კუზმა პეტროვ-ვოდკინი
კუზმა სერგეის ძე პეტროვ-ვოდკინი (დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1878, ხვალინსკი, ახლანდელი სარატოვის ოლქი — გ. 15 თებერვალი, 1939, ლენინგრადი) — რუსი საბჭოთა ფერმწერი. რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1930).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1897–1905 წლებში სწავლობდა ვალენტინ სეროვთან მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, ანტონ აჟბეს სტუდიაში მიუნხენში (1901) და პარიზის კერძო აკადემიებში (1905–1908). იმოგზაურა იტალიასა (1905) და ჩრდილოეთ აფრიკაში (1907). გაერთიანება „მირ ისკუსსტვას“ (1911-იდან) და „ჩეტირე ისკუსსტვას“ (1924-იდან) წევრი. 1900-იან წლებში განიცადა სიმბოლიზმისა და „მოდერნის“ გერმანელ და ფრანგ ოსტატთა ძლიერი გავლენა (ფრანც ფონ შტუკი, პ. პიუვი დე შავანი, მორის დენი და სხვები), აგრეთვე — ვ. ბორისოვ-მუსატოვისა. კუზმა პეტროვ-ვოდკინი იყო სიმბოლიზმის ტენდენციების ერთ-ერთი გამომსახველი რუსულ ხელოვნებაში. 10-იან წლებში პეტროვ-ვოდკინის მჭვრეტელობითი, დუნე რიტმი და დაბინდული კოლორიტი („ნაპირი“, 1908, „ძილი“, 1910), შეცვალა ემოციურმა, პლასტიკურმა და რიტმულმა ნათელ-ფერებიანმა კომპოზიციებმა („მოთამაშე ბიჭები“, 1911 — სამივე რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი).
სურათი „წითელი ცხენის ბანაობა“ (1912, ტრეტიაკოვის გალერეა) ახალი ისტორიული ეპოქის მაუწყებელი იყო. საბჭოთა პერიოდში პეტროვ-ვოდკინი ცდილობდა ჩასწვდომოდა მკაცრ, დრამატული პათოსით აღსავსე ტრაგიკულ და ჰეროიკულ სურათებს. („1918 წელი პეტროგრადში“, 1920, ტრეტიაკოვის გალერეა, „ბრძოლის შემდეგ“, 1923, საბჭოთა არმიის ცენტრალური მუზეუმი, მოსკოვი, „კომისრის სიკვდილი“, 1928, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი), ხატავდა პორტრეტებს (ანა ახმატოვას პორტრეტი, 1922), პოეტურ პორტრეტულ-ჟანრულ კომპოზიციებს („სარაფნიანი გოგონა“, 1928), ნატურმორტებს („შოთხვი ჭიქაში“, 1932 — ყველა რუსული მუზეუმი).
20-30-იან წლებში ბევრს მუშაობდა როგორც გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი, ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში იყო მხატვრული განათლების სისტემის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1918-1933 წლებში ასწავლიდა სახელმწიფო თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში და პეტროგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 48.