წიგნი იობისა
წიგნი იობისა, იობი (ებრ. אִיוֹב) — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მეთვრამეტე კანონიკური წიგნი. ისრაელის სიბრძნის ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუში და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, რაც განპირობებულია არა მხოლოდ წიგნში წამოჭრილი მარადიული პრობლემით (ესაა უდანაშაულო ადამიანის ტანჯვის თემა), არამედ იმ ლიტერატურული ფორმითაც, რომელიც მისცა ნაშრომს V საუკუნის ანონიმმა ებრაელმა ავტორმა. წიგნი დაწერილია პოეტური დიალოგის სახით, რომელსაც წინ უძღვის პროლოგი (1-2) და ასრულებს პროზაული ფორმის ეპილოგი (42:7-17).
ბიბლიური ავტორის ნაშრომს ტანჯვით შეპყრობილი მართალი კაცის ძველი ამბავი უდევს საფუძვლად. მასზე დაყრდნობითაა შეთხზული პოეტური დიალოგი იობსა და მის სამ მეგობარს შორის, რომელთაც იობის გასაჭირის შესახებ შეიტყვეს და მის მოსანახულებლად მივიდნენ. თავდაპირველად იობი თავისი ბედუკუღმართობის გამო გამოხატავს წუხილს, შემდეგ თითოეული მეგობარი სათითაოდ სამჯერ გამოთქვამს თავის აზრს და იობი ყოველ ჯერზე გასცემს პასუხს თითოეულ მათგანს. ამგვარად იქმნება საუბართა სამი ციკლი (3-27), რომლებშიც ოფიციალური სიბრძნის წარმომადგენლები იცავენ თეზისს ღმერთის სამართლიანი საზღაურის შესახებ, ვინც დამსახურებისა და დანაშაულის შესაბამისად აჯილდოებს ან სჯის ადამიანებს. თავის პასუხებში იობი ეკამათება ამ სიბრძნეს საკუთარ ამბავსა და სხვა მსგავს შემთხვევებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც სმენია. 29-31 თავებში გადმოცემულ უკანასკნელ გრძელ მონოლოგში იობი ამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობასა და ღმერთს მოუწოდებს, ჩაერთოს კამათში, თუმცა ღმერთის ჩარევას წინ უძღვის უფრო გვიანდელი ხანის ელიჰეს (32-37) სიტყვა. ღმერთი ერთვება საუბარში (38-41), სამყაროს საიდუმლოებათა შესახებ ესაუბრება იობს და ახვედრებს მას, რომ ის საიდუმლოების მჭიდრო ქსელში ჩაფლული ქმნილებაა, რომელიც შემოქმედი ღმერთის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას ექვემდებარება. იობი ხედავს, რომ ღმერთი არ გმობს მას, როგორც ცოდვილს (როგორადაც მას მეგობრები მიიჩნევდნენ), თუმცა არც მის მიერ გამართულ სამსჯავროზე წარდგება ბრალდებულის სახით (თავად როგორც სურდა იობს), აცნობიერებს საკუთარ ამპარტავნებას, უარს ამბობს მანამდე გამოთქმულ პრეტენზიებზე, აღარ სთხოვს ღმერთს რამე პასუხს და არც სასჯელისაგან თავის გათავისუფლებას (42:1-6). იობისთვის უმნიშვნელოვანესია შეხვედრა ღმერთთან, რომელმაც იგი არ დაგმო: იობმა ხელახლა იპოვა საკუთარი ღმერთი და ახლა სხვა აღარაფერი ესაჭიროება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.