ტოლენტინოს ბრძოლა
ტოლენტინოს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნეაპოლის ომების ნაწილი | |||
ვინჩენცო მილიციას ნახატი ტოლენტინოს ბრძოლა | |||
თარიღი | 2 – 3 მაისი 1815 | ||
მდებარეობა | ტოლენტინო, მაცერატა, დღევანდელ იტალიაში | ||
შედეგი | ავსტრიის სამეფოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ტოლენტინოს ბრძოლა ვიკისაწყობში |
ტოლენტინოს ბრძოლა — გაიმართა 1815 წლის 2-3 მაისს ტოლენტინოს ახლოს, რომელიც იმ დროს ნეაპოლის სამეფოს ეკუთვნოდა (ახლა ტოლენტინო პატარა ქალაქია მარშეში, იტალიაში. ეს იყო ნეაპოლთან ნაპოლეონის ომის გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ომში ნეაპოლის მეფემ იოაჰიმ მიურატმა სცადა ტახტის შენარჩუნება ვენის კონგრესის შედგომ განვითარებული მოვლენების ფონზე. თვით ბრძოლას მრავალი პარალელი მოეძებნება ვატერლოოს ბრძოლასთან. ორივე ეს ბრძოლა განხორციელდა ნაპოლეონის გადასახლებიდან დაბრუნებიდან ასი დღის განმავლობაში და ორივე მათგანი დასრულდა მეშვიდე კოალიციის დამაჯერებელი გამარჯვებით, რაც ბურბონების დინასტიის მეფეების ტახტზე აღდგენით დასრულდა.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1815 წლის აპრილის ბოლოს მიურატმა დაკარგა ყველა ის უპირატესობა, რაც ომის დასაწყისში გააჩნდა. მას უტევდა ორი ავსტრიული არმია, შესაბამისად, გენერლების ფრედერიკ ბიანჩის, კაზალანცის ჰერცოგისა და ადამ ალბერტის, ნიპერგის გრაფის მეთაურობით. ამ არმიებმა ნეაპოლელები სამხრეთ-აღმოსავლეთით მიჭირხნეს, ანკონაში. მიუხედავად ამისა, ავსტრიული არმიები აპენინების მთების იქით-აქეთ აღმოჩნდნენ და მიურატს იმედი ჰქონდა, რომ სწრაფად დაამარცხებდა დასავლეთში ბიანჩის, ხოლო შემდეგ მალევე მიუბრუნდებოდა ნიპერგს, რომელიც ჩრდილოეთიდან მოიწევდა წინ. მიურატის გეგმა ძლიერ ჰგავდა ნაპოლეონის გეგმას, რომ დაემარცხებინა ბრიტანელები მანამდე, სანამ ისინი პრუსიელებთან შეერთებას მოასწრებდნენ ვატერლოოს სამხედრო კამპანიის მსვლელობაში.
მიურატი გეგმავდა, რომ ბიანჩის ქალაქ ტოლენტინოს მახლობლად შეხვედროდა. ნიპერგის შესაყოვნებლად მან მცირე ძალები დატყოვა გენერალ კარასკოზას წინამძღოლობით და თავისი მთავარი ძალებით ბიანჩის შესახვედრად გაეშურა. მიუხედავად ამისა, 29 აპრილს უნგრელ ჰუსართა ავანგარდმა მოახერხა ტოლენტინოში გამაგრებული მცირე ნეაპოლიტანური გარნიზონის განადგურება. მიურატის არმია დაბანაკდა მაცერატას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ისე რომ ტოლენტინოში უკვე ავსტრიელთა ავანგარდი იდგა. ბიანჩიმ გაშიფრა მიურატის გეგმა და გადაწყვიტა, რომ შეეყოვნებინა მიურატი, რაც შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში. ავსტრიელებმა თავდაცვითი ხაზი სან კატერვოს კოშკის ირგვლივ განალაგეს, სხვა რაზმები კი მოთავსდნენ რანჩიას ციხე-სიმაგრის, მაესტას ეკლესიისა და სანტ-ჟოზეფის საკვანძო პოზიციებზე. მიურატს მოუხდა, რომ მარშით წასულიყო ბიანჩიზე. ორი არმია საბოლოოდ 2 მაისს შეხვდა ერთმანეთს.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლა გარიჟრაჟზე დაიწყო ორივე მხრიდან საარტილერიო დაბომბვით ხეობაზე, რომელიც ჩრდილოეთით სფორზაკოსტასკენ მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელები უკვე გამაგრებულები იყვნენ ტოლენტინოს ირგვლივ, მიურატმა მაინც მოახერხა მათზე მოულოდნელად იერიშის მიტანა. საწყისი შეტევებისას ნეაპოლიტანელთა რაზმებმა მოახერხეს გენერალი ბიანჩის დატყვევება სფორზაკოსტას მახლობლად. მიუხედავად ამისა, გენერალი თითქმის დაუყოვნებლივ გაათავისუფლა უნგრელი ჰუსარების შენაერთმა. დილის შუა საათებში ნეაპოლიტანელთა არმია დაჯგუფდა პოლენცას მახლობლად და ამ არეში ატყდა მძვინვარე ბრძოლა. დღის განმავლობაში მთავარი მოქმედება მიმდინარეობდა რანჩიას ციხე-სიმაგრესთან დაბანაკებული ავსტრიელების პოზიციების მახლობლად, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა ბრძოლის განმავლობაში. პირველი დღის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლიტანელებს მცირე უპირატესობები გააჩნდათ, მათ შორის, დაიკავეს მონტე მილონე, ავსტრიელებს მაინც რჩებოდათ ბრწყინვალე თავდაცვითი პოზიციები.
