მესხეთი
მესხეთი | |
---|---|
ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში. | |
კუთხის ცენტრი | ახალციხე |
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
რეგიონი | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
ახლანდელი სამცხე-ჯავახეთი საქართველოს თანამედროვე საზღვრებში | |
მესხეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდება. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24) მოიხსენიება ეს ტერიტორია „მოსხიკეს“ სახელწოდებით (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები „მესხეთს“ არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.
ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები — მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.
მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:
- „მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა...“ – მოსე ჯანაშვილი.
- „იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა“ – ვაჟა-ფშაველა.
- „აქ ოდითგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა ...“ – ვახუშტი ბაგრატიონი.
- „მესხეთი ქართველებისთვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის“ – მოსე ჯანაშვილი.
ისტორიული მესხეთის ტერიტორია (სამცხე, ჯავახეთი, თორი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი, ჭანეთი) ცენტრალიზებული ფეოდალური საქართველოს ერთ მესამედს შეადგენდა, რაც დაახლოებით 34,2 ათას კვ. კმ-ია. აქედან დღეისათვის 9,4 ათასი კვ.კმ საქართველოს შემადგენლობაშია მოქცეული, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებშია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. II-I საუკუნეებში მესხეთის ტერიტორია 3 ნაწილად იყოფოდა; სომხეთს ეკავა — ტაო, სპერი და კოლა; კოლხეთს — შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა; ქართლს (იბერია) — არტაანი, ჯავახეთი და სამცხე. უფრო გვიან იბერიამ კვლავ შემოიერთა დანარჩენი მესხეთი გარდა სპერისა. IX-X საუკუნეებში მესხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო (ცენტრი არტანუჯი). XII— XIII საუკუნეებიდან მესხეთი საქართველოს სამეფოს დიდმოხელე ერისთავთა, სამცხის სპასალარ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამფლობელო იყო. ამ საგვარეულოს მიერ ათაბაგის სახელოს დამკვიდრების შემდეგ საათაბაგოდ იწოდებოდა (ცენტრი ახალციხე). XVI საუკუნეში მესხეთი ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული — ახალციხის საფაშო შექმნეს. ისტორიული მესხეთის ნაწილი (სამცხე და ჯავახეთი) საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შედეგად, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად. აჭარა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებით.
მესხეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1829 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა ძველი მესხეთის ნაწილები: ქვაბლიანი, ოძრხე, ახალციხე, აწყვერი, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და პალაკაციო . ადრიანოპოლის ზავის მე-13 მუხლის თანახმად, მოსაზღვრე ტერიტორიების მოსახლეობას 18 თვის განმავლობაში გადასახლება-გადმოსახლების უფლება მიეცა. ოსმალეთში გადასახლდა დაახლოებით 75 ათასი ქართველი მუსლიმი. მათ ნაცვლად ახალციხის და უფრო მეტად ახალქალაქის მაზრებში დასახლდა ოსმალეთიდან გამოქცეული 30 ათასი სომეხი. სომხებს ხელისუფლებამ 25 მანეთი გამოიყო და 6 წლით გადასახადებისგან გაათავისუფლა.[1]1832 წლის მონაცემებით ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში მოსახლეობის რაოდნეობა 50 ათასზე ნაკლები გახდა და მისი უმრავლესობა უკვე სომხები იყვნენ.
შემდეგ, 1877-78 წლების რუსეთ ოსმალეთის ომის შედეგად, პარიზის ზავით (მუხლ. 58), შემოერთებულ იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილო ნაწილი – ოლთისი.
მთელი ეს მხარე რუსეთის იმპერიის დროს მოქცეული იყო შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ახალციხის მაზრა (სამცხე), ახალქალაქის მაზრა (ჯავახეთი), ბათუმის ოლქი (აჭარა, ქობულეთი, შავშეთი), ყარსის ოლქი (ერუშეთი, ფოცხოვის უბანი, არტაანი ანუ არდაგანი და ოლთისი).
ტერიტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის დროს შემოერთებული ტერიტორია შემდეგი ფართობისა იყო: ახალციხის მაზრა – 2706 კვადრატული კილომეტრი; ახალქალაქის მაზრა – 2793; ბათუმის ოლქი – 3779; ართვინის ოლქი – 3339; ფოცხოვის უბნი – 588; არტაანის ოლქი – 5137; ოლთისის ოლქი – 3051. სულ მესხეთის ტერიტორია უდრიდა 21 393 კვადრატულ კილომეტერს ანუ მთელი საქართველოს მესამედზე მეტს. ძველი მესხეთის ნაწილებიდან ოსმალეთის საზღვარში დარჩა ჭანეთი ანუ ლაზისტანი და ზემო ჭოროხზე მდებარე ნაწილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში, ტფ., 1907;
- ლომსაძე. შ., სამცხე ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე), თბ., 1975;
- მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 6, გვ. 601-602, თბ., 1983
- ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბილისი, 1989;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯავახიშვილი ივ. ისტორიული რარიტეტები, თბ. 1989, გვ 48-49