ათჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ხუთჯერ პირველ ნომრად.[2][3][კომ. 1]
2013 წელს მიიღო სპორტის რაინდის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[4]
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის მურთაზ ხურცილავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[5]
1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე მურთაზ ხურცილავა 717 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[10][11]
გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად მურთაზ ხურცილავა საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[12][13]
2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.
↑საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა). თავდაპირველად საუკეთესოებს ავლენდნენ გაზეთები „კრასნი სპორტი“ («Красный спорт»), ხოლო შემდეგ ჟურნალი „ფიზკულტურა და სპორტი“ («Физкультура и спорт»). 1933 წლიდან საუკეთესოთა სიის დამტკიცება ხდებოდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს, 1938 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის სექციის, ხოლო 1959 წლიდან — საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 1930 წლიდან სია წარმოადგენდა ფეხბურთელთა სამ სიმბოლურ შემადგენლობას იმ მოთამაშეთაგან, რომელთაც მიღწეული სეზონური მაჩვენებლებიდან გამომდინარე აკუთვნებდნენ შესაბამის ნომერს (№ 1, № 2 და № 3). 1928 წელს სიაში შეიყვანეს 44 ფეხბურთელი, ხოლო 1938 წელს — ქვეყნის 55 საუკეთესო მოთამაშე. საბჭოთა ფეხბურთის მთელი ისტორიის მანძილზე 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში სულ 616 ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი.