შინაარსზე გადასვლა

მარენგოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარენგოს ბრძოლა
ნაპოლეონის ომების ნაწილი

მარენგოს ბრძოლა, ლუი-ფრანსუა ლეჟენის ნამუშევარი
თარიღი 14 ივნისი, 1800
მდებარეობა მარენგო, იტალია
შედეგი ნაპოლეონის გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთი ავსტრია
მეთაურები
ნაპოლეონ ბონაპარტი მიხაელ მელასი
ძალები
28 000 28 500
დანაკარგები
2 000 დაღუპული
3 600 დაჭრილი
900 ტყვე
4 500 დაღუპული
8 000 დაჭრილი
7 000 ტყვე
მარენგოს ბრძოლა ვიკისაწყობში

მარენგოს ბრძოლა — ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ნაპოლეონისა და ავსტრიის არმიებს შორის, საფრანგეთის წინააღმდეგ მეორე კოალიციის ომის (1798-1801) დროს.

1800 წლის 14 ივნისს, სოფელ მარენგოსთან ალექსანდრე სუვოროვის იტალიაში ლაშქრობის შემდეგ ავსტრიამ დაიპყრო ჩრდილოეთ იტალია, ფრანგებმა კი შეინარჩუნეს მხოლოდ გენუა, ბონაპარტმა შვეიცარიაში ფარულად მოუყარა თავი არმიას სენ-ბერნართან, ალპები გადალახა მოულოდნელად იტალიაში შეიჭრა 2 ივნისს. მილანი დაიკავა და ავსტრიის არმიის კომუნიკაციებს მიადგა. ავსტრიელებმა 4 ივნისს გენუა დაიბრუნეს, 14 ივნისს მარენგოსთან ჭარბი ძალებით ფრანგებს შეუტიეს და უკან დაახევინეს. ბრძოლის ველზე გენერალ ლუი შარლ ანტუან დეზეს 2 დივიზიის მოსვლამ ბრძოლის ბედი ფრანგების სასარგებლოდ გადაწყვიტა. ავსტრიელები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ჩრდილოეთი იტალია დაეტოვებინათ.

1800 წელს, მაისის ბოლოს ნაპოლეონმა 28 000-იანი არმიით გადაკვეთა ალპები და დაიწყო იტალიის კამპანია. 2 ივნისს ფრანგებმა უბრძოლველად დაიკავეს მილანი. 14 ივნისს ბონაპარტის არმია მარენგოსთან ავსტრიელებს შეხვდა. ავსტრიელების საჯარისო კორპუსს გენერალი მიხაელ ფონ მელასი ხელმძღვანელობდა. ბრძოლა გამთენიისას ავსტრიელების მძლავრი შეტევით დაიწო. გენერალმა ოტმა, რომელიც ავსტრიელთა მარცხენა ფლანგს სარდლობდა, იერიში მიიტანა ფრანგთა მარჯვენა ფლანგზე. ფრანგებმა ავსტრიელთა 3-ჯერ აღმატებული ძალების იერიშს ვერ გაუძლეს და მწყობრად უკან დაიხიეს. ამის პარალელურად ავსტრიელებმა შეტევა გააძლიერეს ცენტრზე, სადაც ასევე მნიშვნელოვნად აღემატებოდნენ ფრანგებს. ნაპოლეონმა ბრძანება გასცა, რაც შეიძლება დიდხანს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაეცვათ მარენგო. ამ დროს გენერალმა რივომ, რომელიც უკიდურეს მარჯვენა ფლანგს სარდლობდა, მხედრები კოლონებად დააწყო, შეიერთა დაცვის ხაზი, თავს დაესხა ბრძოლის ველისკენ მიმავალ 3000 ავსტრიელს და უკუაგდო. მარცხენა ფლანგზე გენერალმა კელერმანმა კავალერიით იერიში მიიტანა ავსტრიელთა ცენტრზე და გაარღვია მათი ხაზი, მაგრამ უკან ავსტრიელთა მეორე ხაზი აღმოჩნდა. კელერმანი, მტრის სიმრავლის გამო, იძულებული შეიქმნა უკან გაბრუნებულიყო. შუადღისას ავსტრიელთა არტილერიის მიერ დაცხრილული ფრანგთა ჯარი, რომელიც 4 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, შუაში გაირღვა. დაიწყო უკანდახევა. ავსტრიელები შეტევაზე გადავიდნენ. მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა ავსტიელთა დასვენებული კოლონა. ნაპოლეონმა მყისვე ბრძანება გასცა. თადარიგში მყოფი გრენადირთა 2 პოლკი კარედ მოაწყო და უბრძანა ავსტრიელებსა და უკანდახეულ ფრანგთა შორის კლდესავით მდგარიყო. მაშინ ავსტრიელმა გენერალმა ელსინცმა შეცდომა დაუშვა. იმის მაგივრად ,რომ არაფრად ჩაეგდო ეს 900 ადამიანი, რომლებიც გამარჯვებული არმიის არიერგარდისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, მათთვის გვერდი აევლო და დახმარებოდა გენერალ მელასს, იგი ეკვეთა ფრანგთა კარეს, რომლებმაც ჯერ ტყვიები დააყარეს ავსტრიელებს და შემდეგ ხიშტებზე წამოაგეს. მიუხედავად ასეთი თავგანწირვისა, მეომართა ამ მცირე ჯგუფს არ შეეძლო დიდხანს გამკლავებოდა ავსტიელებს. ამიტომ ბონაპარტმა მათაც უკანდახევა უბრძანა. უეცრად ფრანგთა უკანა ხაზთან დასახმარებლად მოსული გენერალ მუნიეს დივიზია გამოჩნდა. გახარებულმა ბონაპარტმა გენერალ დიუპონს შეტევა უბრძანა. რომელმაც მაშინვე გაარღვია გენერალ ელსინცის კავალერია და შეუტია გენერალ კაიმს, რომელიც ის ის იყო უკანდახეულ ფრანგებს წამოსწეოდა. ნაშუადღევს 3 საათისთვის ფრანგთა 13 000 არმიიდან, რომლებმაც ბრძოლა გამთენიისას დაიწყეს ,მეოთხედი ბრძოლის ველზე დაცემულიყო, მეორე მეოთხედს კი დაჭრილები გადაჰყავდათ. ყველანი უკან იხევდნენ. კიდევ ნახევარი საათი უაკანდახევა და დამარცხება გარდაუვალი იყო. ამ დროს დეზეს დივიზიაც გამოჩნდა , რომელზედაც დამოკიდებული იყო ბრძოლის ბედი. ნაპოლეონმა ჯარებს შეჩერება და იერიშზე გადასვლა უბრძანა. ავსტრიელებმა ჯერ არ იცოდნენ დახმარება მოსული რომ იყო და მწყობრად განაგრძობდნენ სვლას. ფრანგები ავსტრიელებს დაერივნენ. კელერმანმა მათი ორივე ხაზი გაარღვია. ავსტრიელები დაიფანტნენ და გაიქცნენ . გენერალი ანტონ ზაკი ტყვედ ჩავარდა. ავსტრიელი გენერლები ამაოდ ცდილობდნენ საერთო უკანდახევის შეჩერებას. ამ მარცხის შემდეგ ავსტრია იძულებული გახდა უარი ეთქვა იტალიაზე.