პოლინეზია
პოლინეზია (ძვ. ბერძნ. πολύς νῆσος – ბევრი კუნძული) – კუნძულების ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში, რომელიც შედგება დაახლოებით 1000 კუნძულისაგან. შედის ოკეანეთის შემადგენლობაში და გაბნეულია წყნარი ოკეანის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 23°30’ ჩრ. გ. — 28° ს. გ. და 176° ა. გ. — 109°20’ დ. გ. შორის. პოლინეზიის კუნძულებზე მცხოვრებ მკვიდრ ხალხს ეძახიან პოლინეზიელებს. მათ აქვთ ბევრი მსგავსი საერთო ნიშნები, მათ შორის ენა, კულტურა და სარწმუნოება.[1] ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ისინი არიან გამოცდილი მეზღვაურები, რომლებსაც ღამით ცურვაც შეუძლიათ და ვარსკვლავებზე ორიენტირებაც.
ტერმინი «პოლინეზია» პირველად გამოიყენა ფრანგმა მწერალმა შარლ ბროსმა 1756 წელს და თავიდან გამოიყენებოდა წყნარი ოკეანის ყველა კუნძულთან მიმართებაში. 1831 წელს პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებაში ლექციის დროს ფრანგმა მოგზაურმა, მეზღვაურმა, ოკეანოგრაფმა ჟიულ სებასტიენ სეზარ დიუმონ-დიურვილმა წამოაყენა წინადადება ამ ტერმინის გამოყენების შეზღუდვაზე.
პოლინეზია ქმნის სამკუთხედს, რომლის წვეროებია: ჰავაის კუნძულები ჩრდილოეთით, აღდგომის კუნძული სამხრეთ-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-დასავლეთით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზია შედგება შემდეგი კუნძულების ჯგუფისაგან:
- ჰავაის კუნძულები
- აღდგომის კუნძული
- როტუმა
- სამოას არქიპელაგი
- კუკის კუნძულები
- უოლისი და ფუტუნა
- ტოკელაუ
- ნიუე
- ტონგა
- ტუვალუ
- ლაინის კუნძულები
- ფენიქსის კუნძულები
- ტუბუაი
- მარკიზის კუნძულები
- საზოგადოების კუნძულები
- ტუამოტუს კუნძულები
- გამბიეს კუნძულები
პოლინეზიის ფართობი (ახალი ზელანდიის გარდა) შეადგენს 38 ათას კმ²-ს, მოსახლეობა კი 2 მილიონ ადამიანს (ახალი ზელანდიის გარდა). კუნძულები უპირველეს ყოვლისა ვულკანური ან მარჯნული წარმოშობისაა. ვულკანური კუნძულები მთიანია (სიმაღლე 4000 მეტრზე მეტი; ჰავაის კუნძულებზე 4202 მეტრი), მარჯნული — სწორი, დაბლობი. ჰავაის კუნძულებზე და სამოაზე მოქმედებენ ვულკანები. კუნძულების უმრავლესობა გარშემორტყმულია მარჯნული რიფებით.
აქ შედიან შემდეგი კუნძულთა ჯგუფები: ჰავაის, სამოა, ტონგა, საზოგადოების, მარკიზის, ტუამოტუს კუნძულები, ტუბუაი, ტუვალუ (ყოფილი ელისი), კუკის, ლაინის, ფენიქსის, ასევე ერთეული კუნძულების: აღდგომის კუნძული (რაპანუი), პიტკერნის კუნძულები, ნიუე და სხვა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალ ზელანდიას, რომელიც შედგება ორი დიდი (ჩრდილოეთის და სამხრეთის) და რიგი პატარა კუნძულებისაგან.
სხვა შედარებით დიდი კუნძულებია — ჰავაი, ოაჰუ, მაუი, კაუაი (ჰავაის კუნძულები), სავაი, უპოლუ, ტუტუილა (სამოას არქიპელაგი), ტონგატაპუ (ტონგა), ტაიტი (საზოგადოების), ფატუ-ჰივა, ნუკუ-ჰივა, უა-პუ და ჰივა-ოა (მარკიზის). ეს, როგორც წესი, ვულკანური კუნძულებია, მაგრამ კუნძულების დიდი ნაწილი მარჯნის კუნძულებია.
ბუნებრივი პირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზია მდებარეობს სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ სარტყლებში და უფრო ნაკლებად ზომიერ სარტყლებში. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში ერთ დონეზეა, +24 °C-დან +29 °C-მდე. ნალექები ბევრია — 2000 მმ-მდე წელიწადში. არც თუ იშვიათია ქარიშხალი და ტაიფუნი.
პოლინეზიის ცხოველთა და მცენარეული სამყარო საკმაოდ განსხვავდება კონტინენტალურისგან და ხასიათდება თავისი ენდემურობით. სხვადასხვანაირია მარადმწვანე მცენარეები: არაუკარია, როდოდენდრონი (ლათ. Rhododéndron), კროტონი, აკაცია, ფიკუსი, ბამბუკი, პანდანუსი, პურის ხე. ხმელეთის ცხოველთა სამყარო ღარიბია, კუნძულებზე საერთოდ არაა მტაცებლები და შხამიანი გველები. სამაგიეროდ საკმაოდ მდიდარია სანაპირო წყლები.
