ცენტრალური აფრიკის სამეფო მუზეუმი
ცენტრალური აფრიკის სამეფო მუზეუმი | |
---|---|
50°31′06″ ჩ. გ. 4°00′00″ ა. გ. / 50.5184972° ჩ. გ. 4.00000° ა. გ. | |
დაარსდა | 1898 |
ქვეყანა | ბელგია |
მდებარეობა | Tervuren[1] [2] |
კლასიფიკაცია | ეთნოგრაფიის, ბუნების ისტორიისა და ისტორიის მუზეუმი |
პრეზიდენტი | გიდო გრიზელსი (2001 - დღემდე) |
ოფიციალური საიტი | http://www.africamuseum.be[2] |
ცენტრალური აფრიკის სამეფო მუზეუმი (ნიდერლ. Koninklijk Museum voor Midden-Afrika (KMMA); ფრანგ. Musée royal de l'Afrique centrale (MRAC); გერმ. Königliches Museum für Zentralafrika (KMZA), RMCA), ასევე ცნობილი როგორც აფრიკამუზეუმი (AfricaMuseum) — ეთნოგრაფიული და ბუნების ისტორიის მუზეუმი ტერვიურენში, ფლამანდიის ბრაბანტი, ბელგია, ბრიუსელის მიმდებარედ. მუზეუმი აშენდა მეფე ლეოპოლდ II-ის კონგოს თავისუფალი რესპუბლიკის საჩვენებლად 1897 წლის ბრიუსელის საერთაშორისო ექსპოზიციაზე საჩვენებლად.
მუზეუმი კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, რომელიც წარსულში ბელგიის კოლონიას წარმოადგენდა. დაწესებულებაში ასევე წარმოდგენილია ექსპონატები მდინარე კონგოს აუზიდან, ასევე ცენტრალური აფრიკიდან, აღმოსავლეთ აფრიკიდან და დასავლეთ აფრიკიდან. მუზეუმი თავდაპირველად შეიქმნა როგორც კოლონიალური მუზეუმი, 1960 წლიდან კი ის უფრო ეთნოგრაფიასა და ანთროპოლოგიაზე იყო ორიენტირებული. გარდა საგამოფენო სივრცეებისა, მუზეუმში არსებობს კვლევების განყოფილებაც. მუზუემის კვლევები არ მოიცავს მხოლოდ აფრიკას (ერთ-ერთი ასეთი კვლევაა საგალასოსის არქეოზოოლოგიის კვლევა, თურქეთი).
2013 წლის ნოემბერში მუზეუმი დაიხურა ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების გამო და ხელახლა გაიხსნა 2018 წლის დეკემბერში.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც კონგოს თავისუფალი სახელმწიფო 1884-1885 წლების ბერლინის კონფერენციაზე აღიარეს, მეფე ლეოპოლდ II-ს სურდა ცივილიზებული მისიისა და მის კერძო კოლონიაში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების უფრო ფართო საზოგადოებისთვის გასაჯაროება არა მხოლოდ ბელგიაში, არამედ საერთაშორისო დონეზე. სხვა ადგილების განხილვის შემდეგ მეფემ გადაწყვიტა დროებითი გამოფენა თავის მამულში. ტერვიურენში, ბრიუსელის აღმოსავლეთით მოეწყო, რომელიც დღესდღეობით ფლამანდიის ბრაბანტს წარომადგენს.
ბრიუსელის 1897 წლის საერთაშორისო ექსპოზიციის შემდეგ ტერვიურენში კოლონიალური სექცია აშენდა, რომელიც ქალაქის ცენტრამდე დაკავშირებული იყო მონუმენტური ტერვიურენის ავენიუს დახმარებით. ბრიუსელი – ტერვიურენის ტრამვაის ხაზი 44 აშენდა მეფე ლეოპოლდ II-ის ორიგინალური მუზეუმის პარალელურად, რათა ქალაქის ცენტრიდან მუზეუმამდე მიეზიდათ დამთვალიერებლები. კოლონიური განყოფილება მდებარეობდა კოლონიების სასახლეში, რომელიც დააპროექტა ბელგიელმა არქიტექტორმა, ალბერტ-ფილიპე ალდოფმა. მუზეუმის კლასიკური ბაღები ფრანგმა ლანდშაფტის დიზაინერმა, ელი ლეინმა შექმნა. მთავარი დარბაზი შემუშავდა არტ-ნუვოს ხის სტრუქტურით, რომელიც კონგოს ტყის გამოსახულებას ატარებდა. ეს დარბაზი გაფორმებულია ბილინგას ხით, რომელიც აფრიკული ხეა. გამოფენილია ასევე ეთნოგრაფიული ნივთები, ფიტულები და კონგოს საექსპორტო პროდუქტები (მაგ. ყავა, კაკაო და თამბაქო). პარკში მდებარეობდა „ადამიანების ზოოპარკი“, აფრიკული სოფლის ასლი, რომელშიც გამოფენის განმავლობაში 60 კონგოელი ადამიანი ცხოვრობდა.[4]
1898 წელს კოლონიების სასახლე კონგოს მუზეუმი გახდა (ფრანგ. Musée du Congo, ნიდერლ. Museum van Kongo) და მუზეუმში განთავსდა მუდმივი გამოფენები.[4] ათი წლის შემდეგ, 1912 წელს, მცირე ზომის მსგავსი მუზეუმი, ნამურის აფრიკული მუზეუმი გაიხსნა ქალაქ ნამურში, ვალონია, ბელგია. მუზეუმმა აკადემიური კვლევების მხარდაჭერა დაიწყო, მაგრამ კოლექცია მოკლე დროში ისე გაიზარდა, რომ შენობის გაფართოვება გახდა საჭირო. ტერვიურენი, რომელიც ბრიუსელის მდიდრული გარეუბანი გახდა, მუზეუმის ახალი შენობის ადგილად აირჩიეს. ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1904 წელს და დაპროექტებულია ფრანგი არქიტექტორის, ჩარლზ ჟიროს მიერ. ნაგებობა ნეოკლასიკური „სასახლის“ ტიპისაა და პარიზში მდებარე პეტი პალეს წააგავს. მუზეუმი მოიცავს დიდ ბაღებს, რომლის შემადგენლობაში შედის ტერვიურენის ტყე (სონიანის ტყის ნაწილი). მუზუემი 1910 წელს ოფიციალურად გაიხსნა მეფე ალბერტ I-ის მიერ და მას ოფიციალურად ეწოდა ბელგიის კონგოს მუზეუმი (ფრანგ. Musée du Congo Belge, ნიდერლ. Museum van Belgisch-Kongo).[5]
