ანტონი (საქსონიის მეფე)
ანტონი | |
---|---|
საქსონიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მაისი, 1827 |
მმართ. დასასრული: | 6 ივნისი, 1836 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ ავგუსტ I |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ ავგუსტ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 დეკემბერი, 1755 |
დაბ. ადგილი: | დრეზდენი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 6 ივნისი, 1836, (80 წლის) |
გარდ. ადგილი: | დრეზდენი, გერმანია |
მეუღლე: |
მარია კაროლინა სავოიელი (ქ. 1781 - გარდ. 1782) მარია ტერეზია ავსტრიელი (ქ. 1787 - გარდ. 1827) |
სრული სახელი: | ანტონ კლემენს თეოდორ მარია იოზეფ იოჰან ევანგელისტა ნეპომუკ ფრანც ქსავიერ ალოის იანუარი |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | ფრიდრიხ კრისტიანი, საქსონიის კურფიურსტი |
დედა: | მარია ანტონია ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ანტონი (გერმ. Anton), მეტსახელად ანტონ კეთილი (გერმ. Anton der Gütige; დ. 27 დეკემბერი, 1755, დრეზდენი, გერმანია — გ. 6 ივნისი, 1836, დრეზდენი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე 1827-1836 წლებში. საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ კრისტიანისა და მარია ანტონია ბავარიელის ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტონი დაიბადა 1755 წლის 27 დეკემბერს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კრონპრინც ფრიდრიხ კრისტიანისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ანტონია ბავარიელის შუათანა ვაჟი. მისი დაბადებისას ტახტზე ჯერ კიდევ ბაბუამისი, ავგუსტ III იჯდა, რომელიც 1763 წელს გარდაიცვალა და მხოლოდ ამის შემდეგ ადის ტახტზე ანტონის მამა, რომელიც იმავე წელს დაიღუპა და ტახტს ანტონის უფროსი ძმა, ფრიდრიხ ავგუსტი იკავებს.
მას შემდეგ რაც ანტონიმ განათლების მიღება დაასრულა, მის დაქორწინებაზე დაიწყეს ფიქრი. მამიდამისს, საფრანგეთის დოფინ მარია იოზეფა საქსონიელს უნდოდა, რომ იგი თავის ქალიშვილ მარი ზეფირინა ფრანგზე დაექორწინებინა, თუმცა იგი მალევე დაიღუპა. მის სანაცვლოდ მარია იოზეფამ ანტონს საცოლედ თავისი მეორე ქალიშვილი, მარი კლოტილდა შესთავაზა, თუმცა მოლაპარაკებები ამჯერადაც ჩაიშალა.
1781 წლის 24 ოქტომბერს დრეზდენში ანტონმა ცოლად შეირთო პრინცესა მარია კაროლინა სავოიელი, სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის შუათანა ქალიშვილი. მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან მარია კაროლინას არ სურდა გათხოვება, თუმცა გერმანიაში ჩასვლიდან მალევე, 1782 წლის 28 დეკემბერს იგი ყვავილით გარდაიცვალა.
უკვე 1787 წლის 18 ოქტომბერს კვლავ დრეზდენში, ანტონი ცოლად ირთავს ერცჰერცოგინია მარია ტერეზია ავსტრიელს, საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის უფროს ქალიშვილს. მათი ქორწინება ბედნიერი და ხანგრძლივი იყო, თუმცა არც ისე ნაყოფიერი, რამეთუ მათ ვერ მოახერხეს ჯანმრთელი მემკვიდრის გაჩენა.
1827 წლის 5 მაისს ანტონის ძმა, საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ I უვაჟოდ გარდაიცვალა, რის გამოც ახალი მეფე ანტონი ხდება. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში მისი ცოლი, დედოფალი მარია ტერეზიაც გარდაიცვალა.
სულ მალე პრუსიელებმა ანტონს შესთავაზეს, რომ მათ მიერ ოკუპირებულ საქსონიის კათოლიკურ რეგიონებს გადაუცვლიდნენ თავისუფალ ლუთერანულ მხარეებში, რამეთუ პრუსიის მეფე ლუთერანი იყო, ხოლო ანტონი კათოლიკე, თუმცა მან გაცვლაზე უარი თქვა.
1830 წლის საფრანგეთის ივლისის რევოლუციამ საქსონიაშიც ჰპოვა გამოხმაურება და იმავე წლის შემოდგომაზე აქაც დაიწყო არეულობა. საფრანგეთისა და ბელგიისაგან განსხვავებით საქსონიაში რევოლუციამდე და ანტონის დამხობამდე არ მისულა საქმე, რამეთუ იგი თავიდანვე წავიდა დათმობაზე და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1831 წლის 4 სექტემბერს შევიდა ძალაში და ბოლომდე, 1918 წლამდე ფუნქციონირებდა.
ანტონი გარდაიცვალა 1836 წლის 6 ივნისს დრეზდენში, 80 წლის ასაკში. ვინაიდან მას შვილი არ დარჩენია, ტახტი მისმა ძმისწულმა, ფრიდრიხ ავგუსტ II-მ დაიკავა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტონს შვილები მხოლოდ მეორე ცოლისაგან ჰყავდა:
- მარია ლუდოვიკა (1795-1796), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრიდრიხ ავგუსტი (1796), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარია იოჰანა (1798-1799), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია ტერეზია (1799), გარდაიცვალა ჩვილი;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Holborn, Hajo (1982). A History of Modern Germany: 1840–1945. Princeton: Princeton University. p. 846. ISBN 0-691-05359-6.
- Quinger, Heinz (1999). Dresden und Umgebung: Geschichte, Kunst und Kultur der sächsischen Hauptstadt. Mair Dumont Dumont. p. 319. ISBN 3-7701-4028-1.
- Freitag, Sabine; Peter Wende (2000). British Envoys to Germany 1816-1866: 1816–1829. Cambridge University Press. p. 614. ISBN 0-521-79066-2.