მეორე დღეს ნისლმა დააბრკოლა ბრძოლის დაწყება დილის 7 საათამდე. დღე მიურატისთვის კარგად დაიწყო, რადგანაც ნეაპოლიტანელთა არმიამ ბოლოსდაბოლოს მოახერხა რანჩიას ციხე-სიმაგრის აღება, ისევე, როგორც კანტაგალოს ბორცვებისა. აქედან ნეაპოლიტანელებმა შემდგომი იერიში მიიტანეს ავსტრიელთა პოზიციებზე. ნეაპოლიტანელთა ორი ქვეითი დანაყოფი, მიურატის გვარდიის ჩათვლით, მონტე მილონედან ავსტრიელთა მარცხენა ფლანგს დაესხა თავს. ნეაპოლელებმა ამასობაში შეცდომა დაუშვეს, რადგანაც კვადრატებად შეჯგუფდნენ კავალერიის კონტრშეტევის მოლოდინში, რაც საერთოდ არ განხორციელებულა. ამასობაში გენერალმა მორმა მოიგერია შეტევა ავსტრიელთა მარჯვენა ფლანგზე და ნეაპოლიტანელთა მთელ ფრონტს უკან დახევა მოუხდა პოლენცასკენ. ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გადაუჭრელი იყო, როდესაც მიურატმა მიიღო ცნობა, რომ ნიპერგმა დაამარცხა კარასკოზა სკაპეცანოს ბრძოლაში და ახლა უახლოვდებოდა ფრონტის ხაზს. მთლად რომ დაემძიმებინა სიტუაცია, მან კიდევ შეიტყო ცრუ ხმებიც, რომ ბრიტანეთის ფლოტმა ეს-ესაა სიცილიელთა არმია გადმოსხა იტალიის სამხრეთით, რომელიც მას უკანდახევის საშუალებას მოუსპობდა. მიურატმა არ იცოდა, რომ ბრიტანეთის ფლოტი იმ დროს ნეაპოლის და ანკონას ბლოკადაში მოსაქცევად მიცურავდა. გარდაუვალი დამარცხების წინათგრძნობით მიურატმა უკან დახევის ბრძანება გასცა და ბრძოლა დამთავრდა. მიურატი ნეაპოლში დაბრუნდა, მაგრამ როცა ავსტრიელები მას ხმელეთიდან მიუახლოვდნენ, ხოლო ბრიტანელები კი — ზღვიდან, მას აღარ დარჩა არჩევანი, გარდა კორსიკაში გაქცევისა, რა დროსაც მას დანიელ ჯარისკაცად მოუხდა გადაცმა. მაშასადამე, ტოლენტინოს ბრძოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა; 1815 წლის 20 მაისს ავსტრიამ და ნეაპოლმა დადეს კასალანცას ზავი, რამაც ფერდინანდ IV ტახტზე აღადგინა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპიტანი ბათი, An Historical Sketch of the Campaign of 1815, ლონდონი (1820)
- კოლეტა, პიეტრო (თარგმნა სიუზან ჰორნერმა). ნეაპოლის სამეფოს ისტორია: 1734-1825, Hamilton, Adams, and Co. (1858)
- ქასთი, ედვარდ. მეცხრამეტე საუკუნის ომების ისტორიული წყაროები (1863)