შინაარსზე გადასვლა

დვალეთი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დვალეთი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დვალეთი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
დვალეთი

ნარას ხეობა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ჩრდილოეთი ოსეთი
ფართობი 3581
ეროვნება დვალები — ისტორიულად
ოსები — დღეს
რელიგია ქრისტიანობა

დვალეთისაქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს, დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის ტერიტორიას. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) იხსენიებს დვალეთის ხევებს: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო და მაღრანდვალეთი (თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი ამ ორი უკანასკნელის დვალეთად მოხსენიებას შეცდომად თვლის).[⇨] ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV – ძვ. წ. III საუკუნეები) დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი.[1]

VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსოს ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII საუკუნე) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ, მასობრივად ინაცვლებდა კავკასიონის სამხრეთით. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV საუკუნე) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი.[1] აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დვალეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით (1859) იგი თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრეს და თერგის ოლქს შეუერთეს.[⇨]

დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა — კასრის-კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის (ჟღელეს) ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.[1][⇨]

ბ. გამყრელიძემ 1998 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში: „მდ. ჯეჯორის ხეობა“ და „ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიიდან“, უხვად გამოიყენა დვალეთში მოპოვებული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები, რომლის საფუძველზე მეცნიერულ ბრუნვაში შემოაქვს ქართული წარმომავლობის დვალური ტოპონიმები: თვალეთი, თვალეთის ხევი, ეთნონიმები და გვარსახელები: თვალია, თუალ (ქართველი), დარჩია, ხეთაგური, ბერიევი და სხვები.[2] აღსანიშნავია, რომ როლანდ თოფჩიშვილის მიხედვით, ხეთაგური ყაბარდოდან მოსული, ჯერ გაქართველებული (დაემატა ქართული სუფიქსი „-ურ“) და შემდეგ გაოსებული გვარია.[3]

უთუოდ ბევრის მთქმელი, დამაფიქრებელი და გასათვალისწინებელია ხალხური გადმოცემები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მთის რაჭველთა წინაპრები დვალეთს — „თუალეთს“ ეძახდნენ, დვალზე კი „თვალს“ ამბობდნენ. მოხუც მთქმელთა გადმოცემით, მთის რაჭულ მითოლოგიაში დვალეთი მოიხსენიებოდა კავკასიის მაღალი მთიანეთის „თვალად“, საიდანაც ნათლად მოჩანდა მთელი ქვეყანა. აქედან წარმომდგარა მხარისა და ეთნონიმის სახელები: თუალეთი (დვალეთი) და თუალი (დვალი).[2]

საგულისხმოა ასევე ისიც რომ დვალეთის მდინარენი, რომლებიც იქაურ მთებში იღებენ სათავეს, მიერთვიან მდინარეს რომელიც თერგს უერთდება. სვანურად თვალი „თერ“-ია, თვალები კი „თერბი“, აქედან უნდა იღებდეს სათავეს მდ. თერგი, იგივე თვალები. ხალხური გადმოცემის სხვა ვერსიით დვალების წინაპარი „თვალია“ ყოფილა და აქედან წარმომდგარა თუალეთი და თუალი.

ბ. გამყრელიძის აზრით ოსი თუაშვილები შემდგომში თუაევები, დვალური წარმომავლობის არიან. გვარი თუაშვილი ეთნიკური წარმოშობისაა და თუალთანაა დაკავშირებული, ისევე როგორც ქართველი დვალი, დვალაძე, დვალიშვილი. ხალხური ლოკალიზაციით არდონის ხეობას ახლაც ეძახიან თუალთას, ტერიტორიას ბურონიდან მამისონისა და ზრუგის გადასასვლელამდე დვალეთი ოსურად კი თუალთა ეწოდება. ზარომაგში არის თუალთას ხეობა. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი ლიახვის ზემო წელში გვიანფეოდალურ ხანაში გადმოსახლებულ ოსთა მიერ მაღრან-დვალეთის ტერიტორიის „ურუს-თუალად“ (თეთრ-დვალეთად) მოხსენიება.

ცნობილია, რომ იბერიულ-კავკასიური მოდგმის ტომი დვალები I-II საუკუნეების ანტიკურ წყაროებშიც (პლინუს უფროსი, პტოლემეოსი) ასევე მოიხსენებიან: თვალის, ვალის, უალის სახელით.[4]

დვალეთი ოსეთის შემადგენლობაში ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე

დვალეთის ტერიტორია მოიცავდა 3581 კმ²-ს. დვალები, ჯერ კიდევ ახ. წ. ა. I საუკუნის უძველეს ავტორთა ცნობებით, დიდი კავკასიონის ცენტრალური ნაწილის ჩრდილოეთის ფერდობების, მამისონის მთის პირიქითა მდ. კასრას ხეობაში, დარიალის დასავლეთით სვანეთის კავკასიამდე, ფართოდ გაშლილ ტაფობზე ესახლნენ (პლინიუსი, მტოლემეოსი და სხვ.).

