შინაარსზე გადასვლა

არაგვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაგვი

მტკვრისა და არაგვის შესართავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქალაქები მცხეთა
სათავე 42°33′03″ ჩ. გ. 44°22′44″ ა. გ. / 42.55083° ჩ. გ. 44.37889° ა. გ. / 42.55083; 44.37889
შესართავი მტკვარი
41°50′24″ ჩ. გ. 44°43′34″ ა. გ. / 41.84000° ჩ. გ. 44.72611° ა. გ. / 41.84000; 44.72611
სიგრძე 112 კმ
აუზის ფართობი 2740 კმ²
არაგვი — საქართველო
არაგვი
არაგვი
არაგვი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
არაგვი
არაგვი
— სათავე, — შესართავი
არაგვი ვიკისაწყობში

არაგვი[1]მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 112 კმ, აუზის ფართობი 2740 კმ²[2]. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი, ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებით მუხრან-საგურამოს ვაკეზე იშლება. შესართავთან კვეთს სხალტბისა და საგურამოს ქედებს. ქ. მცხეთასთან ერთვის მტკვარს მარცხენა მხრიდან.

არაგვი საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და აგრეთვე მყივნარებისა და მარადიული თოვლის წყლით. მიწისქვეშა წყალი მდინარის სხვადასხვა ნაწილში წლიური ჩამონადენის 40-70 %-ს შეადგენს, წვიმისა და თოვლის წყალი კი ცალ-ცალკე 16-იდან 30 %-მდე აღწევს. წყალდიდობა იწყება გაზაფხულზე და შუა აგვისტომდე გრძელდება. შემოდგომაზე ხშირია წყალმოვარდნა. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე არაგვის ნადენი 39,3 %-ს შეადგენს, ზაფხულში 30,8 %-ს, შემოდგომაზე 19,5 %-ს, ზამთარში 10,4 %-ს. არ იყინება.

არაგვს მტკვარში წლიურად 1,5 მლრდ.მ³ წყალი შეაქვს. იყენებენ მუხრან-საგურამოს ვაკის სარწყავად. არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.

მდინარე არაგვის სავარაუდო უცხოური სახელწოდებაა პელორი: მომდინარეობს ბერძნული ზმნისგან pelo „ვმოძრაობ, მივისწრაფი“. მოიხსენიებს II-III საუკუნეების ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიუსი ძვ. წ. 65 იბერიაში რომაელთა ლაშქრობასთან დაკავშირებით (იხილეთ პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში).