შინაარსზე გადასვლა

Datura stramoniom

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Datura stramoniom — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, სწორმდგომი, 120 სმ-მდე სიმაღლის ღეროთი. ღერო შიშველია, ორთითასებრ დატოტვილი; ფოთლები დიდია, ქვედა 20 სმ სიგრძისა, კვერცხისებრი ფორმის, წაწვეტებული, ზედა მხარეზე მუქი მწვანე, ქვედაზე - შედარებით ღია, ფოთლების ყუნწები და ძარღვები დაფარულია ბუსუსებით. . ყვავილები დიდია, მარტოული, განწყობილია ღეროს განშტოებებში. გვირგვინი თეთრია, ძაბრისებრი, ნაოჭიანი, 5-6 ნაკვთიანი, წაწვეტებული გადანაღუნით, გვირგვინის მილი 6-7 სმ სიგრძისაა, ჯამზე ორჯერ გრძელი. ჯამი მილისებრია, 5-კბილიანი, 5-წახნაგოვანი. მტვრიანა 5, სამტვრეები გასწვრივ იხსნება. ნაყოფი კვრეცხისებრი ან თითქმის სფერული ფორმის კოლოფია, მაგარი ეკლებით მოფენილი, მომწიფებისას იხსნება 4 საგდულით. თესლი მრავალია, შავი ფერის. მცენარე ყვავილობს VI-X, ნაყოფიანობს VII-დან.

მეორე სახეობა - უვნებელი ლემა (innoxius - ლათ. უვნებელს მიშნავს) ერთწლოვანი ბალახია, ღერო სწორმდგომი 150 სმ სიმაღლის, ძლიერ დატოტვილი. ფოთლები და მთელი მცენარე მოფენილია მოკლე და მონაცრისფრო ბეწვით. ფოთლები კვერცხისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი ფორმისაა, არათანაბრად ამოკვეთილი ძირით, ფოთლის ფირფიტა ამოკვეთილ-დაკბილულია ან კიდემთლიანი, 3-10 სმ სიგრძისა. გვირგვინი ძაბრისებრია, თეთრი ფერის, 15(20) სმ სიგრძის, სუსტად გამოხატული 10 წამახვილებული კბილით. ჯამი მილისებრია, 5 კბილიანი; მტვრიანა 5, ნაყოფი (3) 4-6 სმ დიამეტრის კოლოფია, მოფენილია ხშირი ბლაგვი, ნემსისებრი ეკლებით, თესლი მრავალია, ყვითელი ფერის. მცენარე ყვავილობს VI-X, ნაყოფიანობს VIII-XI.

ლემა სარეველა მცენარეა, იზრდება მთის ქვედა სარტყელამდე, გზის პირებზე, ბოსტნებში, რუდერალურ ადგილებში აფხაზეთში, ლეჩხუმში, აჭარაში, ქართლში, კახეთში. ხშირია აზერბაიჯანშიც. საერთო გავრცელება: ევროპა, შუა და მცირე აზია, აფრიკა, ჩრდ. და სამხ. ამერიკა. მეტად ხელსაყრელია კულტივირება. უვნებელი ლემა ტროპიკული მცენარეა, სამშობლოა მექსიკა. კულტურაშია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში: სამხ. ჩინეთში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, აშშ-სა (ფლორიდა) და სხვ. ჩვენთან აშენებენ ერთწლოვანი კულტურის სახით. კარგად იტანს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატს.

მედიცინაში გამოყენება. ლემას ფოთლებსა და უვნებელი ლემას თესლს (ნაყოფსაც) იყენებენ როგორც სამრეწველო ნედლეულის სკოპოლამინისა და ატროპინის მისარებად. სკოპოლამინის სკოპინისა და ტროპის მჟავას რთული ეთერია. ის ქიმიურად ახლოსაა ატროპინთან, ამიტომ მის მსგავსად იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აგანიერებს თვალის გუგას, ამცირებს საჭმლის მომნელებელი და საოფლე ჯრკვლების სეკრეციას, შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტი. ზოგჯერ იყენებენ ფსიქიატრიულ პრაქტიკაში, როგორც დამამშვიდებელს, ხოლო ნევროლოგიაში პარკისონიზმის საწინაარმდეგოდ. ლემას ფოთლებისაგან ამზადებენ ასთმათოლს, ასევე გარედან სახმარად „ლემას ზეთს“, ხოლო უვნებელი ლემას თესლებისაგან პრეპარატ „აერონს“, რომელსაც უნიშნავენ ზღვისა და ჰაერის დაავადებებისას. ჰომეოპათიაში ნედლი მცენარის ესენციას იყენებენ კრუნჩხვების, ენაბლუობის, ეპილეფსიის, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის შემთხვევაში.

  • ლინა ერისთავი. „ფარმაკოგნოზია“. თბ., 2005 წელი
  • ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. „მეცნიერება“:. თბილისი.2000 წელი
  • Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. მეორე დეპო — გამოცემა. ჟურნალი „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. „ქართული სამედიცინო ენციკლოპედია“. თბილისი, 2005 წელი. „ტექინფორმის“ დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სტატია ჟურნალში „მცენარეთა მეცნიერებები:2009 წელი
  • ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980 წელი
  • ქსე 9. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983 10. საქართველოს ფლორა. I - XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წელი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Datura_stramoniom“-დან