ხოჭოები
ხოჭოები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Coleoptera | ||||||||||||
|
ხოჭოები, ხეშეშფრთიანები (ლათ. Coleoptera) — მწერების რიგი.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მათი სხეულის სიგრძე 0,3 მმ–15 სმ აღწევს. აქვთ კარგად განვითარებული რთული თვალები (გამოქვაბულში მცხოვრებთ არ გააჩნიათ), წინწამოწეული ყბები, მღრღნელი ტიპის პირის ორგანოები, 10-11 — წევრიანი ულვაშები, საკმაოდ მტკიცე წინა ფრთები, სიფრიფანა უკანა ფრთები, რომლებიც ზედა ფრთების ქვეშაა შეკეცილი და ფრენას ემსახურება. ისეთი ფორმები, რომელთაც უკანა ფრთები არა აქვთ, ვერ ფრენენ (ბზუალა ხოჭოები). ზედა ფრთები უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ფარავს მუცელს, თუმცა ზოგიერთ ჯგუფში (სტაფილინები) დაუფარავი რჩება 2-5 სეგმენტი, ზოგჯერ კი ფრთები მთლიანად ატროფილებულია. წინა, შუა და უკანა მკერდზე თითო წყვილი ფეხია. ყველაზე კარგად წინა მკერდია განვითარებული, რომელიც ზევიდან წინა ზურგითაა დაფარული. ფეხები სხვადასხვა ტიპისაა: სასიარულო, სარბენი, სათხრელი (ფუნაგორიები) ან საცურავი (მოცურალები). მუცელი 9-ნაწევრიანია. მატლს აქვს 3 წყვილი მკერდის ფეხი, ზოგი (ცხვირგრძელები) უფეხოა.
ხოჭოებს ახასიათებთ მკვეთრი, ლამაზი შეფერილობა, უფრო ხშირად მბრწყინავი ლურჯი ან მწვანე ელფერი დაკრავთ. თავდაცვის საშუალებად იყენებენ როგორც მფარველობით შეფერილობას, ისე სწრაფ სირბილეს, ხტომას, ფრენას, ტანატოზურ მდგომარეობას (გარინდება და მცენარეებიდან ვარდნა).
გამრავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხოჭოები გაყოფილსქესიანი და თითქმის ყოველთვის კვერცხისმდებლები არიან, იშვიათად — ცოცხლადმშობები (ზოგიერთი ფოთოლჭამია, სტაფილინები). პართენოგენეზური გამრავლება ახასიათებთ შავტანიანებს, ფოთოლჭამიებს და ცხვირგრძელებს. განვითარება სრული მეტამორფოზით ხდება (კვერცხი, მატლი, ჭუპრი, იმაგო). ზოგიერთ ოჯახს (სამწიფარასებრნი) ახასიათებს ჰიპერმეტამორფოზი (გართულებული სრული მეტამორფოზი 6 და მეტი ფაზით).
კვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხოჭოებს შორის ზოგი მცენარეებით (ფიტოფაგები), ხრწნადი ორგანული ქსოვილებით (საპროფაგები) იკვებება, ზოგი მტაცებელია. ფიტოფაგების თავის მხრივ ყოფენ 2 ჯგუფად: ხოჭოები, რომლებიც მცენარეთა მწვანე ნაწილებით იკვებებიან — ფილოფაგები (ფოთოლჭამიები, ცხვირგრძელები, ღრაჭები) და ხოჭოები, რომელთა მატლები ბალახოვან და მერქნიან მცენარეთა ქსოვილებში ბინადრობენ და ვითარდებიან (ცხვირგრძელების დიდი ნაწილი, ქერქიჭამიები, მემარცვლიები, პეწიანები და სხვა).
საპროფაგებში გამოყოფილია 3 ძირითადი ჯგუფი: ხოჭოები, რომლებიც მცენარეთა ნარჩენებით იკვებებიან (შავტანიანები, ფირფიტულ-საშიანები, ტკაცუნები და სხვა); ხოჭოები რომლებიც ხერხემლიან ცხოველთა ექსკრემენტებით იკვებებიან- კოპროფაგები; ხოჭოები, რომლებიც ლეშითა და ცხოველური ნარჩენებით იკვებებიან — ნეკროფაგები (ლეშიჭამიები, ტყავიჭამიები). ხოჭოების დიდი ნაწილი ვითარდება მკვდარ, ლპობად მერქანში და წარმოადგენს გარდამავალ ფორმას ფიტოფაგებიდან საპროფაგებისაკენ. მტაცებელი ხოჭოები (ბზუალები, იამაიები, სტაფილინები და სხვები) იკვებებიან მწერებითა და მათი მატლებით, ჭიაყელებით, ხმელეთის მოლუსკებით და სხვა.
გავლენა გარემოზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხოჭოების დიდი უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, საკვები ბალახების, ტყის მერქნიანი მცენარეებისა და საკვები პროდუქტების საშიში მავნებელია. მავნეობის ხასიათის მიხედვით, ხოჭოები და მათი მატლები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:
- ხოჭოები, რომლებიც მცენარეთა მწვანე ნაწილებით იკვებებიან (ფოთოლჭამიები, ცხვირგრძელები, მაისის ხოჭოები და სხვები),
- ნაყოფისა და თესლის მავნებლები (მილხვევიები, მემარცვლიები),
- ღეროს მავნებლები, რომლებიც მერქანსა და ქერქის ქვეშ ვითარდებიან (პექიანები, ხარაბუზები, ქერქიჭამიები და სხვები),
- ნიადაგში მობინადრე მცენარის ფესვთა სისტემის მავნებლები (ღრაჭების, ტკაცუნა ხოჭოების, შავტანიანებისა და სხვების მატლები),
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მავნებლები (ბეღლის ცხვირგრძელა, ბრინჯის ცხვირგრძელა, ფქვილის ღრაჭიკა და სხვა).
ხოჭოების მთელი რიგი სახეობები (ჭიამაიები, ბზუალები და სხვა) სასარგებლო მტაცებლები არიან და მათ მავნე მწერების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლისათვის იყენებენ. მაგ., საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების მავნებლების წინააღმდეგ იყენებენ ჭიამაიების ინტროდუცირებულ სახეობებს - როდოლიას, კრიპტოლემუსსა და ლინდორუსს.
გავრცელების არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხოჭოები ბინადრობენ მთელ დედამიწაზე, გარდა ანტარქტიდის, არქტიკის ყინულოვანი ზონისა და უმაღლესი მწვერვალებისა. ხოჭოების უძველესი ნაშთები ცნობილია ქვედა პერმული პერიოდიდან. ხოჭოების ძირითადი ჯგუფები ცარცულ პერიოდში ჩამოყალიბდა, თანამედროვე ხოჭოების მრავალი გვარი კი პალეოგენში უკვე არსებობდა.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხოჭოების რიგს ყოფენ 3 ქვერიგად: Archostemata — ახასიათებთ მუცლისა და ფრთების შედარებით პრომიტიული აგებულება; Adephaga — ხორცისმჭამელები და Polyphaga — ნაირჭამიები. აღნიშნულ ქვერიგებში გაერთიანებულია 140 ოჯახი და 300 ათასამდე სახეობა. საქართველოში შედარებით სრულადაა შესწავლილი ისეთი ოჯახები, როგორიცაა ცხვირგრძელასებრნი, ფოთოლჭამიასებრნი, ულვაშფირფიტოვანი ხოჭოები, ბზუალა ხოჭოები, ტკაცუნა ხოჭოები, შავტანიანასებრნი და სხვები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 505.