ვახუშტი ბატონიშვილი დვალეთის გეოგრაფიულ მდებარეობას ასე განსაზღვრავს:

ვიკიციტატა
„ხოლო სიგრძე ამის ქვეყნისა არის ხევიდამ სუანეთის კავკასამდე და განი ქართლის კავკასიდამ ჩერქეზეთის მთამდე[5]

ბერი ეგნატაშვილის ცნობით, „დვალეთად იწოდებოდა ტერიტორია კავკასიონის მთავარსა და პირიქითელ ქედებს შუა მოქცეული, კასრის კარის სამხრეთით და კონკრეტულად მოიცავდა ნარის, ზახას, ზროგოს და ჟღელეს ანუ მამისონის ხეობებს“.[6] დვალეთი ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, კავკასიონის უღელტეხილის მთავარსა პირიქითულს, ქედებს შუა არის მოქცეული, რომელიც საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა იყო.[7] საქართველოში მოღვაწე ოსი ისტორიკოსი გიორგი თოგოშვილი აღნიშნავდა, რომ დვალები, კავკასიონის მთავარი ქედის ორივე მხარეზე მცხოვრებ მაღალმთიანი ზოლის უძველეს მოსახლეობას ეწოდებოდა.[8]

აღსანიშნავია, რომ ვახუშტის მიერ ხსენებულ, დღეისათვის ისტორიკოს მკვლევართა შორის „ჩერქეზთა მთის“ ადგილის განსაზღვრაში ნათელ წარმოდგენას გვაძლევს თვით ვახუშტისეული ცნობა, რომლის მიხედვით ყაბარდო მოხსენიებულია ჩერქეზად, ხოლო ხალხი ჩერქეზებად. ასევე მთის რაჭველები ყაბარდოს ჩერქეზს უწოდებდნენ, ხალხს ჩერქეზებად მოიხსენიებდნენ. ამრიგად, ხსენებული ტოპონიმისა და ეთნონიმის ვახუშტისეული ცნობისა და ხალხური ეტიმოლოგიური განმარტების საფუძველზე ცხადია, რომ ვახუშტის მიერ მოხსენიებული „ჩერქეზეთის მთა“ დიგორ-ყაბარდოს (ჩერქეზის) გამყოფი ქედი უნდა იყოს, რომელსაც ხალხი დღესაც ყაბარდოს მთად მოიხსენიებს. დიგორიდან ყაბარდოში მიმავალი ამბობდნენ „ჩერქეზის მთა“ გავიარეთო. სწორედ, აქამდე აღწევდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი დვალთა ჩრდილოეთის საზღვარი.

ვახუში ბატონიშვილის აღწერით:

ვიკიციტატა
„ხოლო ვალაგირისა ანუ ფაიქომის დასავლით არს კასრის ხეობა, რომელი იწოდების აწცა დუალეთად და აქუს სიგრძე დუალეთს ზეკარის კავკასიდამ ვიდრე ჩერქეზამდე... და არს ხეობა კასრისა, კასრის კარამდე ჩერქეზის მთამდე.[9]

სვანეთის მთიულეთს (დღევანდელი მთის რაჭა) დვალეთისაგან მამისონის მთის აქეთა სამხრეთის ფერდობების სათიბ-საძოვარი ველები გამოჰყოფდა. დვალეთის უახლოესი კარის მეზობელი კი სოფელი გლოლა იყო. გლოველები, მათ მრავალსაუკუნოვან სამკვიდრო მდ. ჭანჭახის ხეობის მამისონის მთით ძირა ტაფობზე ესახლნენ.

უნდა ითქვას, რომ გლოველ და დვალ მთიელთა კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობას ტერიტორიულ სიახლოვესთან ერთად საგზაო კომუნიკაციების მოხერხებულობაც უწყობდა ხელს. მოძმე მთიელი ხალხების, მათ სოფლებზე გამავალი რაჭა-იმერეთის გზატკეცილი და მისი ჩრდილოეთის განშტოება ისტორიული „გზაჲ დვალეთისაჲ“ ან, როგორც ოსები ამბობენ „თვალთა“, შემდგომ ოსეთის სამხედრო გზად მონათლული, მთავარი დამაკავშირებელი საგზაო საშუალება იყო. რაჭველი და დვალი მთიელები სხვა გზებითაც უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

საუღელტეხილო გზებით დვალეთი, რომ რაჭასა და ქართლთან მრავალგზის ყოფილა დაკავშირებული ეს ნათლად ჩანს ვახუშტის აღწერილობიდან, რომლის მიხედვით:

ვიკიციტატა
„ჟღელესა და გლოლას შორის კავკასზედ… გარდავლენან გზანი გლოლას. ამის მდინარის სათავიდამ გარდავალს გზა კედელის კავკასსა ზედა კუდაროს და რაჭას და ქართლს.[10]

მდინარე ჭანჭახის თვალწარმტაც ხეობაში, მდინარე ბოყოს წყლის შესართავთან გაშენებულია უძველესი სოფელი გლოლა, რომლის ისტორიას შორეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული.

