ფერდინანდ I (სრი)
ფერდინანდ I (დ. 10 მარტი 1503; ალკალა-დე-ენარესი, ესპანეთი — გ. 25 ივლისი 1564; ვენა, ავსტრია) — საღვთო რომის იმპერატორი 1558 - 1564 წლებში; ასევე იყო 1526 წლიდან უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე, 1527 წლიდან კი ხორვატიის მეფეც, სიკვდილამდე. ტახტზე ასვლამდე კი თავისი ძმის, იმპერატორ კარლ V-ის სახელით მართავდა ავსტრიულ სამემკვიდრეო მიწას ჰაბსბურგთა მხრიდან. ზეობის პერიოდში ფერდინანდის მთავარი გამოწვევა იყო შეჯიბრი ოსმალეთის იმპერიასთან, რომელმაც განსაკუთრებით დიდ წარმატებას 1520-იან წლებში მიაღწია მთელი ცენტრალური ევროპის მასშტაბით; ასევე, რეფორმაცია, რომელმაც შედეგად მოიტანა ქრისტიანული რელიგიის კიდევ რამდენიმე მიმართულებად დაყოფა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერდინანდი 1503 წლის 10 მარტს დაიბადა ესპანეთის ქალაქ ალკალა-დე-ენარესში. იგი დედოფალ ისაბელ კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ არაგონელის უფროსი ასულის, ხუანა შეშლილისა და მისი ქმრის, საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ძის, ფილიპე ლამაზის უმცროსი ვაჟი იყო. მას სახელი სწორედ დედის მამის, ფერდინანდ არაგონელის პატივსაცემად დაარქვეს და ამის გამო იგი ბაბუის განსაკუთრებული სიყვარულითაც სარგებლობდა.
1504 წელს დედოფალი ისაბელი გარდაიცვალა და კასტილიის ტახტს ფერდინანდის მშობლები იკავებენ. ფერდინანდ არაგონელს არ მოსწონდა თავისი სიძის გამეფების იდეა, რის გამოც 1506 წელს ფილიპე ლამაზი გარდაიცვალა, არსებული ვერსიებით, იგი სწორედ სიმამრმა მოწამლა. ამის შემდეგ ფერდინანდის დედა, დედოფალი ხუანა შეშლილად გამოაცხადეს და მონასტერში გამოკეტეს, ბავშვებზე მეურვეობა კი ჩამოართვეს. პრინცი ფერდინანდი და მისი უმცროსი და, პრინცესა ეკატერინე ბაბუასთან დარჩნენ ესპანეთში და მის სამეფო კარზე იზრდებოდნენ და იღებდნენ განათლებას, მათი უფროსი და-ძმები - ელეონორა, კარლი, მარია და იზაბელა კი ნიდერლანდებში წაიყვანეს, სადაც ბრიუსელის სამეფო კარზე მათი დაქვრივებული მამიდის, მარგარეტ ავსტრიელის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდნენ.
უნგრეთი და ოსმალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1515 წელს იმპერატორმა მაქსიმილიანმა და უნგრეთის მეფე ვლადისლავ II-მ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ავსტრიისა და უნგრეთის დაახლოვებას დინასტიური ქორწინებების გზით. ამის მიხედვით ფერდინანდს ცოლად უნდა შეერთო ვლადისლავის ასული, პრინცესა ანა იაგელონი, მეორეს მხრივ კი ფერდინანდის და, პრინცესა მარია ცოლად უნდა გაჰყოლოდა ვლადისლავის ერთადერთ ძესა და მემკვიდრეს, პრინც ლაიოშს. ქორწინებები გეგმის მიხედვით შედგა - ფერდინანდი ანაზე დაქორწინდა, მარია კი - ლაიოშზე.
