შინაარსზე გადასვლა

ჟაკ დელორი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ დელორი 1993 წელს.

ჟაკ ლუსიენ ჟან დელორი (ფრანგ. Jacques Lucien Jean Delors) (დ. 20 ივლისი, 1925, პარიზი, — გ. 27 დეკემბერი, 2023, იქვე) — ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ევროპული კომისიის პრეზიდენტი 1985-1995 წლებში. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთო ევროპული საბაზრო სივრცის, ერთიანი ევროპული ვალუტის (ევრო) და თანამედროვე ევროპული კავშირის შექმნაში.

დელორის სამსახურებრივი კარიერა 1945 წელს დაიწყო საფრანგეთის ბანკში, სადაც ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 1962 წლამდე; შემდეგ მოღვაწეობდა საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურში. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ამ პერიოდში ის იყო ქრისტიანული პროფკავშირების კონფედერაციის, შემდეგ — დემოკრატიული პროფკავშირების კონფედერაციის აქტიური წევრი. 1974 წელს შეუერთდა საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას. 1981 წლიდან 1984 წლამდე დელორი იყო ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მთავრობაში.

1985-1995 წლებში ჟაკ დელორი არჩეული იყო ევროკომისიის პრეზიდენტად. მისი ხელმძღვანელობით გატარდა ორგანიზაციის ძირეული რეფორმები, რომელთა მიზანი ევროპული თანამეგობრობის (შემდგომში — ევროკავშირი) ქვეყნების შიდა ინტეგრაციის გაძლიერება იყო. ამ პერიოდში დასრულდა საერთო საბაზრო სივრცის შექმნა, დაიდო შენგენის ხელშეკრულებები, შეიქმნა Erasmus-ის სტუდენტური გაცვლის პროგრამა და ერთიანი ევროპული ვალუტა „ევრო“.

1995 წელს დელორი საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა მან უარი თქვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე. 1996 წელს დელორი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ანალიტიკურ ცენტრს Notre Europe („ჩვენი ევროპა“, ამჟამად — ჟაკ დელორის ინსტიტუტი, Institut Jacques Delors). ჟაკ დელორი გარდაიცვალა 2023 წელს, 98 წლის ასაკში, პარიზში, საკუთარ სახლში.[1]

  • Endo, Ken. The presidency of the European Commission under Jacques Delors: The politics of shared leadership (Springer, 1999).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]