მომდევნო წლებში მუზეუმის კოლექცია მეტად გაფართოვდა. 1934 წელს, მუზეუმის ჰერბარიუმი ბელგიის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში (დღევანდელი მეისეს ბოტანიკური ბაღი) გადაიტანეს. 1952 წელს მუზეუმის სახელს დაემატა ზედსართავი სახელი „სამეფო“. 1958 წელს ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის (ექსპო '58) აშენდა დიდი შენობა გამოფენაზე მომუშავე აფრიკელი პერსონალის დასათავსებლად (Centre d'Accueil du Personnel Africain (CAPA)). 1960, წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მუზეუმის სახელი შეიცვალა დღევანდელი სახელით და გახდა: ცენტრალური აფრიკის სამეფო მუზეუმი.[6]
განახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წლის ბოლოს, მუზეუმი დაიხურა მისი ექსპონატების განახლებისა და გაფართოების მიზნით. ბელგიის მთავრობამ მუზეუმის მოდერნიზაციაზე 66 მილიონი ევრო დახარჯა. საგამოფენო ფართობი გაიზარდა 6 000 კვადრატული მეტრიდან 11 000 კვადრატულ მეტრამდე.[3] დამატებითი სივრცე იძლევა ცენტრალური აფრიკის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ჩვენების საშუალებას კოლონიური ექსპონატების გვერდით.[7] მუზეუმი ხელმეორედ ოფიციალურად 2018 წლის 9 დეკემბერს გაიხსნა.[8]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
კოლონიის სასახლე, ალდოფი(1897)
-
მუზეუმის მთავარი შენობა, ჩარლს ჟირო (1905–1910)
-
სტენლის პავილიონი
-
Centre d'Accueil du Personnel Africain (CAPA) ნაგებობა (1957)
-
ახალი შესასვლელი პავილიონი (2018)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1995) რედ. Verswijver: Masterpieces from Central Africa.
- Patricia Van Schuylenbergh (1997), La mémoire des Belges en Afrique; Inventaire des archives historiques privées du Musée royal de l'Afrique centrale de 1858 a nos jours, Inventaire des archives historiques, ISBN 2-87398-006-0, http://www.africamuseum.be/collections/museum/collections/docs/memoiredesbelges.pdf
- (2001) რედ. Toma Muteba Luntumbue & Claire Ponas: EXITCONGOMUSEUM/Contemporary Art.
- „Tervueren“, Belgium and Holland (15th რედ.), Leipzig: Karl Baedeker, 1910, OCLC 397759, https://archive.org/stream/belgiumhollan00karl#page/146/mode/2up
- Jean Muteba Rahier (2003). „Ghost of Leopold II: The Belgian Royal Museum of Central Africa and Its Dusty Colonialist Exhibition“. Research in African Literatures. 34.
- Véronique Bragard (2011). „'Indépendance!': The Belgo-Congolese Dispute in the Tervuren Museum“. Human Architecture. ISSN 1540-5699.
- Patrick Hoenig (2014). „Visualizing trauma: the Belgian Museum for Central Africa and its discontents“. Postcolonial Studies. Institute of Postcolonial Studies, Melbourne. 17. ISSN 1466-1888.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ეთნომუზიკოლოგიის კოლექცი
- WorldCat. ცენტრალური აფრიკის ასლეფო მუზეუმი დაარქივებული 2021-11-29 საიტზე Wayback Machine.
- (Musée du Congo).
- Tervuren wiki page on the museum დაარქივებული 26 February 2007 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 https://erfgoedkaart.be/?id=7837
- ↑ 2.0 2.1 2.2 https://erfgoedkaart.be/?id=18132
- ↑ 3.0 3.1 During the renovation. Africamuseum.be. ციტირების თარიღი: 16 June 2013
- ↑ 4.0 4.1 http://www.brusselstimes.com/opinion/8630/a-king-congo-and-a-museum
- ↑ Museum history | Royal Museum for Central Africa - Tervuren - Belgium. ციტირების თარიღი: 2021-03-14
- ↑ Towards the Renewal and the Renovation of the Royal Museum for Central Africa.
- ↑ „King Leopold's ghost - Belgium's Africa museum to reopen“. Reuters. June 1, 2018 – წარმოდგენილია uk.reuters.com-ის მიერ.[მკვდარი ბმული]
- ↑ McDonald-Gibson, Charlotte. (2013-11-29) Belgian museum faces up to its brutal colonial legacy en-GB. ციტირების თარიღი: 2016-05-17