1526 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I შეიჭრა უნგრეთში, მოჰაჩის ბრძოლაში გაანადგურა მთელი უნგრული არმია და ამავე ბრძოლაში უშვილოდ გარდაიცვალა 20 წლის მეფე ლაიოშ II-ც, რის შემდეგაც ოსმალებმა მარტივად დაიკავეს დედაქალაქი ბუდა და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი უნგრეთი. ფერდინანდის დამ, დედოფალმა მარიამ მოახერხა ძმისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთის შენარჩუნება და დიდებულთა დარწმუნება, რომ ფერდინანდი ახალ მეფედ აერჩიათ. ფერდინანდის მემკვიდრეობის წყაროს მთლიანად მისი ცოლი, დედოფალი ანა წარმოადგენდა, რომელიც ძმის უშვილოდ სიკვდილის შემდეგ ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ იქცა და შესაბამისად, მის მეუღლეს შეეძლო ტახტის დაკავება. სწორედ ამ პირობებში 1526 წლის ოქტომბერში ფერდინანდი ჯერ უნგრეთისა და ხორვატიის მეფედ ეკურთხა, შემდეგ კი უკვე ნოემბერში ბოჰემიის მეფედაც.
საქმეს ის ართულებდა, რომ ოსმალებს არ სურდათ ჰაბსბურგების უნგრეთში გაბატონება და მხარს ამბიციურ ტრანსილვანიელ დიდგვაროვანს, იანოშ ზაპოლიას უჭერდნენ, რომელიც მათ უნგრეთის მეფედ გამოაცხადეს, თუმცა იანოშის სამფლობელოები ტრანსილვანიას არ სცდებოდა, ცენტრალური უნგრეთი კვლავ ოსმალების ხელში იყო, ჩრდილო და დასავლეთ უნგრეთი კი ფერდინანდის მხარეს დადგა. 1527 წელს ფერდინანდმა იანოშ ზაპოლია ტარკალის ბრძოლაში დაამარცხა, უკვე 1528 წელს კი შინას ბრძოლაშიც, რის შემდეგაც ზაპოლია ქვეყნიდან გაიქცა და დახმარება ისევ სულთანს სთხოვა.
სულთანი სულეიმანი ზაპოლიას თხოვნით კვლავ დაბრუნდა უნგრეთში დიდი ლაშქრით და იგი მეფედ გამოაცხადა აღმოსავლეთ პროვინციებში. არსებული უპირატესობებით უნგრეთში მყოფმა სულეიმანმა ისარგებლა და 1529 წელს ავსტრიაშიც გადავიდა, სადაც მან ალყა პირდაპირ დედაქალაქ ვენას შემოარტყა, რაც ფერდინანდის მმართველობის ისტორიაში ყველაზე სახიფათო მომენტი იყო, თუმცა მკაცრი ზამთრის გამო სულეიმანმა წარმატებას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა მოეხსნა ალყა და უკან გაბრუნებულიყო. 1532 წელს ფერდინანდმა თურქების კიდევ ერთი შემოსევა მოიგერია წარმატებით, რის შემდეგაც უკვე შეძლო ოსმალეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და შეთანხმების მიღწევა, რითაც უნგრეთი ოფიციალურად გაიყო სამად: აღმოსავლეთ უნგრეთი (ტრანსილვანია) რჩებოდა ზაპოლიას, ცენტრალური უნგრეთი - ოსმალეთს, ხოლო ჩრდილოეთ (თანამედროვე სლოვაკეთი) და დასავლეთ უნგრეთი, ასევე ხორვატია, მთლიანად ფერდინანდს დარჩა.
1538 წელს ნადივარადის ხელშეკრულებით ფერდინანდმა აიძულა უშვილო იანოშ ზაპოლია, რომ იგი თავის მემკვიდრედ დაესახელებინა, თუმცა 1540 წელს, სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე ზაპოლიას თავისი ერთადერთი ვაჟი შეეძინა, რომელიც ტრანსილვანიელებმა ფერდინანდის ნაცვლად აირჩიეს მეფედ. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ფერდინანდი უნგრეთში შეიჭრა, რის გამოც მცირეწლოვანი ზაპოლიას დედამ, იზაბელა იაგელონმა დასახმარებლად ისევ სულთან სულეიმანს მიმართა. 1541 წელს სულეიმანი ხელახლა შეიჭრა უნგრეთში და ბუდას ალყა შემოარტყა. ამ შემოჭრისას ფერდინანდი დამარცხდა და იძულებული გახდა არა მხოლოდ ეღიარებინა იანოშ ზაპოლიას ძე ტრანსილვანიის მმართველად, არამედ ოსმალებისათვის ხარკის ხდასაც დათანხმდა.
