შინაარსზე გადასვლა

ჯაგირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯაგირი (სპარს. جاگیر, სიტყვასიტყვით — ადგილის მფლობელი) — ფეოდალური მიწათმფლობელობის გაბატონებული ფორმა მოგოლთა ინდოეთში. XVI-XVIII საუკუნეებში, ეძლეოდათ წყალობის სახით, გარკვეული დროით და არა მემკვიდრეობით. ჯაგირის მფლობელები — ჯაგირდარები ვალდებული იყვნენ თავიანთ ხარჯზე შეენახათ დიდი მოგოლის ცხენოსანი არმიის რაზმი, რომლის რაოდენობა დამოკიდებული იყო ჯაგირის მოცულობასა და მისგან მიღებულ შემოსავალზე. ჯაგირდარი ფადიშაჰის პირველი დაძახებისთანავე უნდა ჩადგომოდა სათავეში თავის რაზმს, მოემარაგებინა იგი სურსათითა და აღკაზმულობით და გამგზავრებულიყო სალაშქროდ. ამ სამსახურისათვის უფლება ეძლეოდა ნაწყალობებ სამფლობელოში გლეხებისაგან აეკრიფა რენტა-გადასახადი. ჯაგირის უმრავლესობა მოიცავდა რამდენიმე ოლქს, რომელშიც შედიოდა ასობით სოფელი და ათიათასობით მცხოვრები. ჯაგირის საშუალო ზომა იყო დაახლოებით 100 ათას ჰა-მდე. დიდ მოგოლებს ხშირად გადაჰყავდათ ჯაგირდარები ერთი სამფლობელოდან მეორეში, რათა აღეკვეთათ მათი სეპარატისტული მისწრაფებები. XVII საუკუნეში გაჩნდა ჯაგირის მემკვიდრეობით სამფლობელოდ გადაქცევის ტენდენცია, რაც XVIII საუკუნეში განხორციელდა კიდეც.