შინაარსზე გადასვლა

ვარდან სვანთა ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდან სვანთა ერისთავი — XI საუკუნის II ნახევრის ქართველი დიდი ფეოდალი, ვარდანისძეთა საგვარეულოს ერთ-ერთი პირველი ცნობილი წარმომადგენელი.

„მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ვარდან სვანთა ერისთავი ნიანია ქუაბულისძესთან და ივანე ლიპარიტის ძესთან ერთად განუდგა („აუშალეს ქუეყანა“) ახალგამეფებულ მეფე გიორგი II-ს (1073 წლის ზაფხული). ვარდანის მიერ წაქეზებულმა სვანებმა დაარბიეს და ააოხრეს საეგრო („ვარდან გაადგინნა სუანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყჳდეს საეგრო“). გიორგი მეფემ ამბოხებულების დაშოშმინება დათმობებით შეძლო; ვარდანს მან უბოძა „ასკალანა და უთალუბო ჯაყელთა“. ასკალანა, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, გურიის ასკანა უნდა იყოს.[1]

ამ ცნობაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ვარდანის შტო გურიაში დამკვიდრდა. სწორედ ამ გარემოებებს უნდა უკავშირდებოდეს სვანთა ერისთავების სახელებისა და ტიტულების გაჩენა მათ მიერ გურიის ეკლესიებისათვის შეწირული ხატების წარწერებზე. თავად „მატიანეს“ ვარდან სვანთა ერისთავს აიგივებენ ჯუმათის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში მოხსენიებულ ერისთავთერისთავ ვარდან ვარდანისძესთან („ახოვანო მხედარო ქრისტესო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ ერისთავს ვარდან ვარდანისძესა“).[1] არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ვარდანისძეები გურიაში XIV საუკუნეში დამკვიდრდნენ და საგვარეულო ხატიც სვანეთიდან იმ დროს წაიღეს. ამ პერიოდშივე უნდა მომხდარიყო ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესიაში ვარდანისძეთა წინაპრის — „ვარდან ვარდანისძე დიდის“ ფრესკული პორტრეტის გამოსახვაც.[2]

  1. 1.0 1.1 კლდიაშვილი დ., ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2017. — გვ. 163-166.
  2. ჩიხლაძე ნ., ვარდანისძეთა წარჩინებული გვარის უცნობი გამოსახულებები ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტრის XIV საუკუნის მოხატულობაში, მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, №1, 2023. — გვ. 41-63.