ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი — მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. მეფე მავსოლეს საფლავი. ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ის ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ. წ. 353 ან 352 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ. წ. IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.
XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ. იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებმა სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.
XIX საუკუნის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Tomb of Mausolus
- Livius.org: Mausoleum of Halicarnassus დაარქივებული 2009-09-29 საიტზე Wayback Machine.