შინაარსზე გადასვლა

ვალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვალე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37′00″ ჩ. გ. 42°52′40″ ა. გ. / 41.61667° ჩ. გ. 42.87778° ა. გ. / 41.61667; 42.87778
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1962
ცენტრის სიმაღლე 1170
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3646[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 83,9 %
სომხები 14,4 %
რუსები 0,9 % (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 365[2]
საფოსტო ინდექსი 0800[3]
ვალე — საქართველო
ვალე
ვალე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვალე
ვალე — ახალციხის მუნიციპალიტეტი
ვალე

ვალე — ქალაქი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის მუნიციპალიტეტში (ვალეს ადმინისტრაციული ერთეული). 2014 წლის აღწერით ქალაქში 3646 მცხოვრებია.

მდებარეობს მდინარე ფოცხოვისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1170 მ-ზე, ახალციხიდან 12 კმ-ის დაშორებით. რკინიგზით უკავშირდება ხაშურს (ამჟამად არ ფუნქციონირებს).

ვალე საქართველოს მთავრობის 2015 წლის № 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C, იანვარში — 3,8 °C, ივლისში — 20,2 °C. წლიური ნალექი 550 მმ.

სოფელი ვალე წყაროებში ცნობილია XIII საუკუნიდან. სოფელზე გადიოდა სამცხიდან არტაანისაკენ და ახალციხიდან ერევნისაკენ მიმავალი გზები. XIII საუკუნეში სამცხის მთავრებს — ჯაყელებს ვალე შეუწირავთ ალის მთავარმოწამისადმი.

XVI საუკუნის ბოლოდან 1829 წლამდე ვალე, ისევე როგორც მთლიანად სამცხე, ოსმალეთის იმპერიის მფლობელობის ქვეშ მოექცა. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის (1595) მიხედვით ვალე იყო ახალციხის ლივის ჩრდილის ნაჰიეს ცენტრი. ცხოვრობდა 59 კომლი ქართველი: ვარძელა ილარიონისძე, რევაზა დათუნასძე, ნადირა გოგორისძე, ვარძელა ზეინკლისშვილი, ოქროპირ ქამაზასძე, ცხადა თადეოზასძე, ახალბედ ბადურასძე, აზარია მღვდელი და სხვ. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, ცერცვი, სელის თესლი; ჰქონდათ ხილი, კაკალი, ბოსტნები, ვენახი; წისქვილი ერთი თვალი სრული წლით; ჰყავდათ ღორი, ცხვარი, ფუტკარი. ვალეს მიმდებარე ადგილების, ვენახისა და ბაღის სარწყავად ძველთაგანვე მდ. ბორბალას წყალს და წყალთბილას წყლის ნახევარს იყენებდნენ. სოფლის მოსახლეობა წლიურად 25 ათას ახჩას იხდიდა.[4] XVII საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა კათოლიკური აღმსარებლობის ქართველთა თემი. 1757 წელს ვალეში 150 კათოლიკე და ერთი მღვდელი ყოფილა.[5]

1948 წელს ვალეს მიენიჭა დაბის,[6] ხოლო 1962 წელს — ქალაქის სტატუსი.[7] ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მის მახლობლად მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. დაბალი ხარისხისა და რთული სამთო-გეოლოგიური პირობების გამო ნახშირის მოპოვება 1980-იან წლებში შეწყდა. საბჭოთა პერიოდში ვალეში მოქმედებდა აგრეთვე ელექტროძრავების ქარხანა, საშენ მასალათა საწარმოები. ამჟამად მოსახლეობის ნაწილი ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, თურქეთის რესპუბლიკასთან საზღვარზე მოქმედებს სასაზღვრო გამტარი და საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“.

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალესა და მის შემოგარენში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი. ქალაქის დასავლეთ ნაწილში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი — X საუკუნის ბოლო მეოთხედის (გადაკეთებულია XVI საუკუნეში) ღვთისმშობლის ტაძარი, რომელზედაც შემონახულია ასომთავრული და მხედრული წარწერები. მის სიახლოვეს დგას ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია (აგებულია 1862 წელს). უფრო დასავლეთით, ქალაქის განაპირას, სახნავ-სათეს მიწებში არის ძველ ნასაყდრალზე 2002-2003 წლებში აგებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ვალეს მახლობლად, ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია XIII საუკუნის ირქის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

ქალაქში დგას აგრეთვე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული მეჩეთი. საერო ნაგებობებიდან აღსანიშნავია ათანას ჩიტაშვილის დარბაზი და ივანე მანველიშვილის ბანიანი სახლი (ორივე — XIX საუკუნის შუა წლები), ასევე მდ. ფოცხოვისწყალზე, დღევანდელი ხიდის სიახლოვეს, ძველი ნახიდარის ნაშთი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3646 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[8] 1359
1989[9] 6333 -- --
2002[9] 5031 -- --
2014[1] 3646 1763 1883

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჯაოშვილი ვ. საყვარელიძე თ., ვალე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 281.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გამოსცა ს. ჯიქიამ), წგნ. II, თბ., 1941. — გვ. 37-38.
  5. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902. — გვ. 427.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 27, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
  7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N32 (192), გვ. 1170, თბ., 1962 წ. ISSN 0203-2023
  8. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 211.
  9. 9.0 9.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვალე&oldid=4702019“-დან