საფრანგეთის პოლინეზიის სამხრეთი (ტუბუაის კუნძულები) და პიტკერნის კუნძულები მდებარეობენ ნოტიო სუბტროპიკების ზონაში. ზოგჯერ ცოტათი ცივა, ტემპერატურა ხანდახან ეცემა 18 °С-მდე. ხოლო ახალი ზელანდია მდებარეობს ზომიერ კლიმატურ სარტყელში და ნაწილობრივ სუბტროპიკულში, შესაბამისად აქ უფრო ცივა და კლიმატი ინგლისურთან უფრო ახლოა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიის კუნძულების დასახლების დასაწყისის ზუსტი თარიღის დადგენა საკმაოდ ძნელია. სავარაუდოდ პოლინეზიის მრავალრიცხოვანი კუნძულების პოლინეზიელებით დასახლება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის შუაში და გრძელდებოდა თითქმის 2 ათასი წლის განმავლობაში. პოლინეზიელების ადრეული სამშობლო ბევრი სხვადასხვა დარგის მეცნიერის აზრით იყო აზია. თვითონ პოლინეზიელები თავიანთ პირველ ლეგენდარულ სამშობლოს ეძახიან გავაიკის, ამ სიტყვასთანაა სავარაუდოდ დაკავშირებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ჰავაი, სავაი, ჰივა, იავა. 1846 წელს ჰორაციო ჰეილმა წამოაყენა წინადადება, რომ პოლინეზიელების წინაპრები ცხოვრობდნენ მოლუკის კუნძულების რაიონში.
პოლინეზია ევროპელების მოსვლამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოკეანეთის დასახლებაში დიდი როლი ითამაშეს ავსტრალოიდებმა, რომლებიც დაახლოებით 40 ათასი წლის წინ სახლობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში და დიდ ტერიტორიებზე, რომლებიც კონტინენტალურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ერთად შეადგენდნენ ხმელეთის ერთიან მონაკვეთს, მანამდე სანამ გამყინვარების პერიოდის ბოლოს ოკეანის დონემ არ აიწია 100 მეტრზე და პოლინეზიის რეგიონი კუნძულებად არ გადააქცია. ზუსტად აზიიდან ავსტრალოიდებმა დაიწყეს საკუთარი გზა ავსტრალიაში და ახლომდებარე კუნძულებზე — ახალი გვინეა, მელანეზია.
ავსტრალოიდების შემდეგ ოკეანეთის ისტორიაში გამოჩნდნენ პოლინეზიელების წინაპრები, რომელთა ფიზიკური მონაცემები გახდა შედეგი აზიის მონგოლოიდური, ავსტრალოიდური და და შესაძლო ევროპეიდური ერების ერთმანეთთან შერევისა. პოლინეზიელის რასობრივი სახე ჩამოყალიბდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მხოლოდ შემდეგ გავრცელდა ოკეანეთის კუნძულებზე. დაახლოებით 4 ათასი წლის წინ პოლინეზიელების წინაპრები იძულებული გახდნენ დაეტოვათ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია მონღოლოიდური ჯგუფების ცენტრალური აზიიდან შემოჭრის გამო. ოკეანის დონემ გამყინვარების პერიოდის დამთავრების გამო აიწია, რის შედეგადაც გაქრა ხმელეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩამოყალიბდა ინდონეზიის (მალაის) არქიპელაგი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1500 წელს პროტოპოლინეზიელებმა მიაღწიეს კუნძულებს სუმატრა და იავა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ მათი ყოფნის კვალი აღმოჩენილია კუნძულ სულავესზე.
პოლინეზიელების წინაპრების ყოფნის დამტკიცებად ითვლება «ლაპიტოიდური კერამიკა», რომელიც პირველად არქეოლოგების მიერ ნაპოვნია ახალი კალედონიის ლაპიტაში. «ლაპიტოიდური კერამიკა» გვხვდება მთელ მელანეზიაში, დასავლეთ პოლინეზიაში, ტონგაში და სამოაში. ტონგას კუნძულებზე «ლაპიტოიდური კერამიკის» ყველაზე უფრო ძველი აღმოჩენები მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII საუკუნეს. სამოას კუნძულებზე ასეთი სახის კერამიკა გამოჩნდა სამი ასეული წლის შემდეგ. აღმოსავლეთ პოლინეზიაში ყველაზე უფრო ძველი აღმოჩენები მიეკუთვნება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეს მარკიზის კუნძულებზე. ჰავაის კუნძულების ადამიანებით დასახლება მოხდა III საუკუნეში, ტონგის VI საუკუნეში, აღდგომის კუნძულის VII საუკუნეში, ხოლო კუკის კუნძულების IX საუკუნეში. სამხრეთ ამერიკელი და აზიელი ტომების ზღვაოსნებმა მიაღწიეს მარკიზის კუნძულებს, სადაც მდებარეობს მაოის ცივილიზაციის აკვანი, ხოლო შემდეგ აითვისეს ახლომდებარე არქიპელაგიც.
პოლინეზია ევროპელების მოსვლის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ევროპელი, რომელმაც მიაღწია პოლინეზიას, ითვლება ფერნანდო მაგელანი. მან 1521 წელს მიაღწია ტუამოტუს კუნძულების ერთ-ერთ კუნძულს და მას დაარქვა სან-პაბლო. როდესაც ეს კუნძულები აღმოაჩინეს ევროპელებმა, პოლინეზიური კულტურა მათზე უკვე გავრცელებული იყო 800 წელზე მეტი. ევროპელებთან კონტაქტები მანამდეც არსებობდა, მაგრამ დიდი გავლენა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე მათ ვერ იქონიეს.
