შინაარსზე გადასვლა

მარია ლუისა ესპანელი (1782-1824)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ლუისა ესპანელი
ეტრურიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 21 მარტი, 1801
მმართ. დასასრული: 27 მაისი, 1803
წინამორბედი: ლუიზა მარია ნეაპოლელი
მემკვიდრე: მარია ფერდინანდა საქსონიელი
ლუკას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1815
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1824
წინამორბედი: ელიზა ბონაპარტი
მემკვიდრე: კარლო II პარმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ივლისი, 1782
დაბ. ადგილი: სეგოვია, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1824, (41 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
დაკრძ. ადგილი: ესკორიალის ბაზილიკა, მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: ლუდოვიკო I, ეტრურიის მეფე
შვილები: კარლო II, პარმის ჰერცოგი
მარია ლუიზა კარლოტა, საქსონიის პრინცესა
სრული სახელი: მარია ლუისა ხოსეფინა ანტონიეტა ვისენტა დე ბურბონ ი ბურბონ-პარმა
დინასტია: ბურბონები
მამა: კარლ IV, ესპანეთის მეფე
დედა: მარია ლუიზა პარმელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ლუისა ესპანელი (ესპ. María Luisa de España, იტალ. Maria Luisa di Spagna; დ. 6 ივლისი, 1782 — გ. 13 მარტი, 1824) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანელი ინფანტა. ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის შუათანა ქალიშვილი. 1795 წელს ცოლად გაჰყვა პარმის პრინც ლუდოვიკოს. მან თავისი ქორწინების პირველი წლები ესპანეთის სამეფო კარზე გაატარა, სადაც დაიბადა მათი ვაჟი კარლო.

1801 წელს დადებული არანხუესის ხელშეკრულების საფუძველზე მისი ქმარი ეტრურიის (თანამედროვე ტოსკანის ტერიტორია) მეფე ხდება. შესაძლოა ითქვას, რომ ტოსკანის გადაცემით ფრანგებმა ლუდოვიკოს აუნაზღაურეს მათ მიერ პარმის ტახტის მიტაცება. ამის შემდეგ ისინი ფლორენციაში გადასახლდნენ, მათი ახალი სამეფო კი ოფიციალურად 1801 წლის აგვისტოში შეიქმნა. ამ ვიზიტის დროს 1802 წელს მარია ლუისამ თავისი მეორე შვილი გააჩინა. მისი ქმრის მმართველობა ეტრურიაში დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი იტალიაში ჩასვლისთანავე მძიმედ დაავადდა და 1803 წელს გარდაიცვალა 30 წლის ასაკში. ამის შემდეგ ეტრურიის მეფე მათი ვაჟი კარლო II ხდება, რომლის რეგენტადაც მარია ლუისა გვევლინება. რეგენტობის პერიოდში იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა როგორმე ახალი ადმინისტრაციული რეფორმებით ეტრურია გაეძლიერებინა და გამკლავებოდა ნაპოლეონ ბონაპარტის მუდმივ შემოჭრებს. საბოლოოდ 1807 წლის ოქტომბერში გაფორმდა ფონტენბლოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეტრურია ნაპოლეონის დომენში გადადიოდა.

მას შემდეგ, რაც ეტრურიის შემდეგ ნაპოლეონმა მილანიც აიღო (სადაც იყო გაქცეული მარია ლუისა), იგი თავის შვილებთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა. ამ დროისათვის თავად ესპანეთის სამეფო ოჯახშიც არ იყო სტაბილური მდგომარეობა. სამეფო რეზიდენცია არანხუესში იყო გადატანილი, მეფე კარლს კი თავის თანამმარველად მარია ლუისას ძმა, ფერდინანდ VII დაენიშნა. მალევე ნაპოლეონი ბაიონიდან ესპანეთშიც შეიჭრა, სადაც 1808 წლის 2 მაისს დაამხო კარლ IV-ის მმართველობა და ესპანეთის მეფედ თავისი ძმა, ჟოზეფ I დასვა. კვლავ ფრანგული ოკუპაციის გამო მარია ლუისამ თავის ოჯახთან ერთად დატოვა ესპანეთი. ესპანეთიდან გაქცევის შემდეგ სამეფო ოჯახმა თავი რომის პაპს შეაფარა.

მას შემდეგ რაც 1814 წელს ნაპოლეონი დაამხეს და მისი დაპყრობილი ქვეყნები განთავისუფლდნენ, მარია ლუისა კვლავ ეტრურიის დედოფლად მოიხსენიებოდა, თუმცა ამ დროს ეტრურია როგორც სამეფო უკვე აღარ არსებობდა. ამ დროისათვის იგი კვლავ რომში რჩებოდა და იმედოვნებდა თავისი ვაჟისათვის ტახტის მოპოვებას. მალევე ვენის კონგრესზე აღადგინეს პარმის საჰერცოგო, რომლის ტახტიც კვლავ მარია ლუისას ვაჟს დაუბრუნდა, თავად მარია ლუისას კი პატარა ლუკას საჰერცოგო უბოძეს სამართავად. 1817 წლის დეკემბერში მან უარი განაცხადა ლუკაში ჩასვლასა და მის მმართველობაზე, რის გამოც საჰერცოგოს მართვა მისმა ადგილობრივმა მთავრობამ აიღო თავის თავზე. თავად მარია ლუისამ თავისი უკანასკნელი წლები რომში გაატარა და აქვე გარდაიცვალა 1824 წელს, 41 წლის ასაკში.

ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ოჯახი ფრანსისკო გოიას შესრულებით. მარია ლუისა წარმოდგენილია მარჯვენა კუთხეში ჩვილი ვაჟით ხელში, გვერდით კი მისი ქმარი ლუდოვიკო უდგას

მარია ლუისა დაიბადა 1782 წლის 6 ივლისს ესპანეთის ქალაქ სეგოვიის სან ილდეფონსოს სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის შვილიშვილის, დედოფალ მარია ლუიზა პარმელის რიგით მეოთხე გადარჩენილი ქალიშვილი. მას სახელად მარია ლუისა დაარქვეს, მისი უფროსი დის, მარია ლუისას პატივსაცემად, რომელიც მის დაბადებამდე ოთხი დღით ადრე გარდაიცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ უფროს მარია ლუისას სახელი მამიდის, საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა ესპანელის პატივსაცემად დაარქვეს.