იანოშ II ზაპოლიას თურქების გარდა მხარს პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-ც უჭერდა, რომელიც დედამისის, დედოფალ იზაბელა იაგელონის მამა იყო და შესაბამისად ემხრობოდა საკუთარი შვილიშვილის მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამიტომ 1543 წელს ფერდინანდმა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ამ კონფლიქტში პოლონეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, პოლონეთ-ავსტრიის დაახლოვების განმტკიცებისთვის კი ფერდინანდმა თავისი უფროსი ასული, პრინცესა ელისაბედი მეფე სიგიზმუნდის ძეს, პრინც სიგიზმუნდს მიათხოვა.
მცირეწლოვანი იანოშ ზაპოლიას ნაცვლად აღმოსავლეთ უნგრეთს დედამისი მართავდა, რომელსაც სამეფო კარზე ბევრი მტერი ჰყავდა. ვარადის ეპისკოპოს გეორგ მარტინუძის ხელშეწყობით 1549 წელს ფერდინანდის ჯარები ტრანსილვანიაში შევიდნენ. ამ დროისათვის სულთანი სულეიმანი დედოფალ იზაბელას ვეღარ დაეხმარა და ორწლიანი ალყის შემდეგ, 1551 წელს დათანხმდა თავისი შვილის თანამდებობიდან გადაყენებასა და სამეფო რეგალიების ფერდინანდისთვის გადაცემას, რის შემდეგაც აღმოსავლეთ უნგრეთსა და ტრანსილვანიაშიც ფერდინანდის ძალაუფლება გავრცელდა. იმავდროულად, გენერალმა კასტალდომ დაარწმუნა მეფე ფერდინანდი, რომ ეპისკოპოსი მარტინუძი მას ოსმალებთან ღალატობდა, რის გამოც მისი ბრძანებით იგი მოკლეს. იქიდან გამომდინარე, რომ მარტინუძი კათოლიკური ეკლესიის კარდინალი და ეპისკოპოსი იყო, ამ ამბით შეშფოთებულმა რომის პაპმა იულიუს III-მ ფერდინანდიც და კასტალდოც განკვეთა ეკლესიიდან. საბოლოოდ სასამართლოზე 116-მა მოწმემ დაადასტურა მარტინუძის ღალატის ფაქტები მეფისა და ეკლესიის წინაშე, რის შემდეგაც 1555 წელს პაპმა გაამართლა ფერდინანდი და კასტალდო და გააუქმა მათი განკვეთა.
ომი უნგრეთისათვის გრძელდებოდა. საბოლოოდ ფერდინანდმა ვეღარ შეძლო ოსმალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და 1554 წელს ელჩი გააგზავნა კონსტანტინოპოლში სულთან სულეიმანთან, მაგრამ ვერაფერს გახდა. 1556 წელს ოსმალებმა იანოშ II ზაპოლია ტრანსილვანიის, იგივე აღმოსავლეთ უნგრეთის მეფედ დააბრუნეს და ეს თანამდებობა 1570 წლამდე შეუნარჩუნეს.
ბრძოლა უნგრეთის დაუფლებისთვის ოსმალებსა და ფერდინანდის შთამომავალ ჰაბსბურგებს შორის გაგრძელდა XVII საუკუნის ბოლომდე და საბოლოოდ ჰაბსბურგების გამარჯვებით დასრულდა, როდესაც ლეოპოლდ I-მა მთელი უნგრეთი გაათავისუფლა თურქებისაგან და თავად მისი მეფე გახდა.