ტონგას კუნძულები 1616 წელს აღმოაჩინა იაკობ ლემერმა და ვილემ სხაუტენმა, და 1643 წელს — აბელ ტასმანმა. 1595 წელს მარკიზის კუნძულები აღმოაჩინა ალვარო დე ნეირა მენდანიამ. იაკობ როგევენმა 1722 წელს აღმოაჩინა სამოას ზოგიერთი კუნძული. აბელ ტასმანმა აღმოაჩინა ახალი ზელანდია 1642 წელს, ჯეიმზ კუკმა კუკის კუნძულები და ნიუე, 1767 წელს მოხდა ტაიტის ოფიციალური აღმოჩენა კაპიტან სამუელ უოლისის მიერ. პოლინეზიის შესწავლაში მთავარი როლი შეასრულეს ფრანგმა და რუსმა მეზღვაურებმა: ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, ჟან-ფრანსუა ლაპერუზმა, ივან კრუზენშტერნმა, იური ლისიანსკიმ, ოტო კოცებუმ, მიხეილ ლაზარევმა.
ჰავაელების პირველი კონტაქტი ევროპელებთან შედგა 1778 წელს, ჯეიმზ კუკის ექსპედიციასთან. ადგილობრივებმა ის მიიღეს, როგორც თავიანთი ღმერთი ლონო, რომელიც, ლეგენდის თანახმად, უნდა დაბრუნებულიყო მცურავ კუნძულზე. მაგრამ ხელმეორე ვიზიტის დროს 1779 წელს, კუკი მოკლული იქნა აბორიგენების მიერ, მას შემდეგ რაც ძალის გამოყენებით უნდოდა დაებრუნებინა მოპარული ველბოტი. მაგრამ, ამ შემთხვევას გავლენა არ მოუხდენია სხვა მეზღვაურებთან მშვიდობიან ურთიერთობაზე.
ყველაზე უფრო ცნობილია 1789 წლის ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო პურის ხის ტოტების შეგროვება, რომლებიც ასრულებდნენ საკვების ფუნქციას კარიბის პლანტაციების კოლონისტებისთვის და შავკანიანი მონებისთვის. გემზე მომხდარი ყველაზე ცნობილი ამბოხის ისტორიის სცენა გახდა აფრიანი გემი "ბაუნტი", რომელსაც მეთაურობდა კაპიტანი უილიამ ბლაი. კაპიტანის თანაშემწემ, კრისტიან ფლეტჩერმა და მისმა თანამზრახველებმა დატოვეს გემი ნავის მეშვეობით და დამკვიდრდნენ კუნძულ პიტკერნზე (კუნძულ მანგარევასა და აღდგომის კუნძულს შორის), ჩამოხრჩობისაგან თავის დასახსნელად.[2]
XVIII საუკუნეში გაჩნდა სიტყვა "პოლინეზია", რომელიც გამოხატავდა მრავალრიცხოვან კუნძულებს, აღმოჩენილს "სამხრეთის ზღვებში" ევროპელი მეზღვაურების მიერ. დიდი "სამხრეთი კონტინენტის" ხანგრძლივი ძებნის პროცესში, რომელსაც, მაშინდელი ეპოქის მეცნიერების აზრით, უნდა "გაეწონასწორებინა სამყარო", მეზღვაურებს გზაში ხვდებოდა მხოლოდ პატარა კუნძულები, რომლებსაც არ ჰქონდათ განსაკუთრებული სიმდიდრე.
1797 წლიდან პოლინეზიის კუნძულებზე თავის მოღვაწეობას იწყებენ ქრისტიანი მისიონერები ლონდონის მისიონერთა საზოგადოებიდან, რომლებიც ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა პაგანიზმიდან მოექცია ქრისტიანობაზე. 1836 წლიდან პოლინეზიის ისტორიაში იწყება ახალი ეტაპი — კუნძულებზე გამოჩნდნენ ფრანგი კათოლიკე-მისიონერები. XIX საუკუნის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებს შორის აქ მიმდინარეობდა ბრძოლა კოლონიების ხელში ჩასაგდებად. დასავლეთი სამოა ეკუთვნოდა გერმანიას, დანარჩენი ტერიტორიები დაყოფილი ჰქონდათ დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს. ყველაზე დიდი სამფლობელო — საფრანგეთის პოლინეზია, დღემდე რჩება საფრანგეთის საკუთრებად, 1840 წელს ბრიტანელების მიერ დაპყრობილი ახალი ზელანდია, დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა თანამეგობრობის შემადგენლობაში (1907 წელს მიიღო დომინიონის სტატუსი) და ფლობს სამ ტერიტორიას: კუკის კუნძულები, ნიუე და ტოკელაუ. XIX საუკუნის ბოლოს კუნძულების ნაწილი მოხდა აშშ-ის პროტექტორატის ქვეშ. 1959 წელს აშშ-მა ჰავაის კუნძულები გამოაცხადა საკუთარ შტატად.
ХХ საუკუნის მეორე ნახევარში ზოგიერთმა კუნძულმა მიაღწია დამოუკიდებლობას.
პოლიტიკური დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებელი ქვეყნები (ან მათი ადმინისტრაციული ერთეულები)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიაში მდებარეობს 5 დამოუკიდებელი ქვეყანა და 2 დამოუკიდებელი ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეული: აშშ-ის ჰავაის შტატი და ჩილეს პროვინცია აღდგომის კუნძული. ამას გარდა კირიბატის გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა მდებარეობენ მიკრონეზიაში, რომლებშიც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ხოლო ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობენ პოლინეზიაში.
№ | სახელმწიფო | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
დედაქალაქი | ვალუტა |
---|---|---|---|---|---|---|
1 | კირიბატი[3] | 811 | 96 335 | 118,8 | სამხრეთი ტარავა[4] | AUD (Australian Dollar) |
2 | ახალი ზელანდია[5] | 268 680 | 4 108 037 | 14,5 | უელინგტონი | NZD (New Zealand Dollar) |
3 | სამოა | 2935 | 178 631 | 60,7 | აპია | WST (Samoan tala) |
4 | ტონგა | 748 | 106 137 | 141,9 | ნუკუალოფა | TOP (Tongan pa’anga) |
5 | ტუვალუ | 26 | 11 146 | 428,7 | ფუნაფუტი | AUD (Australian Dollar) |
6 | აღდგომის კუნძული (ჩილე) | 163,6 | 5806 | 23,1 | ჰანგა-როა | CLP (Chilean Pesso) |
7 | ჰავაის შტატი (აშშ) | 28 311 | 1 211 537 | 72,83 | ჰონოლულუ | USD (USA Dollar) |
სულ | 301 674,6 | 5 717 629 | 18,95 |
დამოკიდებული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიაში მდებარეობენ ახალი ზელანდიის კუთვნილი კუკის კუნძულები, ნიუე და ტოკელაუ, აშშ-ის კუთვნილი ამერიკის სამოა და 7 კუნძული, დიდი ბრიტანეთის კუთვნილი პიტკერნის კუნძულები და საფრანგეთის კუთვნილი საფრანგეთის პოლინეზია და უოლისი და ფუტუნა (სულ 14 დამოკიდებული ტერიტორია).
№ | ტერიტორია | მეტროპოლია | ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით) |
მოსახლეობის სიმჭიდროვე (ად./კმ²) |
დედაქალაქი | ვალუტა |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ჯონსტონი | აშშ | 2,52 | —[6] | — | — | |
2 | მიდუეი | აშშ | 6,23 | —[7] | — | — | |
3 | პალმირა | აშშ | 6,56 | —[8] | — | — | |
4 | ბეიკერი | აშშ | 1,24 | დაუსახლებელი | — | — | |
5 | ჯერვისი | აშშ | 4,45 | დაუსახლებელი | — | — | |
6 | ჰოულენდი | აშშ | 1,62 | დაუსახლებელი | — | — | |
7 | კინგმენის რიფი | აშშ | 0,01 | დაუსახლებელი | — | — | |
8 | ამერიკის სამოა | აშშ | 199 | 68 688 | 345,2 | პაგო-პაგო, ფაგატოგო[9] | USD (USA Dollar) |
9 | კუკის კუნძულები | ახალი ზელანდია | 236,7 | 20 811 | 86,7 | ავარუა | NZD (New Zealand Dollar) |
10 | ნიუე | ახალი ზელანდია | 261,46 | 2134 | 8,2 | ალოფი | NZD (New Zealand Dollar) |
11 | ტოკელაუ | ახალი ზელანდია | 10 | 1431 | 143,1 | —[10] | NZD (New Zealand Dollar) |
12 | პიტკერნის კუნძულები | დიდი ბრიტანეთი | 47 | 47 | 10 | ადამსტაუნი | NZD (New Zealand Dollar) |
13 | საფრანგეთის პოლინეზია | საფრანგეთი | 4167 | 257 847 | 61,9 | პაპეეტე | XPF (ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი) |
14 | უოლისი და ფუტუნა | საფრანგეთი | 274 | 15 585 | 56,9 | მატა-უტუ | XPF (ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი) |
სულ | 5217,79 | 366 543 | 70,25 |
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიელები — წყნარ ოკეანეში პოლინეზიის კუნძულებზე მცხოვრები მონათესავე ხალხის ჯგუფია. მათი ენები ეკუთვნის ავსტრონეზიული ენების ოჯახის პოლინეზიური ენების ჯგუფს. რასობრივი ტიპი — შერეული, პოლინეზიელების შეხედულებაში იკვეთება მონღოლოიდური და ავსტრალოიდური რასების ნაკვთები, რომელთა თანაფარდობა პოლინეზიის სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვაა. პოლინეზიელების საერთო რაოდენობა რეგიონში — 1 120 000 ადამიანია.
ცალკეული ხალხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰავაელები
- მანგარეველები
- მაორები
- მარკიზელები
- ნიუელები
- ტუამოტუელები
- რაპანუელები
- სამოელები
- ტაიტელები
- ტოკელაუელები
- ტონგელები
- ტუბუაელები
- ტუვალუელები
- უვეელები
- ფუტუნაელები
ენები და ხალხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზია მიკრონეზიასთან და მელანეზიასთან ერთად ოკეანეთის ნაწილია. ეს ნაწილები იყოფა ეთნიკური მნიშვნელობის მიხედვით, ყოველი ნაწილის მოსახლეობა შეადგენს ნათესაური ენების ენობრივ ჯგუფს, და ისინი ყველა ერთად შედიან ავსტრონეზიული ენების ოჯახში.
