კუნთები
კუნთები (ლათ. musculus) — ადამიანის და ცხოველების სხეულის ნაწილი, რომელიც შედგება კუნთოვანი ქსოვილისაგან და აქვს ნერვული იმპულსის გავლენით შეკუმშვის უნარი, რაც უზრუნველყოფს მთელი სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილის მოძრაობას. უხერხემლო ცხოველთა უმრავლესობის კუნთებს ქმნის გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ადამიანის, ხერხემლიანი და ფეხსახსრიანი ცხოველებისას კი — განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი; გლუვი კუნთოვანი ქსოვილი შინაგანი ორგანოების კედლის შრეებშია და ცალკე კუნთებს არ ქმნის.
ყოველ კუნთს აქვს კუნთოვანი მუცელი და მყესოვანი ბოლოები, რომლითაც იგი დამაგრებულია ჩონჩხის ელემენტებზე. განიერი კუნთის მყესს აპონევროზი ეწოდება.
კუნთებს განასხვავებენ ფორმის, ზომის, მიმაგრების ადგილის და სიფართის, მათში ბოჭკოების რაოდენობის, სიგრძის, განლაგების, სტრუქტურული და ფიზიოლოგიური თვისებების, დანიშნულებისა და სხვა თავისებურებათა მიხედვით: მაგალითად, ფორმის მიხედვით განასხვავებენ მოკლე, გრძელ, ფართო და წვრილ კუნთებს; ბოჭკოების განლაგების მიხედვით — ფრთისებრ, ნახევარფრთისებრ, მარაოსებრ და სხვა კუნთებს; ფუნქციის მიხედვით — მომხრელს, გამშლელს, განმზიდველს, შიგნით მბრუნველს (პრონატრონს) და გარეთ მბრუნველს (სუპინატორს), მომჭერს (კონსტრიქტორს), გამაფართოებელს (დილატატორს) და სხვა. სხეულის ერთი და იმავე ნაწილის საპირისპირო მოძრაობის შემსრულებელ კუნთებს ანტაგონისტები ეწოდება (მომხრელები — გაშლელები, პრონატორები — სუპინატორები), ერთსა და იმავე მოძრაობის შემსრულებელ რამდენიმე კუნთს — სინერგისტები.
კუნთების შექმნაში მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ქმნის გარსებს თითოეული ბოჭკოს, ბოჭკოების კონის და მთელი კკუნთის ირგვლივ (ენდომიზიუმი, პერიმიზიუმი და ეპიმიზიუმი ანუ ფასცია); კუნთების შემაერთებელი ქსოვილი უხვად მარაგდება სისხით. ყოველი ბოჭკო ინერვირდება მამოძრავებელი ნერვის ტოტით (რომელიც მის ზედაპირზე ე. წ. მოტორულ ბალთას ქმნის) და მგრძნობიარე ნერვის ტოტით (რომელიც ბოლოვდება რამდენიმე ბოჭკოს შორის ჩართულ, ე. წ. ნევრკუნთოვან თითისტარზე). კუნთების უმრავლესობას სიმპათიკური ინერვაციაც აქვს.
კუნთების მუშაობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასციებს (რომლებიც ქმნიან კუნთის გარსებს და მათ შორის ძგიდეებს), ლორწოვან აბგებს (სითხით სავსე შემაერთებელქსოვილოვანი ჩანთები მყესის ძვათან ხახუნის ადგილზე), სინოვიალურ ბუდეებს (სინოვიალური გარსით მოფენილი კიდურის კუნთის მყესების ორკედლიანი ქარქაშები), სესამოიდურ ძვლებს (მყესში ჩართული ძვლები, რომლებიც სახსრებს იცავენ მექანიკური დაზიანებისაგან და სხვა).
კუნთის პათოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნთის პათოლოგია ვლინდება შეკუმშვის ფუნქციის და ტონუსის განვითარებისა და შენარჩუნების უნარის დარღვევით, რასაც ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მოშლა მოსდევ. კუნთოვანი ორგანოების პათოლოგიის მიზეზი შეიძლება იყოს თვით კუნთის ან მისი უბნის დაზიანება, მისი მოქმედების მარეგულირებელი ნერვული ან ჰორმონული მექანიზმების დარღვევა. პათოლოგიური პროცესების დროს კუნთში ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები, უპირველესად მაკროერგული ნაერთების (ატფ) და კუმშვადი ცილების სინთეზი. ზოგჯერ ეს დარღვევა ქრომოსომული აპარატის თავისებურებითაა განპირობებული და მემკვიდრეობითია.
ადამიანის კუნთოვანი სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხოველების კუნთოვანი სისტემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 72.;
- ნათიშვილი ა., ადამიანის ნორმალური ანატომია, თბ., 1976;
- Беидолл Дж., Мишцы, молекулы и движение, пер. с англ. М., 1970;
- Тонков В. Н., Учебник нормальной анатомии человека, 6 изд., Л., 1962.