გრიგოლი (ქორეპისკოპოსი)
გრიგოლი | |
---|---|
კახეთის ქორეპისკოპოსი | |
მმართ. დასაწყისი: | 787 |
მმართ. დასასრული: | 827 |
წინამორბედი: | ჯუანშერი |
მემკვიდრე: | ვაჩე |
გრიგოლი — მსხვილი ფეოდალი, რომელმაც ისარგებლა ქართლის ერისმთავარ ჯუანშერ არჩილის ძის გარდაცვალების (787 წ.) შემდეგ შექმნილი სიტუაციით, კახეთი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა და კახეთის პირველი მთავარი (787-827 წწ.) გახდა.
კახეთის მთავრებმა თავიდანვე მიიღეს ქორეპისკოპოსის ტიტული. მკვლევართა უმეტესობის აზრით, ქორეპისკოპოსი ბიზანტიური სასულიერო ტიტულია და სასოფლო თემის განმგებელ უსამწყსოო ეპისკოპოსს ნიშნავს, თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ტერმინი ადგილობრივი წარმოშობისა უნდა იყოს. კახეთის მთავრების ტიტული უნდა მომდინარეობდეს წანართა ქორეპისკოპოსის სახელწოდებიდან. წანარები დღევანდელი ხევის (ყაზბეგის რაიონის) ტერიტორიაზე მცხოვრები ტომი იყო, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო არაბთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. სწორედ წანარებზე დაყრდნობით ატარებდა გრიგოლი თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.
VIII საუკუნის დასასრულიდანვე იწყება კახეთის სამთავროს გაძლიერება. მაას შემოუერთდა კუხეთი (დღევანდელი გარეკახეთი) და გარდაბანი (მტკვრის მარჯვენა სანაპირო დებადასა და შამქორს შორის). კახეთის მთავარმა დაიპყრო შიდა ქართლიც, რის გამოც მას შეტაკება მოუხდა აშოტ I კურაპალატთან. აშოტს მიემხრო აფხაზთა მეფე, გრიგოლს კი - თბილისის ამირა. გრიგოლი დამარცხდა და იძულებული გახდა დაეთმო შიდა ქართლის დიდი ნაწილი, თუმცა ქართლის ტერიტორია მდინარე ქსნის აღმოსავლეთით კახეთის სამთავროს შემადგენლობაში დარჩა.
გრიგოლს, როგორც ჩანს, მემკვიდრე არ დარჩენია და მისი გარდაცვალების შემდეგ კახეთის სამთავროში დღის წესრიგში დადგა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი თ.,, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 267.
- მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები”, 2007 წ.
წინამორბედი: ჯუანშერი |
კახეთის ქორეპისკოპოსი 787 - 827 |
შემდეგი: ვაჩე |
|