შინაარსზე გადასვლა

მიკროფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:31, 7 ივლისი 2024-ის ვერსია, Surprizi (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Shure Brothers მიკროფონი, მოდელი 55S.

მიკროფონი (მიკრო... და ძვ. ბერძნ. φωνη [phōnḗ] — „ბგერა“) — ელექტროაკუსტიკური ხელსაწყო, რომელიც ბგერით რხევებს გარდაქმნის ელექტრულ რხევებად. გამოიყენება ტელეფონიაში, რადიომაუწყებლობაში, ტელევიზიაში, ბგერათჩაწერისა და ბგერათგალიერების სისტემებში. მიკროფონი არის: ნახშირის, ელექტროდინამუკური, კონდესატორული, ელექტრული, პიეზოელექტრული და ელექტრომაგნიტური. მოქმედების მიმართულების მიხედვით კი — არამიმართული, ცალმხრივ მიმართული (კარდიოდიური) და ორმხრივ მიმართული.

ნახშირის მიკროფონში ლითონის ან ნახშირის მემბრანა ირხევა ბგერითი ტალღების ზეგავლენით. ამ დროს იცვლება მემბრანასთან შეხებაში მყოფ კაფსულაში მოთავსებული ნახშირის ფხვნილის სიმკვრივე და, მაშასადამე, მისი ელექტრული წინაღობაც. ამის შედეგად კი იცვლება აგრეთვე მიკროფონში გამავალი დენის ძალაც. წარმოიქმნება მფეთქარი დენი, რომელიც სადენიანი ხაზით ხვდება ტელეფონში და იწვევს მისი მემბრანის რხევებს. კაფსულიანი ნახშირის მემბრანის ყველაზე მეტად გავრცელებულია სატელეფონო კავშირგაბმულობაში.

კოჭას ტიპის ელექტროდინამიკურ მიკროფონში გამოყენებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა. პოლისტიროლის თხელი აფსკის ან ალუმინის კილიტის დიაფრაგმა ხისტად დამაგრებულია წვრილი მავთულისაგან დამზადებულ კოჭასთან, რომელიც მოთავსებულია მაგნიტური სისტემის რგოლურ ღრეჩოში. ბგერითი ტალღის ზემოქმედებით დიაფრაგმის რხევის დროს კოჭას ხვიები მაგნიტურ ძალთა წირებს გადაკვეთს და კოჭაში აღძრავს ემძ, რომელიც კოჭას მომჭერებზე ცვალებად ძაბვას წარმოქმნის. ასეთი მიკროფონის კონსტრუქცია მარტივია, მცირე ზომისაა და ექსპლუატაციაში საიმედოა. ლენტური ტიპის ელექტროდინამიკურ მიკროფონში კოჭას ნაცვლად მაგნიტურ ველში მოთავსებულია ძალიან თხელი ალუმინის კილიტის გოფრირებული ლენტი. ასეთ მიკროფონს იყენებენ უმთავრესად სტუდიიდან მუსიკის გადასაცემად.

კონდესატორული მიკროფონის მოქმედების პრინციპი ემყრება მუდმივიდენის წრედში ჩართული კონდენსატორის ტევადობის ცვლილებას ბგერის წნევის ცვლილების შესაბამისად. ბგერის ტალღები იწვევს კონდენსატორის შემონაფენის (მემბრანის) რხევებს და მასზე მოდებული ძაბვის ცვლილებას. ასეთ მიკროფონებს იყენებენ ბგერათჩაწერისა და ბგერათგადაცემის მაღალხარისხიან სისტემებში.

ელექტრული მიკროფონის მოქმედების პრინციპი კონდესატორულის მსგავსია. პიეზოელექტრული მიკროფონის მოქმედების პრინციპი კი პიეზოელექტრულ ეფექტზეა დამყარებული. ელექტრომაგნიტურ მიკროფონში ბგერითი ტალღები ზემოქმედებს ფოლადის ღუზასთან ხისტად დაკავშირებულ მემბრანაზე. პიეზოელექტრულ და ელექტრომაგნიტურ მიკროფონებს უმთავრესად იყენებენ სასმენ აპარატებში და რადიომოყვარულთა მოწყობილობებში.

სტერეოფონიკურ რადიომაუწყებლობაში და ბგერათჩაწერისათვის გამოიყენება საერთო კორპუსში მოთავსებულ ორ ერთნაირ და ერთმიმართულ მიკროფონებს.