ძალაუფლების კონსოლიდაცია ბოჰემიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1526 წელს, ლაიოშ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ფერდინანდი ბოჰემიის მეფე ხდება. მართალია უნგრეთისგან განსხვავებით ბოჰემიის ტახტზე მას არავინ ედავებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში სიტუაციას ბოჰემიაში არსებული რელიგიური მდგომარეობა ართულებდა. ბოჰემია რელიგიურად საკმაოდ ჭრელი სამეფო იყო, რომელიც დასახლებული იყო გერმანელი კათოლიკეებისა და ლუთერანებისგან, ისევე, როგორც ჩეხი კათოლიკეებისა და ჰუსიტებისაგან. ჰაბსბურგების მკაცრი კათოლიკური მმართველობა და ინკვიზიცია ებრძოდა ყველა სხვა რელიგიურ მიმდინარეობას, განსაკუთრებით კი ლუთერანებსა და ჰუსიტებს, რაც ფერდინანდს ბოჰემიაში არაპოპულარულ მმართველად აქცევდა. აღსანიშნავია, რომ თავიდან ფეოდალებს ფერდინანდმა რელიგიური თავისუფლება მისცა, მაგრამ 1540 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. სიტუაციის ცვლილება იმან გამოიწვია, რომ გერმანიაში მიმდინარე რელიგიურ ომებში ბოჰემიაში მცხოვრები ჩეხი და გერმანელი პროტესტანტები ლუთერანებს თანაუგრძნობდნენ და ფერდინანდის ძმის, იმპერატორ კარლ V-ის წინააღმდეგ მოხალისეებადაც მიდიოდნენ საომრად.
1547 წელს ფერდინანდი თავის უფროს ძესთან, მაქსიმილიანთან ერთად გაუძღვა ბოჰემიურ ჯარებს იმპერატორ კარლის დასახმარებლად პროტესტანტების წინააღმდეგ. ამის გამო ბოჰემიაში დიდი ამბოხება დაიწყო, რომელიც ფერდინანდმა სასტიკად ჩაახშო. ამან საშუალება მისცა ფერდინანდს, რომ ბოჰემიაში თავისი ძალაუფლება გაეზარდა. მოახდინა თავისი ადმინისტრაციის ცენტრალიზება, ადგილობრივ ფეოდალებს გაუუქმათ მრავალი პრივილეგია და პროტესტანების ნაწილს ქონებაც ჩამოართვა. ამის ფონზე ფერდინანდი მაქსიმალურად აძლიერებდა კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლებას ბოჰემიაში და ხელს უწყობდა იეზუიტების ჩასვლას.
საღვთო რომის იმპერატორობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1556 წელს ფერდინანდის უფროსი ძმა, იმპერატორი კარლ V ტახტიდან გადადგა. მან თავისი უზარმაზარი სამფლობელოები ძმასა და ვაჟს გაუყო. კარლმა საღვთო რომის იმპერია ფერდინანდს დაუტოვა, ესპანეთის იმპერია კი თავის ვაჟს - ფილიპე II-ს. ამის შემდეგ ფერდინანდ I საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის მეფე ხდება.
ფერდინანდის მნიშვნელოვანი გამოგონება იყო Hofkriegsrat (აულის ომის საბჭო), რომელიც ოფიციალურად შეიქმნა 1556 წელს, რათა კოორდინირება გაუწიოს სამხედრო საქმეებს ჰაბსბურგების ყველა ქვეყანაში (საღვთო რომის იმპერიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ). იგი ქმნიდა ჰაბსბურგის მთავრობის ბირთვს ვენაში. რაიხშოფრატი აღორძინდა იმპერიული პრეროგატივების საქმეების მოსაგვარებლად. 1556 წელს გამოიცა განკარგულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ საიმპერატორო და დინასტიური საქმეები განცალკევებული ყოფილიყო (იგივე დაწესებულების მოხელეთა ორი ჯგუფის მიერ). თითოეული Ländergroup-ისთვის შეიქმნა პოლკები (ან მთავრობები) და სახაზინო ოფისები.