საგულისხმოა, რომ მთის რაჭის საბრძოლო და თავდაცვითი ნაგებობების ანალოგიური სიმაგრენი დვალეთშიც მრავლად იყო. რაჭველ და დვალ მთიელთა ძმობა მარტო რწმენისა და რელიგიური რიტუალების ერთობაში კი არ ვლინდებოდა, არამედ თავდაცვითი და საბრძოლო ციხე-კოშკებიც ერთფეროვანი და ერთნაირი სახელობის ჰქონდათ. ღების „ცისკარი“ ანუ „ზედქალაქი“, გლოლის „სასოფლო“ ანუ „ზედქალაქი“, დვალეთის „ქალაქა“ ქართველ მეფეთა ნაამაგარი და ქართველ მშენებელთა ხელით ნაგები საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთის საზღვარს აკონტროლებდა.

დვალეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებითაც. ვახუშტის სიტყვით, მოიპოვებდნენ ბრპენის (ტყვიის) მადანს, გვარჯილას, გოგირდს. ამასთანავე „ლითონი ბრპენისა“ მრავლად ყოფილა, გოგირდი კარგი ხარისხით გამოირჩეოდა. ამათ გარდა, მოიპოვებოდა ვერცხლიც.[11]

კასრის-ხევი
ნარას ხეობა, სოფელი ნარა

დვალეთი, ძველადაც და ახლაც, რამდენიმე ხევად არის დაყოფილი: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო და ზახა.[7] დღევანდელი ნომენკლატურით დვალეთი მოიცავს ჩრდილოეთ ოსეთის მდინარეების — არდონის, ფიაგდონისა და გიზელდონის — აუზების ზემო ნაწილებს. შეცდომით დვალეთს მიათვლიან მდინარე თერგის სათავეს — თრუსოსა და მდინარე დიდი ლიახვის სათავეს — მაღრან-დვალეთს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ამ ორ პროვინციაში ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მოხდა დვალების მიგრაცია. თრუსო ისტორიული წანარეთის ერთი ნაწილია.[12]

კასრის-ხევში მდებარეობდა კასრის-კარი — ქვითკირითა და კლდისგან აგებული ზღუდე, რომელიც ჰკეტავდა იმ ერთადერთ გზას, რითაც დვალეთში ჩრდილოეთიდან შეიძლებოდა შესვლა.[13][14]

„ჟღელეს ხეობა“ — სახელწოდება გვხვდება რაჭულ ფოლკლორსა[15][16] და ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში. ამ სახელწოდებამ XIX საუკუნემდე მოატანა; ის რუსულშიც გადავიდა და ერთხანს ოფიციალურ რუსულ საბუთებშიც გამოიყენებოდა жгельское ущелье ფორმით. ამჟამად კი ეს ხეობა რუსულ და ოსურ ენებზე იწოდება მამისონის ხეობად (Мамисонское ущелье, Мамисон-ком). ხეობის წყლის ქართული სახელწოდებაა „ჟღელეს წყალი“, ხოლო რუსულად და ოსურად მას უწოდებენ Мамисон-дон.

ჟღელეს-წყალის მარცხენა ნაპირის მთები საკმაოდ დამრეცია და თვით ნაპირიც იმდენად ფართო დავაკებას წარმოადგენს, თუმც ალაგ-ალაგ ბორცვნარია, წყლის გაყოლებით ხეობაში ახლო-ახლო მდგარი მრავალი სოფელი და ნასოფლარია.

თავის ზემო ნაწილში ხეობა მამისონის უღელტეხილს აღწევს, ხოლო ქვემო ნაწილში — სოფელ ქვემო ზრამაგას. ამ ხეობის მთელ სიგრძეზე (21-23 კმ.) მიემართება ე.წ. ოსეთის სამხედრო გზა, რომელიც ბოლოს მამისონის უღელტეხილით გადადის რაჭაში. ამრიგად, ჟღელეს ხეობა ახლოა რაჭასთან და XIX საუკუნეში გაყვანილი გზაც რომ არ იყოს, მაინც შედარებით ადვილსავალი გზით, უღელტეხილით არის მასთან დაკავშირებული.