1795 წელს მარია ლუისას ბიძაშვილი, პარმის პრინცი ლუდოვიკო ესპანეთის სამეფო კარზე ჩავიდა განათლების დასასრულებლად. აქ მას დედოფალმა მარია ლუიზამ და მეფე კარლმა მას თავიანთ ერთ-ერთ ქალიშვილზე დაქორწინება შესთავაზეს ესპანელი და პარმელი ბურბონების კიდევ უფრო დასაახლოვებლად. თავდაპირველად ლუდოვიკოს საცოლედ მოიაზრებოდა კარლ IV-ის უფროსი გაუთხოვარი ასული მარია ამალია, რომელიც დიდად არ გამოირჩეოდა სილამაზით და მელანქოლიური ხასიათიც ჰქონდა, რასაც ისიც ემატებოდა, რომ იგი ლუდოვიკოზე ხუთი წლით უფროსი იყო. ამ ყველაფრის გამო ლუდოვიკომ უარი თქვა მარია ამალიაზე და თავის საცოლედ მისი უმცროსი და მარია ლუისა შეარჩია, რომელიც კარლ IV-ის ქალიშვილებიდან ყველაზე მომხიბლავი იყო. მარია ლუისას ჰქონდა გრძელი და ხვეული შავი თმა, აპრეხილი ცხვირი, თეთრი კანი, ჩამოსხმული ტანი და ლამაზი ყავისფერი თვალები. ამას გარდა იგი ძალიან განათლებული, დახვეწილი და ცოცხალი ხასიათის გოგონა იყო. ლუდოვიკოს გადაწყვეტილებამ დიდად გაახარა დედოფალი მარია ლუიზა, რომელიც ცხადია დასთანხმდა მათ ქორწინებას.

1795 წლის 25 აგვისტოს, ლა გრანხას სამეფო სასახლეში შედგა მარია ლუისასა და ლუდოვიკო პარმელის ქორწინება, რის შემდეგაც ლუდოვიკოს ესპანეთის ინფანტის წოდება მიენიჭა. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება, რა დროსაც მათთან ერთად დაქორწინდნენ მარია ლუისას უფროსი და, მარია ამალია და ბიძამისი ანტონიო პასკალი (კარლ IV-ის უმცროსი ძმა). მიუხედავად იმისა, რომ ლუდოვიკოსა და მარია ლუისას რადიკალურად განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ, მათ შესძლეს და ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ლუდოვიკოს გამუდმებულად აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლება: ჰქონდა სახსრების პრობლემა, ტკივილები გულმკერდის არეში და ეპილეფსიური შეტევები, რაც მას შემდეგ დაეწყო, რაც ბავშვობაში თავში მარმარილოს მაგიდა მოხვდა. წლების მანძილზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა და სულ უფრო დამოკიდებული ხდებოდა მარია ლუისაზე. წყვილმა თავიანთი ქორწინების პირველი წლები ესპანეთის სამეფო კარზე გაატარა, რაც მათი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო.

როდესაც გათხოვდა მარია ლუისა მხოლოდ ცამეტი წლის იყო და შემდეგი ოთხი წელი იგი ბავშვს ვერ აჩენდა. მისი პირველი ვაჟი, კარლო დაიბადა 1799 წლის 22 დეკემბერს მადრიდში. ამის შემდეგ წყვილს პარმაში დაბრუნება მოუნდა. თუმცა, 1800 წლის გაზაფხულამდე მეფისა და დედოფლის თხოვნით ისინი კვლავ ესპანეთში, არანხუესის სასახლეში დარჩნენ, მანამ სანამ ფრანსისკო გოია მათ საოჯახო პორტრეტს დაასრულებდა.

ეტრურიის სამეფო 1803 წელს

იტალიაში გადასვლასთან ერთად მარია ლუისას ცხოვრება უკავშირდება გამუდმებულ ბრძოლას საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის წინააღმდეგ. თავდაპირველად ნაპოლეონი დაინტერესებული იყო ესპანეთთან ალიანსის შექმნით, ისევდაისევ ინგლისის წინააღმდეგ. 1800 წელს მან თავისი ძმა, ლუსიენ ბონაპარტი გააგზავნა ესპანეთის სამეფო კარზე მოსალაპარაკებლად, რასაც არანხუესის ხელშეკრულების დადება მოჰყვა. ნაპოლეონი, რომელმაც მთელი ჩრდილოეთ იტალია დაიპყრო (მათ შორის ლუდოვიკოს მშობლიური პარმაც), ალიანსის სანაცვლოდ ბურბონებს სთავაზობდა ტოსკანის ტერიტორიებზე ახალი სამეფოს — ეტრურიის შექმნას, რომლის მმართველებიც მარია ლუისა და ლუდოვიკო იქნებოდნენ, რითაც თავის მხრივ იგი ამით ანაზღაურებდა პარმის ოკუპაციას.

ტოსკანის ეტრურიად გადაკეთებისას, ნაპოლეონმა დაამხო ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფერდინანდ III (მარია ლუისას მამიდაშვილი), რომელიც ზალსბურგში გაიქცა. მარია ლუისა, რომელიც აქამდე არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში, ახლა გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა მათ გეგმას. ეტრურიის ტახტის მისაღებად, ნაპოლეონი ითხოვდა მარია ლუისასა და ლუდოვიკოს პარიზში ჩასვლას, სადაც იგი მათ ოფიციალურად გამოაცხადებდა ეტრურიის მეფე-დედოფლად. მარია ლუისა კატეგორიულ უარს აცხადებდა საფრანგეთში წასვლაზე, სადაც შვიდი წლის წინ მისი ბიძაშვილები, საფრანგეთის მეფე ლუი XVI და დედოფალი მარია ანტუანეტა რევოლუციონერებმა სიკვდილით დასაჯეს. საბოლოოდ, 1801 წლის 21 აპრილს წყვილმა დატოვა მადრიდი და მართალია პარიზში არა, თუმცა საფრანგეთის საზღვრისპირა ქალაქ ბაიონში ჩავიდნენ. 24 მაისს ისინი პარიზში მაინც ჩავიდნენ, სადაც ნაპოლეონი მათ გულთბილად დახვდათ და დიდი ყურადღება მიაქციათ. ფრანგებმა ახალგაზრდა წყვილზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა თავად ფრანგებს დიდად არ მოეწონათ ესპანელი წყვილი. ფრანგმა არისტოკრატმა, ჰერცოგინია დე აბრანტემ თავის მემუარებში მარია ლუისაზე ასეთი რამ დაწერა:

ვიკიციტატა
„იგი ქედმაღლობისა და ამპარტავნების ნაზავია, რაც იმის საშუალებასაც კი არ აძლევს, რომ დაბალი წოდების ხალხთან ისაუბროს.“

თავის მხრივ არც მარია ლუისა დარჩენილა დიდად ნასიამოვნები პარიზის ვიზიტით. მას იქ ჩასვლისთანავე საშინელი ცხელება შეეყარა და ვიზიტის დიდი ნაწილი საწოლში გაატარა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამის მიუხედავად იგი დიდად შეშფოთებული იყო ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელიც როდესაც შატო დე მალმეზონში მიემგზავრებოდნენ ეპილეფსიურ კრუნჩხვებში ჩავარდა. ნაპოლეონისაგან ტახტის მიღებისას მარია ლუისამ უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა სამეფო ოჯახსა და მინისტრებზე ვიდრე ლუდოვიკომ. ნაპოლეონის პირველმა კონსულმა თავის მემუარებში მარია ლუისაზე ასეთი რამ დაწერა:

ვიკიციტატა
„მისი უდიდებულესობა ეტრურიის დედოფალი ბევრად უფრო გულახდილი და გონიერი იყო, ვიდრე მისი მეუღლე... იგი გარიჟრაჟზე იღვიძებდა, იმოსებოდა და სასახლის გაღვიძებამდე ბაღში საათობით სეირნობდა, კრეფდა ყვავილებს და შემდეგ მათ ან კაბაზე იმაგრებდა ან დიადემას აკეთებდა. ასევე ხშირად ასეირნებდა თავის ვაჟსაც, რომელსაც ბაღში ყოფნისას ფეხსაცმელს ხდიდა, რათა ფეხებზე ქვიშა შეეგრძნო. იგი არასოდეს აკეთებდა ისეთ რამეს, რაც მისი რანგისა და წოდების ადამიანისათვის შეუსაბამო იყო. მისი უდიდებულესობა ბრწყინვალედ ართმევდა არა მხოლოდ დედოფლის, არამედ მეუღლისა და დედის მოვალეობებს. იგი თავისი ქმრის პირველი მრჩეველი იყო. მას თავისი კეთილგონიერებითა და სათნოებით, ყოველივე კარგი მოჰქონდა ოჯახისათვის, რის გამოც ეტრურიის მეფე ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მას.“
მარია ლუისა ქმართან და შვილებთან ერთად

30 ივნისს, სამკვირიანი პარიზული ვიზიტის შემდეგ, ეტრურიის მეფე-დედოფალი სამხრეთისაკენ დაიძრნენ. ისინი ჯერ პიაჩენცაში ჩავიდნენ, სადაც მარია ლუისამ გაიცნო ლუდოვიკოს მშობლები, ჰერცოგი ფერდინანდო I და მარია ამალია ავსტრიელი, აგრეთვე ლუიჯის ორი გაუთხოვარი და: კაროლინა და ანტონია. მათ შენიშნეს, რომ ლუდოვიკო იტალიურ ენაზე უკვე ესპანური აქცენტით საუბრობდა და იტალიურად საუბრისას ხშირად ესპანურ სიტყვებს იშველიებდა. პიაჩენცაში სამკვირიანი შეჩერების შემდეგ წყვილი ეტრურიაში ჩავიდა. აგვისტოში ისინი უკვე ფლორენციაში იყვნენ. მანამდე ლუდოვიკომ ფრანგი გენერალი იოაჰიმ მიურატი გააგზავნა ფლორენციაში, რათა მათი ჩასვლისათვის ყველაფერი მოემზადებინა. მიურატმა მეფე-დედოფალს პიტის სასახლე მოუმზადათ, თუმცა წყვილმა არც თუ ისე დიდი აღფრთოვანებით დაიწყეს მათი ახალი ცხოვრება. ამ დროს მარია ლუისას მუცელი მოეშალა, რასაც ლუდოვიკოს ჯანმრთელობის გაუარესება დაერთო. მას ეპილეფსიური შეტევები კიდევ უფრო გაუხშირდა. პიტის სასახლე საუკუნეების წინ იყო აგებული და გარემონტებული. მას ჯერ კიდევ ეტყობოდა რენესანსის დროის, მედიჩებისათვის ჩვეული არქიტექტურული კვალი. სასახლე უკანასკნელი მედიჩი მმართველის, კოზიმო III-ის გარდაცვალების შემდეგ მიტოვებული იყო და ფერდინანდ ავსტრიელმა მთელი ძვირფასეულობა თან წაიღო როცა ნაპოლეონის შემოჭრისას ზალსბურგში გაიქცა. ვინაიდან ამ დროისათვის ხაზინა ცარიელი იყო, მეფე-დედოფალი იძულებულები გახდნენ ავეჯი ადგილობრივები დიდგვაროვნებისაგან მიეღოთ. მარია ლუისასა და ლუდოვიკოს თავდაპირველად კეთილი განზრახვები ჰქონდათ და ახალი რეფორმების გატარება დაიწყეს, თუმცა ადგილობრივი არისტოკრატიის მხრიდან უკმაყოფილებას წააწყდნენ, ვინაიდან იტალიელები მათ ფრანგების მარიონეტებად თვლიდნენ. მალევე ეტრურიის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანა მიწასთან იყო გასწორებული გამუდმებული ფრანგული და ესპანური შემოსევებისაგან, რასაც გვალვა და ცუდი მოსავალიც ემატებოდა. 1802 წელს ეტრურიის მეფე-დედოფალი ესპანეთის სამეფო კარზე მიიწვიეს ორმაგ დინასტიურ ქორწინებაზე დასასწრებლად, რა დროსაც მარია ლუისას ძმა, ინფანტი ფერდინანდი ცოლად ირთავდა ნეაპოლისა და სიცილიის მეფის ასულ მარია ანტონია ნეაპოლელს, ხოლო ნეაპოლისა და სიცილიის ახალი მეფე ფრანჩესკო I ცოლად ირთავდა მარია ლუისას დას, მარია ისაბელ ესპანელს. ცხადია ასეთ ქორწილში მათ ყველა ძვირფასი საჩუქრებით ელოდა, რისი საშუალებაც ამ დროს ეტრურიას არ გააჩნდა, ამასთან ლუდოვიკოს გამუდმებული შეტევებისა და მარია ლუისას ორსულობის გამო საზღვარგარეთ, ასეთ შორ მანძილზე მოგზაურობა მიზანშეწონილი არ იყო. ამ მიზეზების გამო მარია ლუისამ და-ძმის ქორწილზე ჩასვლაზე უარი განაცხადა. თუმცა, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და ხელშეწყობით მარია ლუისა და ლუდოვიკო საბოლოოდ მაინც გაემგზავრნენ ესპანეთში.

გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ლუდოვიკო მძიმედ დაავადდა, რის გამოც ისინი რამდენიმე დღით გვიან გავიდნენ იტალიიდან. გემზე, რამდენიმე კვირიანი მგზავრობისაგან, ორსული დედოფალიც შეუძლოდ გახდა. 1802 წლის 2 ოქტომბერს, ბარსელონაში შესვლამდე, ჯერ კიდევ ღია წყლებში, გემზე მარია ლუისამ გოგონა გააჩინა, რომელსაც დედისა და მულის პატივსაცემად მარია ლუიზა კარლოტა დაარქვა. თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ დედაც და შვილიც დაიღუპებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც გადარჩნენ. საბოლოოდ, ყოველივე ამის გამო წყვილი ქორწილზე ძალიან გვიან მივიდა. სამდღიანი დაგვიანების შემდეგ მარია ლუისა და ლუდოვიკო ახალშობილთან ერთად ბარსელონაში შევიდნენ, სადაც მათ მარია ლუისას დედ-მამა ელოდებოდნენ. ესპანეთში ჩასვლიდან ერთ კვირაში მათ მიიღეს ცნობა, რომ ლუდოვიკოს მამა, ჰერცოგი ფერდინანდო გარდაცვლილიყო. ავადმყოფ და გაუბედურებულ ლუდოვიკოს სასწრაფოდ მოუნდა კვლავ იტალიაში ჩასვლა, სადაც მაინც ვერ მიუსწრებდა მამის დაკრძალვას, რადგან მისი გარდაცვალებიდან ისედაც ერთ კვირაში მიიღო ცნობა, ხოლო სანამ იგი ესპანეთიდან შუა იტალიაში ჩავიდოდა ფერდინანდოს უკვე დაკრძალავდნენ. ამიტომაც მეფე კარლ IV-მ და დედოფალმა მარია ლუიზა პარმელმა (რომლის ძმაც იყო ჰერცოგი ფერდინანდო) ლუდოვიკო დარჩენაზე დაითანხმეს. ამრიგად ერტურიის მეფე-დედოფალი ესპანეთის ქალაქ კარტახენაში დეკემბრამდე დარჩნენ.

ეტრურიაში დაბრუნებული ლუდოვიკო კიდევ უფრო მძიმედ გახდა, თუმცა დედოფალი ხალხს მის ავადმყოფობას უმალავდა. ამ დროს საჯარო და სასამართლო ფუნქციები მთლიანად მარია ლუისამ აიღო თავის თავზე. მიუხედავად ყველაფრისა, 1803 წლის 27 მაისს, 30 წლის ლუდოვიკო ეპილეფსიური შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

1803 წელს მოჭრილი ტოსკანური ვერცხლის მონეტა მარია ლუისას და მისი ვაჟის გამოსახულებით. უდრიდა ათ ლივრს.

საყვარელი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა, საფუძველი ჩაუყარა მარია ლუისას ნერვულ დაავადებებს. ახალი მეფე მისი მცირეწლოვანი ვაჟი კარლო II გახდა, რომლის რეგენტიც მარია ლუისა გახდა. დაქვრივებისას მარია ლუისა მხოლოდ ოცი წლის იყო, ამიტომაც საფრანგეთიდან და ესპანეთიდან უამრავი საქორწინო შეთავაზება მიუვიდა. ერთ-ერთი ასეთი ხელისმთხოვნელი იყო მისი ბიძაშვილი, ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი პედრო კარლოსი, თუმცა მარია ლუისამ ყველა შეთავაზებაზე ცივი უარი განაცხადა.

თავისი რეგენტობის ოთხი წლის მანძილზე მან ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტისაგან შემდგარი მთავრობა და ასე მართავდა ეტრურიას. მისი მთავარი მინისტრები იყვნენ გრაფი ფოსომბრონი და ჯან გაბრიელ ეინარდი. მათთან ერთად მარია ლუისამ მოახდინა საგადასახადო სისტემის რეორგანიზაცია, რა დროსაც მან დაბეგრა თამბაქოსა და ფაიფურის ვაჭრებიც, რომლებიც აქამდე ამ მხრივ თავისუფლები იყვნენ. დედოფალ-რეგენტმა გაატარა ახალი საგანმანათლებლო რეგორმებიც, რა დროსაც მან ჩამოაყალიბა მეცნიერების უმაღლესი სკოლა და ფიზიკისა და ეროვნული ისტორიის მუზეუმები. როგორც ადვილად ინტეგრირებულმა ადამიანმა, მარია ლუისამ პიტის სასახლეში აწყობდა საოცარი ბანკეტებს, იწვევდა მწერლებსა და მხატვრებს, ასევე უცხოელ ელჩებსა და არისტოკრატებს.