ამასთან ერთად, განსხვავებით თავისი ძმისა და წინამორბედი იმპერატორის, კარლისაგან, ფერდინანდი ე.წ. „მომთაბარე“ იმპერატორი არ ყოფილა და უმეტესად ვენაში იმყოფებოდა ხოლმე, რომელიც მისი, როგორც ავსტრიის ერცჰერცოგის რეზიდენცია იყო იმპერატორად გახდომამდე და არც შემდეგ შეუცვლია. 1529 წლის ვენის ალყის შემდეგ იგი ქალაქის აღორძინებასა და გამაგრებაზე კიდევ უფრო მეტად ზრუნავდა და მისი იმპერატორად დანიშვნიდან ორ წელში, 1558 წელს ვენა უკვე მთელი საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქად და ჰაბსბურგთა მონარქიის ცენტრად იქცა.
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1560-იანი წლებიდან ფერდინანდმა ნელ-ნელა დაიწყო მზადება თავისი დიდი იმპერიის მემკვიდრისთვის გადასაცემად. 1562 წელს კურფიურსტებს თავისი უფროსი ძე, ერცჰერცოგი მაქსიმილიანი რომაელთა მეფედ აარჩევინა, რაც ავტომატურად საღვთო რომის იმპერიის მემკვიდრეობას ნიშნავდა. ამავდროულად გადასცა ბოჰემიის ტახტიც, უკვე 1563 წელს კი უნგრეთისა და ხორვატიისაც.
საბოლოოდ იმპერატორი ფერდინანდი 1564 წელს ვენაში გარდაიცვალა 61 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს პრაღაში და იქ წმინდა ვიტის სახელობის კათედრალში დაკრძალეს. მამის შემდეგ ტახტი იმპერატორმა მაქსიმილიან II-მ დაიკავა, რომელიც მის პოლიტიკას განაგრძობდა.
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1521 წლის 26 მაისს ფერდინანდმა ცოლად შეირთო პრინცესა ანა იაგელონი (1503-1547), უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ისა და მისი მესამე, ფრანგი ცოლის, დედოფალ ანა დე ფუა-კანდალის უფროსი ქალიშვილი, მეფე ლაიოშ II-ის უფროსი და. ფერდინანდს ანასთან 15 შვილი შეეძინა, რომელთაგან 13-მა მიაღწია ზრდასრულობამდე. საბოლოოდ ანა 1547 წელს მე-15 მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მან ერცჰერცოგინია იოჰანა გააჩინა. ამის შემდეგ ფერდინანდს სხვა ცოლი აღარ შეურთავს. ანასთან მისი შვილები იყვნენ:
სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ელისაბედი | 9 ივლისი, 1526
ლინცი, ავსტრია |
15 ივნისი, 1545
ვილნიუსი, ლიეტუვა (18 წლის) |
ცოლად გაჰყვა პოლონეთისა და ლიეტუვის მეფე
სიგიზმუნდ II-ს, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ; | |
მაქსიმილიან II | 31 ივლისი, 1527
ვენა, ავსტრია |
12 ოქტომბერი, 1576
რეგენსბურგი, გერმანია (49 წლის) |
ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი მარია ესპანელი,
რომლისგანაც შეეძინა შვილები. მამის შემდეგ იყო საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე. | |
ანა | 7 ივლისი, 1528
პრაღა, ჩეხეთი |
16 ოქტომბერი, 1590
მიუნხენი, გერმანია (62 წლის) |
ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ ალბერტ V-ს,
რომელთანაც შეეძინა შვილებიც. | |
ფერდინანდ II | 14 ივნისი, 1529
ლინცი, ავსტრია |
24 იანვარი, 1595
ინსბრუკი, ავსტრია (65 წლის) |
ტიროლის გრაფი და ავსტრიის ერცჰერცოგი. ცოლად
შეირთო ჯერ ფილიპინა ველსერი, შემდეგ კი თავისი დისშვილი ანა იულიანა გონძაგა, ორივე მათგანთან შეეძინა შვილები. | |
მარია | 15 მაისი, 1531
პრაღა, ჩეხეთი |
11 დეკემბერი, 1581
ჰამბახი, გერმანია (50 წლის) |
ცოლად გაჰყვა იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმს,
რომელთანაც შეეძინა შვილები. | |
მაგდალენა | 14 აგვისტო, 1532
ინსბრუკი, ავსტრია |
10 სექტემბერი, 1590
ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია (58 წლის) |
კათოლიკე მონაზონი. | |
კათარინა | 15 სექტემბერი, 1533