უფრო ხშირად ხალხის და ენის დასახელება მსგავსია და წარმოქმნილია კუნძულების ჯგუფის დასახელებისაგან. პოლინეზიის ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ხალხია: ჰავაელები, სამოელები, ტაიტელები, ტონგელები, მაორები (ახალზელანდიელი), მარკიზელები, რაპანუელები, ტუამოტუელები, ტუვალუელები, ტოკელაუელები, ნიუელები, პუკაპუკელები, ტონგარეველები, მანგარეველები, მანიჰიკელები, ტიკოპიელები, უვეელები, ფუტუნაელები და სხვები. ენები: შესაბამისად ჰავაური, სამოური, ტაიტური, ტონგური (მასთან საკმაოდ ახლოა ნიუეს ენა), მაორიული (აქვს დიალექტები: რაროტონგა და აიტუტაკი კუკის კუნძულებზე), მარკიზული (ჰივას ენა), რაპანუული, ტოკელაუური, ტუვალუური, ტუამოტუური და ტუბუაური (საკმაოდ ახლოა ტაიტურთან), მანგარევული და სხვა.
პოლინეზიური ენების დამახასიათებელი ნიშნებია — ბგერების ნაკლები რაოდენობა, განსაკუთრებით თანხმოვნების, ხმოვნების სიჭარბე. ასე მაგალითად, ჰავაურ ენაში სულ 15 ბგერაა და მათ შორის მხოლოდ 7 თანხმოვანია (ვ, ჰ, კ, ლ, მ, ნ, პ). ყველა ენაში გვხვდება ბგერა რ ან ლ, მაგრამ ერთად ეს ბგერები არც ერთ ენაში არ გვხვდება.
პოლინეზიელების ენები ისე ახლოს დგანან ერთმანეთთან, რომ მაგალითად ტაიტელებს, ესმით ჰავაელების, თუმცა მათ ყოფს უზარმაზარი სივრცე.
ყოფაცხოვრება და მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიელების ძირითადი საქმიანობაა — ხელით ტროპიკული მიწადმოქმედება, ზოგჯერ ხელოვნური მორწყვით. მოჰყავთ შემდეგი კულტურები: ტარო, იამსი, ბატატი, შაქრის ლერწამი, ქოქოსის პალმა, პურის ხე, ბანანი. კუნძულელები ასევე მისდევენ მეცხოველეობას და მეთევზეობას.
შინაური ცხოველებიდან მათ იცოდნენ მხოლოდ ღორი, ძაღლი და ქათამი, მანგაიას (კუკის კუნძულები) გარდა, სადაც არ იყვნენ ღორები, მარკიზის კუნძულების გარდა, სადაც არ იყვნენ ძაღლები, და რაპაიტის გარდა, სადაც ცხოველები საერთოდ არ იყო.
ძველად ზოგიერთ კუნძულზე ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს, რომელიც განპირობებული იყო რწმენით, რომ შეჭმულ ღვიძლს, ტვინს ან საერთოდ მტრის ხორცს გადმოაქვს მისი ძალა. მაგრამ, ევროპაში მოარული ხმები კანიბალიზმის მასშტაბების შესახებ საკმაოდ გადაჭარბებული იყო. კანიბალიზმს ჰქონდა რიტუალური ხასიათი, რომლის შემთხვევები იყო იშვიათი და როგორც წესი დაკავშირებული იყო რელიგიურ დღესასწაულებთან. აბორიგენებზე ტოტალური კანიბალიზმის დაბრალება ხელს უწყობდა მათი მიწების კოლონიზაციას და იყო მათი განადგურების ერთ-ერთი მორალური გამართლება. ყველაზე უფრო სასტიკი კანიბალები იყვნენ ახალი გვინეის (პაპუასები) და ახალი ზელანდიის აბორიგენები. შემდგომში, პოლიგენიზმის თეორიის წარმოშობის შემდეგ, ამ თეორიის მომხრეების მიერ კანიბალიზმი განიხილებოდა როგორც აბორიგენების უფრო დაბალი ბიოლოგიური განვითარების დონის ერთ-ერთ მტკიცებულებად. ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაიმ ნათლად აჩვენა ასეთი აზრების უსაფუძვლობა.
სოციალური ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთელ პოლინეზიაში იყო ორი კლასი — არისტოკრატი და ჩვეულებრივი ხალხი, მაგრამ ტაიტიზე, ტონგაზე და ჰავაის კუნძულებზე ასევე იყო საშუალო კლასი. იყვნენ მონებიც, ძირითადად სამხედრო ტყვეები, თუმცა, მხოლოდ ახალ ზელანდიაში, კუკის ზოგიერთ კუნძულზე და მანგარევაზე. ბელადის ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო ყველა კუნძულზე, სამოაზე — არჩევითი. განსხვავება არისტოკრატიასა და ჩვეულებრივ ხალხს შორის იყო საკმაოდ დიდი. ყველაზე უფრო მცირე პრივილეგიებს არისტოკრატია ფლობდა მარკიზის კუნძულებზე, ყველაზე უფრო დიდს — ტაიტიზე და ჰავაის კუნძულებზე. პოლინეზიის არისტოკრატებს ახსოვდათ საკუთარი წინაპრების 20-30 თაობა. გენეალოგიას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. მმართველი კლასი ადგილობრივ ენაზე დიალექტების მიხედვით იწოდებოდა «არიკა, არია, ალია», საშუალო კლასი — «რანგატირა, რაატირა».
ადგილობრივებს ჰყავდათ საკუთარი მეომრები, მაგრამ პოლინეზიელები არასოდეს არ ისწრაფოდნენ დაეპყროთ სხვისი ტერიტორიები, — მათთვის საკმარისი იყო მოსული მტერი უკან გაქცეულიყო.