მიუხედავად იმისა, რომ მარია ლუისამ როგორც იქნა შესძლო ფლორენციელებისათვის თავი მოეწონებინა, მისი მმართველობა მაინც შეირყა, თუმცა ამჯერად უკვე ნაპოლეონის გამო. ნაპოლეონი მალევე შეიჭრა ეტრურიაში, რის მიზეზადაც შემდეგი რამ განაცხადა: "ვშიშობ, რომ დედოფალი და მისი ვაჟი ზედმეტად ახალგაზრდები არიან ეტრურიის სამეფოს სამართავად." მიუხედავად იმისა, რომ მარია ლუისას საკუთრივ იტალიელების გარდა ინგლისელი და ესპანელი ბლოკადებიც იცავდნენ, ნაპოლეონმა მოახერხა მათი დამარცხება და მარია ლუისას იზოლაცია. მალევე ნაპოლეონმა თავისი ცოლის, იმპერატრიცა ჟოზეფინ დე ბოარნეს თხოვნით მარია ლუისასთან საფრანგეთის ელჩი, ექტორ დე ობუზონი გააგზავნა მოსალაპარაკებლად. მარია ლუისამ კატეგორიული უარი განაცხადა ჩაბარებაზე. საბოლოოდ, 1807 წლის 23 ნოემბერს ნაპოლეონის გარნიზონებმა აიღეს ფლორენცია, თუმცა მარია ლუისა თავის შვილებთან ერთად კვლავ პიტის სასახლეში დარჩა. ნაპოლეონმა მას კიდევ ერთხელ შესთავაზა ტახტიდან გადადგომა, რის სანაცვლოდაც იგი მას ესპანეთში მშვიდობით დაბრუნებას ჰპირდებოდა. საბოლოოდ მარია ლუისა დათანხმდა და 1807 წლის 10 დეკემბერს შვილებთან ერთად დატოვა ფლორენცია და ესპანეთში დაბრუნდა, სადაც მისი დანებებით გულგატეხილი მამა დახვდა, წინ კი გაურკვეველი მომავალი ელოდა. მალევე ნაპოლეონმა ეტრურია საფრანგეთს მიუერთა და მის მმართველად თავისი და — ელიზა ბონაპარტი დანიშნა, რომელიც ქვეყანას "ტოსკანის დიდი ჰერცოგინიის" წოდებით მართავდა.

მარია ლუისა თავის შვილებთან ერთად

ეტრურიიდან გადასახლებული მარია ლუისა თავდაპირველად მილანში ჩავიდა, სადაც მას პირადი აუდიენცია ჰქონდა ნაპოლეონთან. იმპერატორმა მას პირობა მისცა, რომ ეტრურიის ტახტს ლუზიტანიით აუნაზღაურებდა (ჩრდილო პორტუგალია), რომელსაც მას შემდეგ მიიღებდა რაც ფრანკო-ესპანური ჯარები პორტუგალიას დაიპყრობდნენ და დაინაწილებდნენ. ეს იყო 1807 წელს გაფორმებული ფონტენბლოს ხელშეკრულების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ნაპოლეონმა ეტრურია საფრანგეთის დომენს მიუერთა. ამ კავშირის განსამტკიცებლად ნაპოლეონმა გადაწყვიტა მარია ლუისა თავის ძმაზე, ლუსიენზე დაექორწინებინა, თუმცა ქორწინებაზე ორივე მხრიდან უარი წამოვიდა: ლუსიენისგან იმიტომ, რომ მას თავის საყვარელ მეუღლესთან, ალექსანდრინა დე ბეზშამპთან განქორწინება არ სურდა, მარია ლუისამ კი მთლიანად უარყო ეს გეგმა, რადგანაც პორტუგალიის ტახტზე მისი და კარლოტა იჯდა, მისი დაზარალება კი არ სურდა. ამის შემდეგ ნაპოლეონმა მისი დასახლება ნიცაში, ან ტურინში მოისურვა, თუმცა მარია ლუისა მისი მშობლების დაჟინებული მოთხოვნით შვილებთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა. მადრიდში დაბრუნებულ მარია ლუისას ყველაფერი გადასხვაფერებული დახვდა: მის ძმას, ასტურიის პრინც ფერდინანდს კვლავ მემკვიდრის პრობლემა ჰქონდა, მამამისი ხალხში ძალიან არაპოპულარულ მონარქად იქცა და სახელმწიფოს ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრი მანუელ გოდოი მართავდა.

ფერდინანდის უნაყოფობამ სამეფო ოჯახის ავტორიტეტი დიდად შეარყია, ფონტენბლოს ხელშეკრულების დარღვევამ კი ნაპოლეონს საშუალება მისცა ესპანეთში შეჭრილიყო. პორტუგალიური ლაშქრობისას დახმარების არ გაწევის გამო, საფრანგეთის ჯარები 1807 წლის დეკემბერში ესპანეთში შევიდა. ესპანეთის დაშინებულმა სამეფო ოჯახმა სასწრაფოდ მექსიკაში გაქცევა გადაწყვიტა, თუმცა მათი გეგმა ჩაიშალა. ამ ეტაპტე, 1808 წლის 19 თებერვალს მარია ლუისა თავის შვილებთან ერთად არანხუესში გადავიდა.

მარია ლუისა საფრანგეთში ყოფნისას

პრინცი ფერდინანდი და მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი გოდოი ნაპოლეონის მხარეს გადავიდა და ქვეყანას უღალატა. 18 მარტს არანხუესი აჯანყდა. არისტოკრატები, ჯარისკაცები და გლეხები ერთიანად მოითხოვდნენ გოდოის გადაყენებას. მალე ისინი სამეფო რეზიდენციაში შეიჭრნენ, სადაც მეფე კარლ IV იძულებული გახდა გოდოი დაკავებული თანამდებობიდან გაენთავისუფლებინა. ორ დღეში აჯანყებულებმა მეფე კარლი აიძულეს თანამდებობიდან თავადაც გადამდგარიყო თავისი ვაჟის, ახლა უკვე მეფე ფერდინანდ VII-ის სასარგებლოდ. კარლის გადადგომამ და ფერდინანდის გამეფებამ ხალხი დააკმაყოფილა და აჯანყებაც ჩაცხრა.