ქართულ ისტორიოგრაფიაში („ქართლის ცხოვრების თხზულებათაგანში“) დვალებით დასახლებული „ქვეყანა“ — დვალეთი პირველად ნახსენებია III საუკუნის შუა ხანებში მეფე ამაზასპის დროს.[17] დვალეთი მუდმივად, მეფე ფარნავაზის დროიდან მოყოლებული, 1859 წლამდე საქართველოს განუყოფელი ნაწილს წარმოადგენდა. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ მარადთოვლიან ქედებს შორის მოქცეულ ამ ქვეყანას ჩდილოეთით მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა და ჩრდილოეთი („პირიქითელი“) ქედი სამხრეთისაზე (მთავარზე) უფრო მაღალი იყო. ეს ადგილი საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ მონაპირე ნაწილს წარმოადგენდა. ძველითგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ საზღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნიდან მიექცა. ქართველობამ პოლიტიკურადაც მტკიცედ ფეხი დავით აღმაშენებლის დროს მოიკიდა. შემდგომ პერიოდშიც, მათ შორის საქართველოს პოლიტიკურ დაუძლურების დროსაც, XVIII საუკუნის დამდეგსაც, დვალეთი ქართველთა ხელში იყო და ვახუშტის მოწმობით ქართველ მეფეებს ხარკსაც უხდიდა. დვალეთში მცხოვრები ოსების დაუმორჩილებლობის გამო ვახტანგ VI-მ საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის ეს მონაპირე კუთხე 1711 წელს ჯართან ერთად შემოიარა, შემოიმტკიცა და ხარკი დაადო.[18][19]

საქართველო 1213 წელს

ქართულ საისტორიო წყაროებში დვალები ქართველ მთიელთა შორის არიან დასახელებულნი და დვალები და ოსები ყოველთვის დაპირისპირებული არიან. საყურადღებოა იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის (XVII საუკუნის პირველი ნახევარი) ტიტულატურა: „მეფეთ-მეფე, სრულიად იმერთა, აფხაზთა, სვანთა, დვალთა; ოსთა მპყრობელი და მართებული მეფეთ-მეფე“. ამ ტიტულატორის მიხედვით, იმერეთის მეფე არის მთელი დასავლეთ საქართველოს ხელმწიფე (იმერთა, აფხაზთა, სვანთა) და დვალეთისა და ოსეთის მპყრობელი. დვალები და ოსები ეთნიკურად დაპირისპირებული არიან ერთმანეთისადმი. ამით იმასაც ესმის ხაზი, რომ დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო ოსეთი ქართველ მეფეებს დაჭერილი, დაპყრობილი ჰქონდათ. ყველაზე ზედმიწევნითი მონაცემები დვალეთის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაშია თავმოყრილი, სადაც ის ხაზს უსვამს, რომ დვალეთს ახლა ოსეთი ეწოდებაო. ვახუშტი ხაზგასმით აღნიშნავს ამის შესახებ, როდესაც ის ნიქოზის საეპისკოპოსოს შესახებ საუბრობდა. ისტორიკოსი პირდაპირ მიუთითებს, რომ დვალეთისა და დურძუკეთის მეზობელი ხეობები ოსეთად იმიტომ იწოდა, რომ აქ ოსები დასახლდნენ და დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა.[20]

ქართული წყაროებიდან ამოღებული მასალით აშკარაა, რომ ქართველთათვის დვალეთი და ოსეთი სულ სხვადასხვა ცნებები და გეოგრაფიული (და ეთნიკური) ერთეულები იყო. ვახუშტი დვალეთის ერთ-ერთი რეგიონის კასრის-ხეობის (კასრის-ხევის) შესახებ წერს, რომ აქ კლდისა და ქვითკირისგან იყო აგებული კარი, რომელიც ოსებს უკეტავდა შემოსასვლელ გზას. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ დვალეთი მთლანად ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ამას ადასტურებს ბერი ეგნატაშვილის თხზულება. ქართველი მემატიანე დავით X-ის (1505–1525) დროინდელი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიებისა და საზღვრების აღწერისას მიუთითებს, რომ უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვარი ხევხილაკზე და კასრის-კარზე გადიოდა.[13]

ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ მხოლოდ დვალეთის ზახას ხეობასა (ზახის ხევი) და დიდი ლიახვის ხეობის სათავეში — მაღრანდვალეთში მოახერხეს ქართველმა ფეოდალებმა გაბატონება (ქსნის ერისთავებმა, არაგვის ერისთავებმა და მაჩაბლებმა). XVIII–XIX საუკუნეების მიჯნაზე მაჩაბლებს ეკუთვნოდათ ზროგოს ხეობა. XV საუკუნეში ამავე გვარის ფეოდალებს ჟღელეს ხეობაზეც მიუწვდებოდათ ხელი. დვალეთის მართვა სამეფო კარის მიერ დანიშნული მოხელეების — მოურავების — საშუალებით ხდებოდა.[21] XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთის მოურავი იყო გიორგი სააკაძე, რომელიც ამ თანამდებობას თბილისისა და ცხინვალის მოურავობასთან ათავსებდა. XVIII საუკუნეში დვალეთის მოურავები იყვნენ თავადი ფავლენიშვილები. მოგვიანებით — XVII საუკუნის დასაწყისიდან — დვალეთის ზოგიერთი ხევი იმერეთის სამეფოს (რაჭის ერისთავთა) გამგებლობაში გადასულა. XVIII საუკუნის ბოლოს მხოლოდ ზახა, ზროგო, ზარამაგი და ნარა იყო ქართლ-კახეთის მეფეთა გამგებლობაში, მაღლა დვალეთი, ჟღელე (იოანე ბაგრატიონის მას მოიხსენიებს როგორც „ჯღერე“), ლესრე, თებე, ლეთა, კასარა (კასრის-ხევი) და სხვა პატარა სოფლები რაჭის ერისთავებს ეკუთვნოდათ.[19]