ქალიშვილებს პოლინეზიაში უფლება ჰქონდათ ქორწინებამდე ესარგებლათ თავისუფალი ინტიმური ურთიერთობით. დაქორწინების შემდეგ ეს თავისუფლება იზღუდებოდა. დაქორწინებისას არსებობდა ბევრი წესი და აკრძალვა. ყველაზე გასაკიცხად ითვლებოდა ქორწინება ბელადსა და ჩვეულებრივ, არაარისტოკრატ ქალს შორის. ამ შემთხვევაში ბელადს ზოგჯერ აიძულებდნენ გადამდგარიყო კიდევაც. არისტოკრატებში გვხვდება პოლიგინიაც. პოლინეზიაში დაფასებული იყო ურთიერთნდობა, როგორც ევროპაში, მაგრამ ღალატი არ ისჯებოდა ძალიან მკაცრად. არსებობდა მხოლოდ განსაზღვრული დასაშვები ნორმები. ევროპელები ძველად ადგილობრივების ქცევას არ აფასებდნენ ამორალურად, რასაც XVIII საუკუნეში აღნიშნავდნენ ბევრი გეოგრაფიული წიგნები და მოგზაურთა ჩანაწერები. როგორც ბ. დანიელსონი წერდა, პოლინეზიელთა ქცევის ევროპული თვალსაზრისით განსჯა სისულელეა, ისევე როგორც ევროპელების გამტყუნება მათი ტაბუს არ დაცვისთვის. ისინი, მაგალითად, ტიტვლები დადიოდნენ, მაგრამ ეს უსირცხვილობის შედეგი კი არ იყო, არამედ ცხელი კლიმატის გამო ხდებოდა. ამასთან ევროპაში XVIII საუკუნეში ეროტიკით გართობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა, ხოლო არისტოკრატიის ამორალურობამ აპოგეას მიაღწია.
პოლინეზიელი ბავშვები უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე ბავშვები ევროპაში, რადგანაც პოლინეზიაში არ იყო არც ტრანსპორტი, არც სხვა ხიფათი, არც ძვირფასი ტანსაცმელი, რომელსაც კარგი შენახვა სჭირდებოდა. ბავშვები ადრე ხდებოდნენ დამოუკიდებლები. მათზე შიში არ არსებობდა, შიმშილი მათ არ ემუქრებოდა.
პოლინეზიაში არსებობდა შრომის განაწილება. მამაკაცები რგავდნენ, თესავდნენ, ნადირობდნენ, ანთებდნენ ცეცხლს, აშენებდნენ სახლებს და ნავებს, აკეთებდნენ შრომის იარაღებს, კლავდნენ საქონელს. ქალები უვლიდნენ ნარგავებს და ნათესს, კრეფავდნენ ქოქოსს, კვერცხებს, მოლუსკებს, ამზადებდნენ საჭმელს, ქსოვდნენ კალათებს და ხალიჩებს, უვლიდნენ შინაურ ცხოველებს.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიელების სახლი (ფარე, ჰარე, ვჰარე, ფალე, ჰალე სხვადასხვა პოლინეზიურ ენებზე) — მართკუთხა, ზოგჯერ მომრგვალებული, ორდაფერდებიანი სახურავით, წვრილი ტოტებისაგან, ბალახებისაგან და ფოთლებისაგან. ზოგჯერ შენდებოდა ქვის ფუნდამენტით ან მიწის შემაღლებაზე. სახლებთან ერთად შენდებოდა საკულტო ნაგებობები, ესენია — საკურთხევლები (ჰეიაუ — ჰავაის კუნძულებზე, აჰუ — აღდგომის კუნძულზე, მარაე — დანარჩენ კუნძულებზე).
აუცილებელი იყო ფარეხები ნავებისათვის (ფარაუ, ვარაუ, ჰორაუ, ფალაუ, ჰალაუ, ვჰარაუ სხვადასხვა პოლინეზიურ ენებზე). ხელსაქმიანობიდან ყველაზე მთავარი იყო ნავების აგება. ნავებს შეიძლება ჰქონოდა დიდი ზომები, ზოგჯერ ბორტზე შენდებოდა დახურული ნაგებობა, ზოგჯერ საკურთხეველიც კი. დიდ ნავებს შეეძლო გადაეყვანა ასამდე ადამიანი შორეულ მგზავრობაში. ნავის ძირითადი ტიპი — კატამარანი, ანუ ორკორპუსიანი პიროგა (ინგლ. Pirogue), ან ერთკორპუსიანი ბალანსირით. ასეთი ნავს აქვს დიდი მდგრადობა და მანევრირების უნარი. ევროპელები აღიარებდნენ, რომ პოლინეზიელების გემები და ნავები ზოგჯერ ევროპულსაც კი ჯობდნენ. სკულპტორები, მჭრელები და ტატუირების ოსტატები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ.
ჯეიმზ კუკი ტაიტის ერთ-ერთი მონახულების დროს მოწმე გახდა მეზობელ კუნძულებს შორის ომის სამზადისისა. ტაიტელი მეფის სამხედრო-საზღვაო ფლოტი შესაძლებელი იყო ჩათვლილიყო დიდათ ევროპული შეფასებებითაც კი. თვითონ კუკი წერდა, რომ საერთო ჯამში დაითვალა 300 გემზე მეტი.
სამუშაო იარაღებიდან პოლინეზიაში ცნობილი იყო ქვის ნაჯახები, ძვლის იარაღები, ნიჟარის ნიჩბები, ძვლის ან ნიჟარის სათევზაო კაუჭები. საბრძოლო არაღებიდან — შუბები, შურდული. ტიპური საბრძოლო იარაღია ნიჩაბ-კლაბი (ინგლ. Club (weapon)). მაორების კლაბი (საბრძოლო კლაბი) წარმოადგენდა თოკზე დაბმულ ქვას. პოლინეზიელებმა არ იცოდნენ ბორბალი და არ ჰყავდათ მზიდავი ცხოველები, ტვირთებს ეზიდებოდნენ ხელით ან გადაჰქონდათ ნავებით.