მარია ლუისა, რომელიც ამ დროს ესპანეთში მხოლოდ ერთი თვის ჩასული იყო, ფერდინანდმა თავის მხარეს გადაიყვანა. იგი ფერდინანდ VII-ისა და ნაპოლეონის მარშალ იოჰაკიმ მიურატს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, რომელმაც უკვე 23 მარტს მადრიდი აიღო. ცხადია ნაპოლეონსა და მის მარშლებს ესპანეთში ორი მეფის არსებობა ხელს აძლევდა და ფრანგებიც ყველანაირად ცდილობდნენ მამა-შვილს შორის უთანხმოების ჩამოგდებას. აჯანყებისას მარია ლუისამ არანხუესიდან ვერ გაასწრო, ვინაიდან მოულოდნელად მისი ვაჟი ავად გახდა, ამიტომაც მის დასაცავად ბიძამისი ანტონიო და უმცროსი ძმა ფრანსისკო ჩავიდნენ. თუმცა, ნაპოლეონმა დაჟინებით მოითხოვა და ესპანეთის მეფის ყველა ნათესავი საფრანგეთში წაიყვანა. 1808 წლის 2 მაისს, როდესაც ესპანელი დიდგვაროვნები იძულებით მიჰყავდათ საფრანგეთში, მადრიდელები ფრანგული ოკუპაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ, თუმცა ამბოხი მიურატმა სასტიკად ჩაახშო.

ამ დროისათვის, ესპანელების თვალში მარია ლუისა არაპოპულარული იყო. ეტრურიაში გათხოვების შემდეგ, ესპანელებისათვის იგი უკვე უცხოელ პრინცესას წარმოადგენდა, რომელსაც თავისი ვაჟისათვის ესპანეთის ტახტის მიღება სურდა და ამისათვის მიურატთანაც კი თანამშრომლობდა. როდესაც იგი საფრანგეთ-ესპანეთის სასაზღვრო ქალაქ ბაიონში მამამისს შეხვდა, კარლი მას ამ სიტყვებით შეეგება: "ჩემო ქალიშვილო, ჩვენმა ოჯახმა სამუდამოდ დაკარგა მეფობა". ნაპოლეონი იძულებული გახდა კარლ IV და ფერდინანდ VII ოფიციალურად კვლავ ესპანეთის მეფეებად ეცნო, რის გამოც მან მათ დიდი პენსია გამოუყო და საკუთრად შამბორის შატო უბოძათ კოპიენში. თავიდან მარია ლუისა გულმოგდინედ ცდილობდა დაერწმუნებინა ნაპოლეონი, რომ მისთვის ტოსკანა ან პარმა დაებრუნებინა. ნაპოლეონმა მას სანაცვლოდ დიდი პენსია გამოუყო და დაარწმუნა, რომ საფრანგეთის სამეფო კარზე უფრო ბედნიერი იქნებოდა ვიდრე იტალიაში. მიუხედავად ყველაფრისა, იგი ჯიუტად აპროტესტებდა თავისი ვაჟის მემკვიდრეობის უსამართლო კონფისკაციას.

მარია ლუისა საპატიო ტყვეობაში

1808 წლის 6 ივნისს ნაპოლეონმა უკვე ოფიციალურადაც ჩამოართვა ტახტი კარლსა და ფერდინანდს და ესპანეთის ახალ მეფედ თავისი ძმა, ჟოზეფ I დასვა, ამის შემდეგ კი ესპანეთის სამეფო ოჯახი იძულებით შეასახლა ფონტენბლოში. მარია ლუისამ ნაპოლეონს სთხოვა, რომ ის და მისი შვილები პასიში გადაეყვანა, თუმცა ამის ნაცვლად 18 ივნისს ისინი კომპიენში გადაიყვანეს. აქ მას წლების წინ დაწყებული ფსიქიკური აშლილობა კიდევ უფრო გაუმძაფრდა, რასაც გაუსაძლისი სიღარიბეც დაერთო. ნაპოლეონი მას მიზერულ პენსიას უხდიდა. ცნობილია, რომ მარია ლუისას ცხენიც კი არ ჰყავდა და იძულებული იყო ფეხით წასულიყო იქ სადაც სჭირდებოდა. საბოლოოდ ნაპოლეონმა მას 12, 000 ფრანკი გაუგზავნა და მისწერა, რომ ეს იყო ის შეპირებული ტოსკანისა და პარმის ტახტის კომპენსაცია. განრისხებულმა მარია ლუისამ ეს ფული მას უკან გაუგზავნა და შეუთვალა, რომ სანაცვლოდ მხოლოდ თავისუფლებას ითხოვდა. მას პარმაში, კოლორნოს სასახლეში მშვიდად ცხოვრება სურდა. თავდაპირველად ნაპოლეონი დასთანხმდა, მარია ლუისაც შვილებთან ერთად იტალიისკენ დაიძრა, თუმცა ლიონთან იგი შეაჩერეს, ბრალად ღალატი დასდეს და ნიცაში წაიყვანეს, სადაც იგი შვილებთან ერთად გამოკეტეს.