საქართველო 1762 წელს

ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ქართველ ხელისუფალთა გავლენა დვალეთზე დროებით შესუსტდა, რითაც ისარგებლეს ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში ჩაკეტილმა ოსებმა და ხშირი თავდასხმების, მეკობრეობისა და ლაშქრობების შედეგად აიძულეს ადგილობრივი ქართველური მოსახლეობა — დვალები — მიეტოვებინათ წინაპართა საცხოვრისი და საქართველოს სხვადასხვა პროვინციაში განსახლებულიყვნენ. ოსთა მიგრაცია და დასახლკარება დვალეთში ძირითადად XVI საუკუნეში განხორციელდა; ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი მიგრანტთა ოსურ ენობრივ-ეთნიკურ სამყაროს გავლენით გაოსდა.[12] დვალეთში ეთნიკური ვითარების შეცვლის შემდეგ (XVII საუკუნე), XVIII საუკუნის დასაწყისიდან, ქართველი მეფეები ადგილობრივ ეთნიკურ ოსთა წრიდან სოციალურად აწინაურებდნენ რამდენიმე ოჯახს, რომლებსაც აზნაურობას უბოძებდნენ (ცნობილია ერთი თავადური სახლიც) და მათ სამსახურისათვის ხელფასსაც უნიშნავდნენ. ამ პოლიტიკური ღონისძიების შედეგად დვალეთში სახელმწიფო მოხელის — მოურავის — ინსტიტუტი არ მოშლილა.[21]

დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა, შუა საუკუნეებში ატარებდა სახელწოდებას — „გზა დვალეთისა“, შემდგომში ცნობილი გახდა როგორც ოსეთის სამხედრო გზა. XIII–XIV საუკუნეებში „დვალეთის გზამ“ დიდი როლი ითამაშა ჩრდილოკავკასიიდან ოსური ტომების საქართველოს ცენტრალური რაიონებისაკენ მოძრაობის საქმეში და სწორედ ამ გზის მიდამოებში ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა მუდმივი მოსახლეობის გაჩენას. „ოსთა კომპაქტური მოსახლეობა, კავკასიათა შინათა ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე, რომელიც წარმოიქმნა მონღოლებისა და თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად XIII–XIV საუკუნეებში, საბოლოოდ გაფორმდა XV საუკუნეში“ — წერს გიორგი თოგოშვილი.

ოს ისტორიკოსებს აქვთ ტენდენცია და სურვილი დვალეთად მიიჩნიონ საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი ლიახვის უკიდურეს სათავეში არსებობდა მხოლოდ მაღრანდვალეთის რეგიონი (თემი), რომელიც მთის ცხრა სოფლის ერთობლიობას წარმოადგენდა. იგი შეიქმნა შედარებით გვიან (X–XI საუკუნეების შემდეგ) დვალეთიდან დვალების გადმოსახლების შედეგად.[22]

ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია 1801 წელს რუსეთთან შეერთების მომენტში

1801 წელს, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო შეუერთდა რუსეთის იმპერიას, დვალეთი მის საზღვრებში იყო.[23] რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით, დვალეთი „ნარის უჩასკის“ სახელით შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში.[24] 1859 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა ა. ბარიატინსკიმ დვალეთი თერგის ოლქს შეუერთა.[25] ცარიზმის მიერ საქართველოს ძირძველი ტერიტორიის ჩამოცილებას იმდროინდელ საქართველოში არავითარი პროტესტი არ მოჰყოლია. რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არც 1918–1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას გამოუთქვამს.[26] დვალეთის შესახებ თავისი პოზიცია 1919 წელს დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიერ ოსთა პოლიტიკური მოთხოვნის საფუძველზე შექმნილი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა ივანე ჯავახიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც აღნიშნა, რომ:

ვიკიციტატა
„ამ რაიონში არის 11 გადმოსასვლელი ჩრდილოეთიდან სამხრეთში და რომ იგი, თუ სამხრეთის ოსები მტრულად იქნენ განწყობილნი საქართველოს მიმართ, დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის, მუდამ საჭირო იქნება საგრძნობი ქართველების ყოფნა ამ გადმოსასვლელების დასაცავად. თუ საქართველოს არ უნდა, რომ ყოველთვის საფრთხის წინ იდგეს, მან ისე, როგორც ძველად მას ეკუთვნოდა, უნდა დაიბრუნოს დვალეთი, სადაც ჩრდილოეთიდან არის მხოლოდ ერთი გადმოსასვლელი არდონის კარი, რომლის ჩაკეტვას დიდი ძალა არ სჭირდება და რომლის დაჭერაც იქნება უდიდესი გარანტი იმისა, რომ ჩვენ სამშობლოს ჩრდილოეთიდან მტრების დაცემის ხიფათი არ აშინებდეს“

