ვამეყ II დადიანი
ვამეყ II დადიანი (გ. 1482) — ოდიშის ერისთავი 1474-1482 წლებში, ძე მამია II დადიანისა.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ვამეყი ოდიშს თავისი ძმისშვილის, შამადავლეს გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა. ვამეყის გაერისთავების გარემოებები ქართულ წყაროებში არ ჩანს, თუმცა 1475 წლის ივლისში ოდიშში ჩასული ვენეციელი დიპლომატი ამბროჯიო კონტარინი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მისი მმართველის გარდაცვალების გამო არეულობა სუფევდა.
ვამეყის გაერისთავება იმერეთის მეფის ბაგრატ VI-ის თანხმობით მოხდა, მაგრამ მალევე დადიანი აფხაზებთან და კახაბერ II გურიელთან ერთად ბაგრატს დაუპირისპირდა, ისარგებლა მეფის ქართლში ყოფნით და იმერეთის შევიწროებას მიჰყო ხელი. ქართლიდან მობრუნებული ბაგრატი 1477 წელს იმერეთ-ქართლის ჯარით შეიჭრა ოდიშში, დაამარცხა ვამეყი, აიძულა დამორჩილებოდა მას და ოდიშის სპით ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის წინააღმდეგ სალაშქროდაც იახლა.
1478 წელს, ბაგრატის სიკვდილის შემდეგ ვამეყ დადიანმა არ მისცა საშუალება მის მემკვიდრეს ალექსანდრე II-ს გამეფებულიყო და ხელი შეუწყო ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს დაუფლებოდა იმერეთს. ვამეყი 1482 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც შამადავლეს შვილი ლიპარიტ II გადადიანდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართლის ცხოვრება, ტ. IV: ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ), თბ., 1973.
- ბერაძე თ., ვამეყ II დადიანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 149.
|