მან მალევე ინგლისში გაქცევა დაგეგმა, თუმცა მისი წერილები გაშიფრეს, მისი ორი თანამზრახველი კი სიკვდილით დასაჯეს. ამავე წლის 26 ივლისს მარია ლუისა დააპატიმრეს და რომში გადაასახლეს, მისი ცხრა წლის ვაჟი და ქალიშვილი კი საფრანგეთში დატოვეს. მის შვილებზე ზრუნვა მეფე კარლმა და დედოფალმა მარია ლუიზა პარმელმა ითავეს. მარია ლუისას ჩამოართვეს მთელი სამკაულები და ძვირფასეულობა, პენსია კი 2, 500 ფრანკამდე შეუმცირეს. 1811 წლის 14 აგვისტოს მის ქალიშვილთან ერთად იგი რომის სანტო დომინიკო ე სანტოში გადაიყვანეს და იქ გამოკეტეს. მან ყოველივე ეს გააასაჩივრა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

1812 წლის 18 მარტს მარია ლუისასა და მის შვილებს შეუჩერეს მემკვიდრეობის უფლება ესპანეთის ტახტსა და ყველა მის დომინონზე, თუმცა მათ ეს უფლებები 1820 წელს კვლავ აღიდგინეს. შემდგომში ეტრურიის ექს-დედოფალი თავის მემუარებში წერდა:

ვიკიციტატა
„მე ამ მონასტერში ორი წლის მანძილზე ვიყავი გამოკეტილი და ერთი წლის მანძილზე არავინ არც მინახავს და არც არავისთან მისაუბრია. მე, დამნაშავესავით ჩამომართვეს საკუთარ შვილებთან წერილის გაგზავნის უფლებაც კი, მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. 1812 წლის 16 ივნისს რომში ჩემი მშობლები მათთან ერთად მესტუმრნენ, რამაც იმედი ჩამისახა. მე მეგონა, რომ უკვე შემეძლო ამ ადგილიდან მათთან ერთად წასვლა, თუმცა ჩემი დაუმსახურებელი სასჯელი ბევრად მკაცრი აღმოჩნდა.“

1812 წლის 19 ივნისს მან შეძლო კვლავ ენახა თავისი ოჯახი. ამ ემოციური შეხვედრისას, მარია ლუისა დედამისმა გულში ჩაიკრა, მან კი თავის შვილებს სიხარულისაგან ყელში კოცნა დაუწყო. ასევე გულთბილად შეხვდა მამასაც. ამის შემდეგ მას ნება დართეს მშობლებსა და შვილებს თვეში ერთხელ, მხოლოდ ოცი წუთით შეხვედროდა ხოლმე, ისიც ზედამხედველობის ქვეშ. იგი მხოლოდ ნაპოლეონის დამხობის შემდეგ განთავისუფლდა. 1814 წლის 14 იანვარს, როდესაც მიურატის ჯარებმა რომი აიღო, ჯარისკაცებმა მისი მონასტის კარიბჭე შეანგრიეს და ოთხწლიანი ტყვეობიდან გაანთავისუფლეს მარია ლუისა ესპანელი.

მარია ლუისა 1815 წელს თავის შვილებთან ერთად

განთავისუფლების შემდეგ მარია ლუისა შვილებთან და მშობლებთან ერთად ბარბერინის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. მან იმედი გამოთქვა, რომ 1814-15 წელს ვენის კონგრესზე, რომელიც მოწვეულ იქნა, რათა ნაპოლეონის მიერ "არეული" ევროპა კლვავ ძველ საზღვრებში უნდა დაბრუნებულიყო, მის ვაჟს პარმისა და პიაჩენცის ტახტს დაუბრუნებდნენ. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი დევნილობიდან კუნძულ ელბაზე გადავიდა, შეშინებული მარია ლუისა და მისი ოჯახი რომში გაიქცა. ნაპოლეონის გადაადგილებასთან ერთად ის და მისი ოჯახიც იტალიის ერთი ქალაქიდან მეორეში დადიოდა. გენუაში იგი ძველ ნაცნობს, გრაფინია და ბრინოლს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ მარია ლუისა ჭუჭყიანი და ვულგალური იყო. მას შემდეგ რაც ნაპოლეონი ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხდა, მარია ლუისა თავის მშობლებთან და შვილებთან ერთად რომში დაბრუნდა.

ვენის კონგრესზე მარია ლუისას ინტერესებს წარმოადგენდა ესპანელი დიდგვაროვანი, მარკიზი დე ლაბრადორი, ძალზედ არაკომპეტენტური ადამიანი, რომელმაც ევროპის მონარქებს მარია ლუისას მიზნები არასწორად წარუდგინა. ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა მეტერნიხმა, გადაწყვიტა, რომ პარმა არ დაებრუნებინა ბურბონებისათვის (ანუ მარია ლუისას ვაჟისთვის) და საბოლოოდ პარმის ტახტი ნაპოლეონის მეორე ცოლს, მარია ლუიზა ავსტრიელს გადასცა. მარია ლუისამ ეს ამბავი თავის ძმასთან, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-სთან, რომის პაპთან და რუსეთის იმპერატორ პავლე I-თანაც კი გაასაჩივრა, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მარია ლუისასთვის და მისი ვაჟისათვის სამართავად ებოძებინათ პატარა ლუკას საჰერცოგო, რომელიც ტოსკანის ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა. ამასთან ერთად ოფიციალურად იგი კვლავ ატარებდა ეტრურიის ქვრივი დედოფლის წოდებას.

მარია ლუისამ ამ კომპრომისზე კატეგორიული უარი განაცხადა და პროტესტის ნიშნად შემდეგი ორი წელი რომში ცხოვრობდა. ამ ყოველივეს საოჯახო ურთიერთობების დაძაბვა მოჰყვა: მარია ლუისას ძმას, მეფე ფერდინანდ VII-სა და მის მშობლებს სურდათ, რომ მისი ასული, 14 წლის მარია ლუიზა კარლოტა ცოლად მარია ლუისას უმცროს ძმას, ინფანტ ფრანსისკო დე პაულას გაჰყოლოდა. მარია ლუისა ამ ყოველივეს გააფთრებით დაუპირისპირდა, ვინაიდან მას არ სურდა საკუთარი ქალიშვილი თავის ძმაზე დაექორწინებინებინა, რომელიც მარია ლუიზა კარლოტაზე ექვსი წლით უმცროსი იყო. საბოლოოდ მან ისე მოაწყო, რომ ფრანსისკომ ცოლად მისი კიდევ ერთი დის, სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალ მარია ისაბელის ასული ლუიზა კარლოტა შეირთო.

