ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა ― პროტესტანტული მიმართულების ეკლესია. დაარსდა 1983 წლის 24 მაისს, შვედეთში, ქალაქ უფსალაში. მისი დამაარსებელია ულფ ეკმანი. თავდაპირველად ეკლესიას 20 წევრი ჰყავდა, მაგრამ ამჟამად შვედეთში ამ ეკლესიის მსახურებაზე 2000-მდე ადამიანი იკრიბება. ეკლესიამ გაიჩინა მიმდევრები მრავალ ქვეყანაში, ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თურქეთში, ავღანეთში, ისრაელში, სინგაპურში, ინდოეთში, ჩინეთში, აშშ-ში, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოშობილ ქვეყნებში, მათ შორის კავკასიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970-იან წლებში უფსალაში სტუდენტთა ჯგუფმა ბიბლიის შემსწავლელი წრე ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო ულფ ეკმანიც. ის უფსალის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი გახდა თეოლოგიაში. ეკმანი გამეგზავნა ოკლაჰომაში, ტულსას ბიბლიურ ცენტრში. ერთი წლის მუშაობის შემდეგ ის დაბრუნდა შვედეთში და 1983 წლის გაზაფხულზე დააარსა ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“. მალე ეკლესიასთან ჩამოყალიბდა ბიბლიური სკოლა.
1985 წლიდან მორწმუნეთა მისონერული ჯგუფები დადიოდნენ საბჭოთა კავშირში. 1985-1989 წლებში მათ გაავრცელეს ბიბლია და სხვა რელიგიური ლიტერატურა საბჭოთა კავშირში. 1989 წელს ულფ ეკმანმა დიდი ძალისხმევა ჩადო „რუსეთის შიდა მისიის“ დაფუძნებაში. მან რუს პასტორებს და ლიდერებს ასამდე ვიდეომაგნიტოფონი და ტექნიკა გადასცა. 1993 წელს მოსკოვში გამოჩნდა პირველი მისიონერი უვე სვემბერგი. მან ჩამოაყალიბა 5-კაციანი ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და დიდი ბრძოლის შემდეგ გაატარეს რეგისტრაციაში. 1994 წელს სკოლამ 530 სტუდენტი მიიღო.
მოძღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია აღიარებს წმინდა სამებას და ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას. ეკლესიის ღვთისმსახურება არ განსხვავდება სხვა პროტესტანტული ეკლესიების მსახურებისთგან და შედგება ლოცვისგან, გალობისგან, წმინდა წერილის კითხვისგან და ქადაგებისგან. ეკლესია აღიარებს ნათლობის, ზიარების და ქორწინების საიდუმლოებს. არ იკრძალება ინტერკონფესიური ქორწინება.
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ეკლესია დაფუძნდა 1995 წელს მამუკა ჯებისაშვილის ხელმძღვანელობით. ეკლესია გაიხსნა ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარში. 1997 წელს თბილისში შედგა პირველი მღვდელმსახურება. ამჟამად ეკლესიის ცენტრი თბილისშია, არსებობს 14 რეგიონული საკრებულო ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, გორში, გურჯაანში, თელავში და ა.შ. საქართველოში მას ათასამდე მიმდევარი ჰყავს. საქართველოში ეკლესიას ქალი პასტორებიც ჰყავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თინიკაშვილი დ., ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა„ // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 306-308, ISBN 978-9941-0-0902-0.