სამზარეულო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკვებს პოლინეზიელები ამზადებდნენ მიწის ღუმელებში (იმუ), გავარვარებულ ქვებზე, ახვევდნენ ნაყოფს ან ხორცს ბანანის ფოთლებში (ჰონო-ჰონო). სამზარეულო ასეთი ღუმელით მდებარეობდა საცხოვრებელი გარემოს გარეთ. კუნძულელების საკვები — ძირითადად შედგება მცენარეულობისაგან და თევზეულისგან. ხორცს მიირთმევდნენ დღესასწაულებზე, ან ეს იყო არისტოკრატიის საკვები. საკვებში შედიოდა ასევე ვირთხებიც, კუნძულებზე ერთადერთი ძუძუმწოვარა. ტაიტიზე მიირთმევდნენ ღორებსაც.
ტანსაცმელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულელების ტანსაცმელია — თეძოებზე შემოჭერილი სახვევი ან ფოთლებისგან დამზადებულ მოკლე კაბები, პანდანუსის კაბა, ან პატარა წინსაფარი. განსხვავება კაცის და ქალის ტანსაცმელს შორის თითქმის არ არსებობდა, მაგრამ ტანსაცმლის ტიპი განსაზღვრავდა სოციალურ სტატუსს — ბელადები ატარებდნენ მოსასხამებს და მაჰიოლეს (ინგლ. Mahiole) (ფრინველის ბუმბულისგან დამზადებულ შლემს), ყვავილებს, ნიჟარებს. მოკაზმულობას ან ყვავილების კრებულს ატარებდნენ ჩვეულებრივი ადამიანებიც. გავრცელებული იყო ტატუირებაც, მისი ხასიათი ასევე განსაზღვრავდა ადამიანის სტატუსს.
ტანსაცმელს არ რეცხავდნენ, მას აგდებდნენ, რადგანაც ის საკმაოდ მალე ცვდებოდა. ასევე გამოიყენებოდა ევროპიდან ჩამოტანილი ქსოვილი. დღეისათვის იხმარება ევროპული ტანსაცმელი.
ხელოვნება და მეცნიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლინეზიაში განვითარებული იყო მითები, ლეგენდები, ზღაპრები, სიმღერები და ცეკვები. დამწერლობა, სავარაუდოდ, არსებობდა მხოლოდ აღდგომის კუნძულზე (კოჰაუ რონგო რონგო), სხვა კუნძულებზე ფოლკლორი თაობებს ზეპირად გადაეცემოდა. XIX საუკუნეში ევროპელების მოსვლის შემდეგ დამწერლობა ლათინურ საფუძველზე გაჩნდა ზოგიერთ კუნძულებზე. მეცნიერებებიდან მეტად განვითარდა ისტორია და ასტრონომია. ფოლკლორისთვის საკმაოდ დამახასიათებელია ლეგენდები საზღვაო მოგზაურობებზე, თანაც მათი სიუჟეტები ემთხვეოდა საკმაოდ დაშორებული კუნძულების ლეგენდების სიუჟეტებს. ცნობილია, რომ პოლინეზიელი არისტოკრატები საკმაოდ აფასებდნენ საკუთარ გენეალოგიას და საკუთარ შვილებს აგზავნიდნენ სპეციალურ ისტორიულ სკოლებში. ასტრონომიის განვითარების მიზეზი იყო შორეული საზღვაო მარშრუტები — შესაბამისად ვარსკვლავების გარდა სხვა ორიენტირები არ არსებობდა. პოლიციელებმა საფუძვლიანად შეისწავლეს მზის და მთვარის ფაზები, ქარის ცვლილება სეზონების მიხედვით და ამინდის ცვალებადობის ნიშნები. მათ ჰქონდათ ბევრი თანავარსკვლავედის, ვარსკვლავის და პლანეტის დასახელება.
პოპულარულია ლეგენდა ტაიტელი ბელადის — კოროპანგას შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ცხოვრობდა 1000 წლის წინ. მეორე ლეგენდა მოგვითხრობს ბელად რუს შესახებ (ტუბუაის კუნძულები), რომელმაც აღმოაჩინა კუკის კუნძულები. სამოას უმაღლესი ბელადი — მალიეტოა ტანუმაფიფილი II, საკუთარ თავს თვლიდა ბელად რუს 37-ე თაობის შთამომავლად. ლეგენდის თანახმად საზოგადოების კუნძულები აღმოაჩინა ტანოამ მარკიზის კუნძულებიდან. პოლინეზიურ მითებს აქვთ ვარიანტები, რომლებშიც საერთო შემდეგია: ჯერ იყო კორეს სიცარიელე, შემდეგ პოოს წყვდიადი, შემდეგ გაჩნდა ორი საწყისი, დედამიწა და ცა (მამაკაცური და ქალური საწყისი), ხოლო შემდეგ გაჩნდნენ ატუა (პირველი განთიადი), აო (პირველი დღე), ვჰაიტუა (სივრცე), მააკუუ (პირველი ტენი). რანგიმ და პაპამ (ცა და მიწა) შექმნეს ძირითადი ღმერთები — ტუმატაუენგა, რონგო, ტანე, ტანგაროა და რა, ხოლო ტანგაროამ თავის ცოლ ჰინოისთან ერთად შექმნა ყველა დანარჩენი. მითებში მოქმედებს კულტურული გმირი, მაუი. ის ქმნის კუნძულებს და ითვისებს მათ. ზემოთ მოყვანილი ღმერთების დასახელებები ერთნაირია მთელი პოლინეზიისთვის, ცოტათი განსხვავდება მხოლოდ მათი წარმოთქმა.