ურთიერთობა დანარჩენ საქართველოსთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვან თავადთა და რაჭველ ფეოდალთა ცნობილ სისხლიან გარიგებას მოჰყვა სვანეთის მთიულეთის (მთის რაჭის) სოფლების დაცლა სვანი მოსახლეობისაგან და მათ ნამოსახლარებზე მაღალმთიანი დასახლებებიდან დვალთა მთას იქიდან გადმოხვეწილ ქართველ მთიელთა გლოლაში, ღადისარსა და ღურშევში ჩამოსახლება-დამკვიდრება. მცდარია ის მოსაზრება, რომ თითქოს ზემო რაჭა დასახლებულა ქვემო რაჭის მოსახლეობით. ამიტომ არის რომ მათი ნაკვალევი გვარ-სახელების თუ თქმულება გადმოცემების სახით ღებში ჭიორაში და გლოლაში არ შეიმჩნევა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ მებატონე არეშიძეების, ჯაფარიძეებისა, ხოხაგიძეების, გაგაშვილებისა და სხვათა ყოფა-ცხოვრებას მთის რაჭაში, რომელი მჩაგვრელი მებატონეებიც შეთქმულმა მთიელებმა ამოხოცეს და თავიდან მოიშორეს.[28]

მთური ლანდშაფტი დვალებს (და ყველა ქართველ მთიელს) აიძულებდა მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ კავშირში ყოფილიყვნენ ბართან, რაც ერთიან პოლიტიკურ ველში ცხოვრებისაკენ უბიძგებდა. ამავდროულად, დვალეთს, როგორც ცენტრალურ კავკასიაში მდებარე გეოგრაფიულ ერთეულს, ასეთი კავშირები ჰქონდა არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან, არამედ დასავლეთ საქართველოსთანაც. ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა მხარეები, დვალეთიც უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლებისადმი იყო დაქვემდებარებული. სოციალური თვალსაზრისით თითქმის ისეთივე ვითარება იყო როგორც ხევში.[21]

ვახუშტის ცნობით, XVIII საუკუნეში დვალეთი ეკონომიკურადაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული: დვალები მარილს, ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა ისეთ საქონელს, რასაც საკუთარ ცივ მხარეში ვერ შოულობდნენ, ქართლიდან და რაჭიდან ეზიდებოდნენ.[11]

მამისონის გზისპირა დვალეთის თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილი იყო მშრალი წყობით ნაშენი სვანური ტიპის ციხე-კოშკები. მთის რაჭასა და ისტორიულ დვალეთში დღემდე შემორჩენილ ციხე-სიმაგრეთა ნაშთებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მათი განლაგება მთის რაჭისა და დვალეთის ტერიტორიებზე კარგად მოფიქრებული და კანონზომიერად გადაწყვეტილი ყოფილა. ამიტომ არსებობს მოსაზრებები მთის რაჭა-დვალეთის თავდაცვით და საბრძოლო სიმაგრეთა ერთიან სისტემაზე, რომლითაც წარსულში სვანეთის მთიულეთი (დღევანდელი მთის რაჭა) და დვალეთი ერთ ბურჯადშეკრულ და მტრისთვის გადაულახავ ზღუდედ ყოფილა აღმართული. როგორც ჩანს, აღნიშნული საბრძოლო და თავდაცვითი სისტემა ემყარებოდა უმთავრესად ხეობა-მდინარეთა და კომუნიკაციების დაცვის აუცილებელ მოთხოვნას. ციხე-კოშკები და გამაგრებული ბურჯები მიჰყვებოდნენ მდინარეების: რიონის, ჩვეშურის, ჭანჭახის სათავეებისაკენ და ფასის მთით მალყარის მდინარე ჩერეკის ხეობის საბრძოლო-თავდაცვით ნაგებობათა სისტემას ერწყმოდნენ. ერთ-ერთი ციხესიმაგერე ბურჯად ედგა მამისონის, ან, როგორც წარსულში უწოდებდნენ „გზაჲ-დვალეთისაჲ“-ს, საიდანაც ჩრდილოეთით მდინარე კასრის ხეობით მიმავალი თავდაცვითი და საბრძოლო ციხე-კოშკების განლაგება დვალეთის გამაგრებულ მთის რაჭულის ანალოგიური სახელით „ქალაქას“ და ზრამაგას (ზარომაგის) გავლით კასრის ჩრდილოეთის საზღვრის მთლიანი და ერთიანი თავდაცვითი სისტემა იქმნებოდა.[28]

