შინაარსზე გადასვლა

ევკლიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევკლიდე

ევკლიდე ალექსანდრიელი (ბერძნ.: Εὐκλείδης) (დაახ. ძვ. წ. 325—265) — ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი ალექსანდრიიდან, ეგვიპტე; ცხოვრობდა პტოლემე I-ის მეფობის ხანაში (ძვ. წ. 323—283). ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძველი ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.

ევკლიდეს ეკუთვნის ნაშრომები პერსპექტივებზე, კონუსურ კვეთებზე, სფერულ გეომეტრიასა და შესაძლოა მეორე რიგის ზედაპირებზე. მისი დაბადების წლის ან ადგილის ან თუნდაც გარდაცვალების პირობების განსაზღვრა ვერ მოხერხდა.