ღმერთის საერთო დასახელებაა — ატუა. არსებობს ერთი ღმერთის — იოს რწმენა, რომლის იპოსტასებია ყველა დანარჩენი, მაგრამ ეს ქურუმების უმაღლესი კასტისთვისაა («ტოჰუნგა აჰურევა») განკუთვნილი. ტოჰუნგა — ეს არა მარტო ქურუმია, იგი მხატვარიცაა. არსებობს რწმენა გარდაცვლილთა სულების შესახებ, რომლებიც განისვენებენ სამოთხეში (პუროტუ, პულოტუ). პოლინეზიური რწმენის მთავარი ცნებაა — მანა, ანუ მაგიური ძალა. ითვლება, რომ მას უპირველეს ყოვლისა ფლობენ ბელადები და ქურუმები. რწმენას უკავშირდება სხვადასხვა აკრძალვები (ტაბუ).
პოლინეზიელებს სჯერავთ, რომ ღრმა და უღრანი ტყეების მონაკვეთებში სახლობენ ჯუჯა არსებები, «პონატურეს» ტიპის ადამიანები. ამ რწმენას მეცნიერები უკავშირებენ კუნძულებზე პოლინეზიელების წინაპრებზე მოგონებებს, რომლებიც იქნენ გამოძევებულები და გადაშენდნენ. ეს იყო ფილიპინელი ნეგრიტოსების და აფრიკელი პიგმეების ტიპის ხალხი.
წარმოსახვით ხელოვნებაში მთავარი ადგილი ეკუთვნის ხეზე ჭრას და სკულპტურებს. მაორების ხეზე ჭრის ხელოვნებამ მიაღწია მაღალ დონეს, ისინი ალამაზებდნენ ნავებს, სახლის დეტალებს, ამზადებდნენ ღმერთის და საკუთარი წინაპრების სტატუებს, ასეთი სტატუა დგას თითოეულ სოფელში. ორნამენტის მთავარი მოტივია — სპირალი. მოაის ქვის სტატუები იქმნებოდა აღდგომის კუნძულზე, მარკიზის კუნძულებზე და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kayser, M., Brauer, S., Weiss, G., Underhill, P. A., Roewer, L., Schiefenhšfel, W., and Stoneking, M. (2000). "Melanesian Origin of Polynesian Y Chromosomes". Current Biology, 2000, volume 10, pages 1237–1246.
- Kayser, M., Brauer, S., Weiss, G., Underhill, P. A., Roewer, L., Schiefenhšfel, W., and Stoneking, M. (2000). "Melanesian Origin of Polynesian Y Chromosomes (correction)". Current Biology, 2000, volume 11, pages 1–2.
- Lewis, David (1976). "A Return Voyage Between Puluwat and Saipan Using Micronesian Navigational Techniques". In
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- History of Easter Island illustrated by stamps დაარქივებული 2013-03-08 საიტზე Wayback Machine.
- Interview with David Lewis
- Lewis commenting on Spirits of the Voyage
- Photogallery—French Polynesia (Tahiti, Moorea, Motu Tiahura) დაარქივებული 2007-03-13 საიტზე Wayback Machine.
- Useful introduction to Maori society, including canoe voyages
- Obituary: David Henry Lewis—including how he came to rediscover Pacific Ocean navigation methods
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hiroa, Te Rangi (Sir Peter Henry Buck) (reprinted 1964). Vikings of the Sunrise. Whitcombe and Tombs Ltd, გვ. 67. ციტირების თარიღი: 2 March 2010.
- ↑ ამბოხი გემ "ბაუნტიზე" დაარქივებული 2008-06-04 საიტზე Wayback Machine. www.fatefulvoyage.com
- ↑ მიკრონეზიაში მდებარეობს მხოლოდ გილბერტის კუნძულები და კუნძული ბანაბა, რომლებზეც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ფენიქსის კუნძულები და ლაინის კუნძულები მდებარეობს პოლინეზიაში.
- ↑ ზოგიერთ რუკებზე დედაქალაქად უფრო ხშირად მოიხსენება ბაირიკი, რომელიც სამხრეთ ტარავის ერთ-ერთი საქალაქო მუნიციპალიტეტია.
- ↑ საკმაოდ ხშირად ახალ ზელანდიას მიაკუთვნებენ ავსტრალაზიას.
- ↑ კუნძულ ჯონსტონზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. XX საუკუნის ბოლოს კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 1100 აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე. 2005 წლის მაისის მდგომარეობით მთელმა პერსონალმა დატოვა ატოლი.
- ↑ მიდუეის კუნძულებზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. დღეისათვის კუნძულებზე ცხოვრობს აშშ-ის თევზების რესურსების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის დაახლოებით 40 მოსამსახურე.
- ↑ პალმირას ატოლზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. დღეისათვის ატოლზე ცხოვრობს აშშ-ის თევზების რესურსების და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის დაახლოებით 20 მოსამსახურე.
- ↑ ფაგატოგოში მდებარეობს ამერიკის სამოას მთავრობა.
- ↑ ტოკელაუში არ არსებობს დედაქალაქი.
|