მთის რაჭა-დვალეთის ერთიანი თავდაცვითი სისტემა განსაკუთრებით აქტუალურ როლს თამაშობდა საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის საზღვრის დაცვის საქმეში. სწრაფად ხდებოდა საფრთხის შესახებ სხვა კუთხეების ინფორმირება. მთის რაჭველ და დვალ მთიელებს ერთობლივი ბრძოლით ბევრჯერ შეუჩერებიათ მტერი. ხალხური გადმოცემით გლოველთა წინაპრებს უძველესი დროიდან გლოლის მახლობლად, სოფლის ჩრდილო აღმოსავლეთით 8–9 კმ დაშორებით მამისონის მთის პირაქეთა მაღალმთიან სოფლებში უცხოვრიათ: ბუბას (ბაბეური), ძრიწელას, სამაროვანში, ჯერგომში, ჟღიდას, წითელმთას, ბრტყელას, ღადისარში, ღურშევში, ისინი დვალები ყოფილან. ეს მაღალმთიანი სოფლები ერთ დროს ოსებისაგან დვალეთზე გამუდმებულ ყაჩაღურ თავდასხმებს გამუქცეულ დვალთა თავშესაფარი იყო. გლოველები აძლევდნენ მათ თავშესაფარს და მფარველობდნენ, სამოსახლო ადგილებსაც გამოუყოფდნენ თავიანთი სახნავ-სათესი და სათიბ საძოვარი მთებიდან, XVII–XVIII საუკუნეების ძნელბედობის წლებში ასე დაუსახლებიათ მოძმე დვალები ღადისარსა და ღურშევში.[28]

დვალების წარმომავლობისა და დვალური ენის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. ერთნი მათ ირანულენოვან ტომებს და ოსებს აკუთვნებენ. აღნიშნული მეცნიერები ოსეთს ყოფენ ორ ეთნიკურ ჯგუფად: ოსები და დვალები. აღნიშნულ, კერძოდ ოსეთის ორ ეთნიკურ ჯგუფად დაყოფას იზიარებს მთის რაჭული გადმოცემაც, მაგრამ არა ოსურ და დვალურ, არამედ დიგორულ და ირონულ ეთნიკურ ჯგუფებად.

მეორე ჯგუფი კი დვალებს იბერიულ მოდგმად აღიქვამს, ეყრდნობა რა ეთნიკურობასა და რწმენა-ჩვეულებებს. დვალების იბერიულობას ეხმიანება ვახუშტი ბატონიშვილიც, რომლის მიხედვით დვალი დვალეთის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეა, ოსი კი ხიზანი გადამთიელი, რომელიც თათარ-მონღოლთა შემოსევებმა აიძულა თავი შეეფარებინათ კავკასიის მაღალმთიანეთში.

ვიკიციტატა
„ხოლო ისინი შემოივლტოდნენ კავკასიასა შინა და დაიპყრეს კავკასია ნათესავნი რომელ არიან დვალნი. ამისა შემდგომად იწოდნენ სახელითა მათითა ხეობანი.“

დვალების ასიმილაცია და ტომელთა აჭრელება მოხვდურ გადამთიელთა ძალადობით მოხდა. ამ თვალსაზრით საყურადღებოა ნ. ბერძენიშვილის მოსაზრება, რომლის მიხედვით: ჰონთა თუ სხვა ბუნთურქთა შემოჭრის შემდეგ იაფეტიდები კომპაქტური მოსახლეობის სახით უმთავრესად ჩრდილოკავკასიის ზეგნებს შემორჩნენ. იმიერკავკასიის ძირი კი აჭრელდა: იაფეტიდებს აქ გვერდში ამოუდგნენ თურქული თუ ინდოევროპული მოდგმის სხვადასხვა ხალხები.

გიორგი თოგოშვილის მოსაზრებით, XIII საუკუნის 40-იანი წლებისათვის კავკასიაში ოსთა მასობრივი შემოღწევის ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ და იმ დროის მიმდინარე მოვლენებზე დამაჯერებლად წერდნენ ცნობილი ქართველი მემატიანეები ჟამთააღმწერელი, ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი და სხვები. ვასილ აბაევმა ოსური ენისა და ტოპონიმების შესწავლის საფუძველზე პირველმა ჩამოაყალიბა დებულება ძველი დვალების იბერულ-კავკასიურ ტომად მიჩნევის შესახებ, დვალური ენაც იბერიულ-კავკასიურ ენობრივ წრეს მიეკუთვნა. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური კავკასიის მთიანეთში უძველესი დროიდან ქართული ეთნიკური ელემენტი იყო განსახლებული.

ვალაგირ-ფაიქომი არის ერთ-ერთი ხეობის სახელწოდება. ი. კლაპროთს ფაიქომი მდ. ფაიგდონის მარცხენა შენაკადად, ფაინაგიდონის ანუ კარტაიდონის ქართული სახელწოდებად მიაჩნია.

