ანდეზიტი
ანდეზიტი (სახელი ეწოდა ანდების მიხედვით) — ვულკანური წარმოშობის საშუალო მჟავიანობის ქანი, მუქი რუხი ან მოწითალო ფერისა. მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულებისაა. ძირითადი მასა ვულკანური მინის, პლაგიოკლაზისა და პიროქსენის მიკროლითების ნარევია, პორფირული გამონაყოფებია პლაგიოკლაზი (ანდეზინი) და ერთი ან რამდენიმე მუქი სილიკატი: ავგიტი, რქატყუარა, ზოგჯერ ჰიპერსტენი ან ბიოტიტი. არჩევენ ორპიროქსენიან, ქარსიან, ჰიპერსტენიან ანდეზიტს და სხვა სახესხვაობებს.
ანდეზიტი ფართოდაა გავრცელებული ძველი ან თანამედროვე ვულკანიზმის რაიონებში. საქართველოში გვხვდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (ვულკანები: მყინვარწვერი, ქაბარჯინა), მდინარეების დიდი და პატარა ლიახვის, ქსნისა და არაგვის სათავეებში (ყელის ვულკანური ზეგანი), აჭარა-თრიალეთის ქედზე (ბორჯომ-ბაკურიანი, ციხისჯვარი, გუჯარეთი), ჯავახეთის ზეგანზე (სამსრისა და ჯავახეთის ქედები). ანდეზიტს იყენებენ საშენ და მჟავაგამძლე მასალად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 443.
|