1817 წელს მისი გაუთავებელი საჩივრების გამო მიიღეს პარიზის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პარმის ტახტი მარია ლუიზა ავსტრიელის შემდეგ მარია ლუისას ვაჟ კარლოს დარჩებოდა. ამასთან ერთად მარია ლუისა იყო ლუკას ჰერცოგინია და ეტრურიის დედოფალიც (თუმცა ეტრურიის დედოფალი მხოლოდ ოფიციალურად იყო). მას შემდეგ რაც მარია ლუისა გარდაიცვალა, პარმასთან ერთად კარლომ ლუკას ტახტიც მიიღო, თუმცა ლუკას ანექსია მალევე მოახდინა მეზობელმა ტოსკანამ. მანამ სანამ 1817 წლის 7 დეკემბერს თავად მარია ლუისა ჩავიდოდა, ლუკას ესპანელი მინისტრები მართავდნენ.

მარია ლუისა ესპანელის ძეგლი ქალაქ ლუკაში

როდესაც მარია ლუისა ლუკაში ჩავიდა, იგი უკვე 35 წლის იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ასე თუ ისე იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე წონაშიც მოიმატა, მას კვლავ შერჩენოდა თავისი სილამაზე. სწორედ ამიტომ, მას მთელი ევროპის მასშტაბით კვლავ ბევრი ხელის მთხოვნელი ჰყავდა. პირველი ხელისმთხოვნელი ეს იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფერდინანდო III, მისი პირველი თაობის ბიძაშვილი და ორჯერ დაქვრივებული კაცი, რომელზე ქორწინებითაც მარია ლუისა ფლორენციაში საყრდენს გაიჩენდა და ლუკაში მმართველობას გაიმყარებდა. მასზე უარის თქმის შემდეგ მისი ხელი ითხოვა ერცჰერცოგმა ფერდინანდ კარლ იოზეფ ავსტრიელმა, თუმცა ისიც უარით გაისტუმრა. 1820 წელს კი მისი ხელი ითხოვა თვით საფრანგეთის მეფე შარლ X-მ, თუმცა მარია ლუისამ მასაც ცივი უარი უთხრა.

მარია ლუისას მთავარი მიზანი იყო დაეჩრდილა ელიზა ბონაპარტი თავისი კარგი მმართველობით. მარია ლუისამ ლუკაში ხელი შეუწყო საზოგადოებრივ სამსახურებს, კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას. 1817-20 წლებში მისი ბრძანებით განაახლეს დუკალეს სასახლის შიდა დეკორაციები. გარდა ამისა, მარია ლუისა, როგორც ძალზედ მორწმუნე ქალი, აქტიურად უჭერდა მხარს სასულიერო პირებს. თავის პატარა საჰერცოგოში ექვსწლიანი მმართველობისას მან ჩვიდმეტი ახალი რეფორმა გაატარა. ყოველივეს დასრულების შემდეგ, მან ლუკას შენობა-ნაგებობების რესტავრაციას და გარემონტებას მიჰყო ხელი.

პოლიტიკურად, მარია ლუისა აიგნორებდა ვენის კონგრესის მიერ დავალებულ მითითებებს, მისი მმართველობა არ ყოფილა რეპრესიული და მკაცრი, როგორც ამას მოითხოვდნენ. როდესაც მისმა ძმამ, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-მ დიდი გადასახადები დააწესა, სწორედ მარია ლუისამ შეიფარა ესპანეთიდან გაქცეული ლიბერალები. 1820 წელს მან მოაწყო თავისი ოცი წლის ვაჟისა და სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ის ასულ მარია ტერეზა სავოიელის ქორწინება. აღსანიშნავია, რომ მარია ლუისას თავის ვაჟთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რამაც მარია ლუისა მორალურად და ფიზიკურად გაანადგურა.

სიცოცხლის ბოლო წლებისას, მარია ლუისა ზაფხულებს ლუკაში, ზამთრებს კი რომში ატარებდა. 1823 წლის 25 ოქტომბერს იგი რომში ჩავიდა და ვენეციის სასახლეში დაბინავდა, სადაც იგი მძიმედ დაავადდა. 1824 წლის 22 თებერვალს იგი სიმსივნით გარდაიცვალა, რომში. მისი ცხედარი ესპანეთში გადდაასვენეს და იქ მადრიდში, ესკორიალის სამეფო ბაზილიკაში დაკრძალეს.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
კარლო II ლუიჯი 22 დეკემბერი, 1799,

მადრიდი, ესპანეთი

16 აპრილი, 1883,

ნიცა, საფრანგეთი,

(83 წლის)

ეტრურიის მეფე, ლუკას, პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია

ტერეზა სავოიელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.

მარია ლუიზა

კარლოტა

2 ოქტომბერი, 1802,

ბარსელონა, ესპანეთი

18 მარტი, 1857,

რომი, იტალია,

(54 წლის)

პირველად ცოლად გაჰყვა საქსონიის პრინც მაქსიმილიანს, მისი გარდაცვალების

შემდეგ იქორწინა გრაფ ფრანჩესკო როსიზე, მეორე დაქვრივების შემდეგ კი

იქორწინა გრაფ ჯოვანი ვიმერკატზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია.

  • Balansó, Juan. La Familia Rival. Barcelona, Planeta, 1994. ISBN 978-8408012474
  • Balansó, Juan. Las Perlas de la Corona. Barcelona, Plaza & Janés, 1999. ISBN 978-8401540714
  • Davies, Norman. Vanished Kingdoms: The Rise and fall of States and Nations. New York, Viking, 2011. ISBN 978-0-670-02273-1
  • Maria Luisa of Spain, Duchess of Lucca. Memoir of the Queen of Etruria. London, John Murray, 1814. ISBN 978-1247377858
  • Sixtus, Prince of Bourbon-Parma. La Reine d'Étrurie. Paris, Calmann-Levy, 1928. ASIN: B003UAFSSG
  • Smerdou Altoaguirre, Luis. Carlos IV en el Exilio. Pamplona, Ediciones Universidad de Navarra, 2000. ISBN 978-8431318314
  • Villa-Urrutia, W. R Marques de. La Reina de Etruria, doña Maria Luisa de Borbón, infanta de España. Madrid: Francisco Beltrán, 1923.
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo. Los desconocidos infantes de Espana: Casa de Borbon, pp. 91–97, Thassalia (1st edition 1996); ISBN 8482370545.