დვალეთის ქართული წარმომავლობის ტოპონიმთა შორის საინტერესოა „კუდარო“, რომლის შინაარსობრივი ახსნა ოსურ ან სხვა ენაზე არ ხერხდება გარდა ქართულისა, რომელიც სიტყვა „მკვდარო“-საგან წარმომდგარა, მკვდარო — აქედან მკუდარო.

ლეგენდის თანახმად მტერთაგან აოხრებული და მოსახლეობისაგან დაცლილი მხარე, რომ უნახავს ადგილობრივ მკვიდრ დედაკაცს, ცხარე ცრემლით დაუტირია, მოთქმით უთქვამს:

წინათ ხალხმრავალო და ნათელო,

აწ, გაუხარელო და კუდარო,

ჩემო მშობლიურო მხარეო.

მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დვალეთში ქართული მატერიალური კულტურის ბევრი ძეგლი იყო, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. კასრის კარი იყო „კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თუნიერ მათსა ოვსნი“; ზრამაგაში იყო „ციხე დიდი, ფრიად მაგარი, იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფისაგან, და დაბა კოშკოვანი“ (ვახუშტი). ვახუშტი ზახაში ეკლესიის არსებობაზე მიუთითებდა. დვალეთი წარსულში, ისევე როგორც საქართველოს მთის სხვა პროვინციები, კოშკებით იყო დაფარული.[22]

  • თოფჩიშვილი რ., დვალეთი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • თოფჩიშვილი რ., დვალეთი და დვალები, თბ.: „უნივერსალი“, 2016. — 252 გვ, ISBN 978-9941-22-796-7.
  • თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ.: „საჩინო“, 2017. — 515 გვ, ISBN 978-9941-0-9830-7.
  • რეხვიაშვილი სპ., მთის რაჭველ და დვალ მთიელთა ძმობა // გაზ. „რაეო“, 1999 წ. აპრილი, №4, 6, 7.
  • გვრიტიშვილი დ., დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის // ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XIV სს), თბ., 1962.
  • ქართლის ცხოვრება / ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. IV, თბ., 1973.
  • ჯავახიშვილი ივ., საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, ტფ.: სახელმწიფო სტამბა, 1919.
  • Техов Б. В. Очерки древней истории и археологии Юго-Осетии. — Тб., 1971.
  • Гамрекели В. Н. Двалы в Двалетия в I – XV вв. н. э. — Тб., 1961.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 გვასალია, 1978, გვ. 490
  2. 2.0 2.1 გამყრელიძე ბ., ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიიდან (ეთნონიმების „ოსი“ და „დვალი“-ს მიმართების საკითხისათვის) // საისტორიო ძიებანი, I, თბ., 1998. — გვ. 82, 100.
  3. თოფჩიშვილი რ., გეოგრაფიული გარემო და კავკასიელთა ეთნიკური კულტურა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 186, ISBN 978-9941-26-223-4.
  4. თოფჩიშვილი, 2017, გვ. 170
  5. ქართლის ცხოვრება, 1973, გვ. 635
  6. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. — გვ. 349.
  7. 7.0 7.1 ჯავახიშვილი, 1919, გვ. 7
  8. თოგოშვილი გ., საქართველო-ოსეთის ურთიერთობა, XV–XVIII ს.ს. / რედ. უ. ბახტაძე, „საბჭოთა საქართველო“, 1969. — გვ. 11–12.
  9. ქართლის ცხოვრება, 1973, გვ. 639–644
  10. ქართლის ცხოვრება, 1973, გვ. 645
  11. 11.0 11.1 ჯავახიშვილი, 1919, გვ. 8
  12. 12.0 12.1 თოფჩიშვილი, 2012, გვ. 389
  13. 13.0 13.1 თოფჩიშვილი, 2016, გვ. 37
  14. ჯავახიშვილი, 1919, გვ. 9
  15. ძიძიგური შ., ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან, თბ., 1954. — გვ. 251.
  16. კოტეტიშვილი ვ., ხალხური პოეზია, ქუთ., 1934. — გვ. 81.
  17. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 193
  18. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 31
  19. 19.0 19.1 თოფჩიშვილი, 2016, გვ. 190
  20. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 32–33
  21. 21.0 21.1 21.2 თოფჩიშვილი, 2016, გვ. 186–187
  22. 22.0 22.1 თოფჩიშვილი, 2012
  23. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 195
  24. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 10
  25. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 202
  26. თოფჩიშვილი, 2016, გვ. 39–40
  27. ჯანელიძე ო., დროებითი ადმინისტრაციული ერთეული (ისტორია და თანამედროვეობა). — ცხინვალის რეგიონი (2004-2007): სეპარატიზმისა და რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, თბ., 2008. — გვ. 28.
  28. 28.0 28.1 28.2 დვალეთი. visualanthropology.iliauni.edu.ge. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]