი იყო. დემის დედ-მამას კინო უყვარდა და მალევე მათი გატაცება მანაც გაიზიარა. 9 წლის ასაკში მან თავისი პირველი ანიმაციური ფილმი შექმნა ხელით მოხატული ფირებით. 13 წლის ასაკში თავისი პირველი კამერა იყიდა, ხოლო 14 წლისა ნანტის კინო-კლუბში გაწევრიანდა.
დემი 1952-1954 წლებში საფრანგეთის ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფის ტექნიკურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ანიმატორის, პოლ გრიმოსა და რეჟისორ ჟორჟ როკუს ასისტენტად მუშაობდა (1954-1957).
კინო-კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როკუსთან მუშაობის პერიოდში იგი ჟან კოქტოს შეხვდა. მას იმდენად მოეწონა დემი, რომ უფლება მისცა, მისი პატარა პიესის „გულგრილი შეყვარებულის“ (Le Bel indifférent 1957) ადაპტაცია გადაეღო.
1960 წელს დემიმ გამოუშვა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ლოლა“. ეს მსახიობ ანუკ ემესთვის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო, ხოლო დემიმ სწორედ ამ ფილმით დაიწყო მისი დიდხნიანი ურთიერთობა ფრანგი კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურასთან, კომპოზიტორ მიშელ ლეგრანთან. „ლოლა“ რეჟისორისთვის წარმატებული გამოდგა. ჟან-ლუკ გოდარმა იგი 1961 წელს გამოსული საუკეთესო ფილმების სიაში შეიტანა.[1]
დემის კინემატოგრაფიული სტილი დაფუძნებულია ჰოლივუდურ კლასიკურ მიუზიკლებზე, ზღაპრებზე, ჯაზზე, იაპონურ მანგასა და ოპერაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია „შერბურის ქოლგები“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს დემი ფრანგ რეჟისორზე, ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენელზე, ანიეს ვარდაზე დაქორწინდა. მათ ვაჟი, მეთიუ დემი შეეძინათ, რომელიც 1973 წელს დაიბადა. დემიმ ასევე შვილად აიყვანა როსალია ვარდა, რომელიც ანიეს ვარდას წინა ქორწინებიდან ჰყავდა.
ვარდამ ჟაკ დემს და მის კარიერას, 1990 წელს დემის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე ფილმიც მიუძღვნა, მათ შორისაა 1995 წელს გამოსული „ჟაკ დემის სამყარო“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1961 | ფ | ლოლა | Lola | რეჟისორი, სცენარისტი |
1962 | ფ | ანგელოზების ყურე | La Baie des Anges | რეჟისორი, სცენარისტი |
1964 | ფ | შერბურის ქოლგები | Les Parapluies de Cherbourg | რეჟისორი, სცენარისტი |
1967 | ფ | გოგოები როშფორიდან | Les Demoiselles de Rochefort | რეჟისორი, სცენარისტი |
1969 | ფ | მოდელების ატელიე | Model Shop | რეჟისორი, სცენარისტი |
1970 | ფ | ვირის კანი | Peau d'Âne | რეჟისორი, სცენარისტი |
1972 | ფ | ჭრელი მესტვირე | The Pied Piper | რეჟისორი, სცენარისტი |
1973 | ფ | ოდნავ ფეხმძიმე მამაკაცი | L'événement le plus important depuis que l'homme a marché sur la lune | რეჟისორი, სცენარისტი |
1979 | ფ | ლედი ოსკარი | Lady Oscar | რეჟისორი, სცენარისტი |
1982 | ფ | ოთახი ქალაქში | Une Chambre en ville | რეჟისორი, სცენარისტი |
1985 | ფ | ავტოსადგომი | Parking | რეჟისორი, სცენარისტი |
1988 | ფ | ფირსაკრავი | La table tournante | რეჟისორი, სცენარისტი |
1988 | ფ | სამი ადგილი ოცდამეექვსესათვის | Trois places pour le 26 | რეჟისორი, სცენარისტი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Criterion ჟაკ დემის შესახებ
- ჟაკ დემის ფილმების შესახებ დაარქივებული 2020-09-18 საიტზე Wayback Machine.
- ჟაკ დემის ბიოგრაფია
- ჟაკ დემი IMDB-ზე