შინაარსზე გადასვლა

ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაზისუბნის ეკლესია

ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის ცენტრში. განეკუთვნება VI საუკუნის მეორე ნახევარს.

ეკლესია მოზრდილი სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია წესიერი ფორმის, საკმაოდ მოზრდილი რიყის ქვით. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ერთიანი გარშემოსავლელი, რომლის გვერდის ნაწილების აღმოსავლეთის ბოლოში გეგმით ნახევარწრიული უსარკმლო აფსიდებია. ბაზილიკის შიდა სივრცე ორი წყვილი ბურჯით სამ ნავადაა გაყოფილი. შუა ნავი გვერდის ნავებზე სამჯერ განიერია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის წინ ღრმა ბემაა. ეკლესიის მთავარი ნავი კარგადაა განათებული კედლებში დატანებული სარკმლების მეშვეობით. ასევე თითი თაღოვანი სარკმელია სამკვეთლოსა და სადიაკვნეში.

ბაზილიკის შუა ნავი კოლოფა კამარითაა გადახურული, გვერდითა ნავები კი ნალისებრი კამარით, რომელიც დაყრდნობილია ოთხ ნახევარწრიულ სბჯენ თაღებზე. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. მოგვიანებით ყველა კარი დაუვიწროებიათ, ჩრდილოეთისა კი სანახევროდ ამოუშენებიათ. ეკლესიის გარშემოსასვლელი ბაზილიკის გვერდით ნავებზე ორჯერ უფრო განიერია და სხმული კამარა ხურავს, რომელიც დაყრდნობილია ბაზილიკის კედლებზე მიდგმული სწორკუთხა ბოძებზე გადაყვანილ თაღებზე.

ნაგებობის ფასადები სადაა. მხოლოდ მთავარი ნავის გრძივი კედლებია მორთული შეღრმავებული დეკორატიული თაღებით. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის სარკმელი გაწყობილია რელიეფური სადა თავსართით. იგივე ფორმისაა გვერდითი პატარა სარკმლების თავსართებიც. ეკლესია გადახურულია კრამიტით.

2011 წელს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 25 მ-ზე შემორჩენილია გეგმით კვადრატული, რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა, რომელსაც სოფლის მოსახლეობა „მისალოცს“ უწოდებს.

ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].