ინსბრუკი, ავსტრია |
28 თებერვალი, 1572
ლინცი, ავსტრია (38 წლის) |
პირველად დაქორწინდა მანტუის ჰერცოგ ფრანჩესკო III
გონძაგაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაჰყვა თავისი დის ქვრივს, მეფე სიგიზმუნდ II-ს, თუმცა შვილები არცერთთან არ ეყოლა. | |
ელეონორა | 2 ნოემბერი, 1534
ვენა, ავსტრია |
5 აგვისტო, 1594
მანტუა, იტალია (59 წლის) |
ცოლად გაჰყვა მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგ
გულიელმო I გონძაგას, რომელთანაც შეეძინა შვილები. | |
მარგარეტი | 16 თებერვალი, 1536
ინსბრუკი, ავსტრია |
12 მარტი, 1567
ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია (31 წლის) |
კათოლიკე მონაზონი. | |
იოჰანი | 10 აპრილი, 1538 | 20 მარტი, 1539
(11 თვის) |
გარდაიცვალა ჩვილობაში. | |
ბარბარა | 30 აპრილი, 1539
ვენა, ავსტრია |
19 სექტემბერი, 1572
ფერარა, იტალია (33 წლის) |
ცოლად გაჰყვა ფერარას, მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ
ალფონსო II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია. | |
კარლ II | 3 ივნისი, 1540
ვენა, ავსტრია |
10 ივლისი, 1590
გრაცი, ავსტრია (50 წლის) |
შუა ავსტრიის ერცჰერცოგი. ცოლად შეირთო მარია ანა
ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები. | |
ურსულა | 24 ივლისი, 1541 | 30 აპრილი, 1543
(1 წლის) |
გარდაიცვალა მცირეწლოვანი. | |
ჰელენა | 7 იანვარი, 1543
ვენა, ავსტრია |
5 მარტი, 1574
ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია (31 წლის) |
კათოლიკე მონაზონი. | |
იოჰანა | 24 იანვარი, 1547
პრაღა, ჩეხეთი |
11 აპრილი, 1578
ფლორენცია, იტალია (31 წლის) |
ცოლად გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო I
მედიჩის, რომელთანაც შეეძინა შვილები. |
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Davies, Norman (1982). God's Playground: A History of Poland. Columbia University Press.
- Hickson, Sally Anne (2016). Women, Art and Architectural Patronage in Renaissance Mantua: Matrons, Mystics, and Monasteries. Routledge.
- Rasmussen, Mikael Bogh (2018). "Vienna, a Habsburg capital redocorated in classical style: the entry of Maximilian II as King of the Romans in 1563". In Mulryne, J.R.; De Jonge, Krista; Martens, Pieter; Morris, R.L.M. (eds.). Architectures of Festival in Early Modern Europe: Fashioning and Re-fashioning Urban and Courtly Space. Routledge.
- Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1934). The Cambridge Modern History. Vol. XIII. Cambridge at the University Press.
- Holland, Arthur William (1911). "Maximilian I. (emperor)" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. Vol. 17 (11th ed.). Cambridge University Press.
- Poupardin, René (1911). "Charles, called The Bold, duke of Burgundy" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. Vol. 5 (11th ed.). Cambridge University Press.
- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand V. of Castile and Leon and II. of Aragon" . Encyclopædia Britannica. Vol. 10 (11th ed.). Cambridge University Press.
- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Isabella of Castile" . Encyclopædia Britannica. Vol. 14 (11th ed.). Cambridge University Press.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- A pedigree of the Habsburg დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
|
|
|