შინაარსზე გადასვლა

ალვა მიურდალი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალვა მიურდალი
ალვა მიურდალი
შვედეთის უპორტფელო მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 დეკემბერი, 1966 – 3 ნოემბერი, 1973
მონარქი  გუსტავ VI
წინამორბედიულა ლინდსტრიომი
მემკვიდრეგერტრუდ სიგურსენი

დაბადებული31 იანვარი, 1902
უფსალა, შვედეთი
გარდაცვლილი1 თებერვალი, 1986
სტოკჰოლმი, შვედეთი
მამაალბერტ რეიმერი
დედალოვა იონსონი
მეუღლეგუნარ მიურდალი
შვილებიიან მიურდალი, სისელა, კაი
განათლებასტოკჰოლმის უნივერსიტეტი
პროფესიასოციოლოგი
საქმიანობაპოლიტიკა, დიპლომატია
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1982)

ალვა მიურდალი (შვედ. Alva Myrdal; დ. 31 იანვარი, 1902, უფსალა — გ. 1 თებერვალი, 1986, სტოკჰოლმი) — შვედი დიპლომატი, პოლიტიკოსი და სოციოლოგი. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (1982 ). გუნარ მიურდალის ცოლი და იან მიურდალის დედა.

ალვა მიურდალი (ქორწინებამდე რეიმერი) უფსალაში დაიბადა. იგი ხუთი დედმამიშვილიდან პირველი იყო. მისი მშობლები სოციალისტი ალბერტ რეიმერი და ლოვა იონსონი იყვნენ. მისი უმცროსი და-ძმები კი რუთი (1904-1980), ფოლკე (1906-1977), მეი (1909-1941) და სტიგი (1912-1977). ბავშვობაში მისი ოჯახი საცხოვრებელ ადგილს შვედეთის ტერიტორიაზე ხშირად იცვლიდა.

ალვამ უმაღლეს განათლებას ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებდა. მან სწავლა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც სოციოლოგიას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკას ეუფლებოდა. 1924 წელს მას ბაკალავრიატის ხარისხი მიენიჭა. შემდგომ სამი წლის განმავლობაში სწავლობდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ლონდონში, ლაიფციგში, სტოკჰოლმში. 30-იან წლებში მან როკფელერის ფონდის სტიპენდია აიღო და მეუღლესთან, გუნარ მიურდალთან, ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკაში ყოფნისას მას სხვა ჰუმანიტარულ დისციპლინებთან ერთად ბავშვების განათლებაზე უფრო სიღრმისეული ცოდნის მიეღების საშუალება მიეცა. ამის მერე ის კვლავ ევროპაში, კერძოდ, ჟენევაში დაბრუნდა და სხვადასხვა კურსებს მსმენელად ესწრებოდა. ალვა ევროპის კონტინენტზე მოსახლეობის შემცირებით ინტერესდებოდა, რაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის აქტუალური საკითხი იყო. რაც შეეხება მაგისტრის ხარისხს, ის მან უფსალის უნივერსიტეტში 1934 წელს მიიღო.

ალვა და გუნარ მიურდალები 1924 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ეყოლათ: იან მიურდალი ფილოსოფოსი, სისელა მიურდალ-ბოკი ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი და კაი ფელსტერი, სოციოლოგი.

ალვა მიურდალის საქმიანობის ძირითადი სფეროები ბავშვთა სკოლამდელი განათლების, განიარაღებისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები იყო. მან სოციალური მეცნიერებებისა და ქალთა პიროვნული განვითარების მნიშვნელობა წინ წამოწია. იგი შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი იყო. მისი ცნობადობა 1930-იანი წლებიდან მატულობდა და მან შვედეთის სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფო მოდელის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. 1935 წელს მოსახლეობის საკითხებში სამეფო კომისიის მრჩეველი გახდა. ხოლო 1943 წელს შევიდა ჯერ პარტიის კომიტეტში, ხოლო მოგვიანებით სახელმწიფო კომისიაში, რომლებიც ომის შემდგომ პირობებში ქვეყნის განვითარების პროგრამებზე, საერთაშორისო პოსტ-ომის დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე მუშაობდა. ამ საქმიანობას პერ ალბინ ჰანსონის (1932-1946 წლებში შვედეთის პრემიერ-მინისტრი) მთავრობა უძღვებოდა და ალვა მის კომისიაში შედიოდა.

გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, მიურდალი სოციალურ სფეროებში აქტიურობით გამოირჩეოდა. იგი ბავშვთა ზრუნვისა და მოვლის მიმართულებით რეფორმების ინიციატორი იყო. 1936-1948 წლებში ალვამ გზა სკოლის მასწავლებლიდან მის მიერ დაფუძნებულ სკოლამდელი განათლების პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორამდე გაიარა. ამის გამო 1946 წელს იგი განათლების რეფორმის სამეფო კომისიაში შეიყვანეს. ამის პარალელურად, ის სკოლამდელი განათლების დროებითი მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარედაც დაინიშნა.

ალვა შვედეთის სკოლამდელი მოსამზადებელი ინსტიტუტების მუშაობას აკრიტიკებდა. მან თავისი ხედვა და შესაძლო გამოსავალი წიგნში „ურბანული ბავშვები“ აღწერა. მასში ის აღნიშნავდა, რომ ღარიბი და მდიდარი ოჯახებიდან ბავშვებისთვის განათლების მიცემის საკითხში პოლარიზაცია დიდი და თვალშისაცემი იყო. მისი მტკიცებით, კარგი და ხარისხიანი განათლების მისაღებად ფინანსური დაბრკოლებები აშკარა და საკვანძო იყო. ამის დასაძლევად ის სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების პაკეტების შემოტანის ინიციატივით გამოდიოდა, რასაც ამ ორ სექტორს შორის ნაპრალი უნდა შეემცირებინა. ალვა სკოლამდელი განათლების შესახებ კვლევების ნაკლებობას უსვამდა ხაზსს. საკუთარი არგუმენტების თეორიული პოზიციონირების შემდეგ მიურდალი ამ მიმართულებით პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა. 1936 წელს იგი ეროვნული საგანმანათლებლო სემინარის თანადამფუძნებელი და დირექტორი გახდა.

ალვა მიურდალი ფემინისტი იყო. მან ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ემანსიპაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. იგი ქალთა დასაქმების სახელმწიფო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო. 1937 წელს არქიტექტორ სვენ მარკელიუსთან ერთად ალვამ სტოკჰოლმის კოლექტიური სახლის დიზაინი გააკეთა. ამ ცენტრს ქალების საშინაო თავისუფლების გაზრდაში უნდა შეეტანა წვლილი. 1938-1947 წლებში სტოკჰოლმის ბიზნეს/საქმიან და პროფესიონალ/დასაქმებულ ქალთა ფედერაციის ვიცე-თავმჯდომარე იყო. ამის გარდა, ის ყოველთვიური ქალთა სოციალ-დემოკრატიული ჟურნალის რედაქტორი იყო. 1947 წლიდან პროექტის საერთაშორისო გამგებლიანობა სკოლების საშუალებით კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მისი ინტერესი უფრო მეტად საერთაშორისო საკითხებისკენ გახდა მიმართული, განსაკუთრებით კი განიარაღების კონტექსტში. ჰუმანიტარული განათლების მიუხედავად, ექსპერტებისა და პროფესიონალების დამარებით ის განიარაღების ტექნიკურ ასპექტებში საფუძვლიანად გაერკვია. შესაბამისად, მისი აქტივიზმი არა მხოლოდ პიროვნული ენთუზიაზმით, არამედ საკითხის ღრმა ცოდნითაც ხასიათდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ნეიტრალურ შვედეთში მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების პრობლემებით იყო დაკავებული. ამის გამო ის ევროპის კულტურული დახმარების მიზნით შვედური სამოქალაქო ორგანიზაციების გაერთიანებული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე გახდა.

ალვა მიურდალის საქმიანობა გაეროსთან მჭიდროდაა დაკავშირებული. 1946 წელს მან შვედეთი პარიზის კონფერენციაზე წარადგინა, სადაც საფუძველი ჩაეყარა იუნესკოს შექმნას. 1949 წელს იგი გაეროში კეთილდღეობის პოლიტიკის სექციის თავმჯდომარე გახდა. 1950 წლიდან 1955 წლამდე ნიუ-იორკში იუნესკოს სოციალური მეცნიერებების სექციის თავმჯდომარე იყო, რაც ქალისთვის უპრეცედენტოდ მაღალი თანამდებობის დაკავების პირველ შემთხვევად ფიქსირდება გაეროს ისტორიაში. 1955-1956 წლებში იგი შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენელი იყო ნიუ-დელიში (ინდოეთი), ბურმაში (მიანმარი), კოლომბოში (შრი-ლანკა). ამის შემდეგ, 1955-1961 წლებში, ის შვედეთის ელჩად ინდოეთში დაინიშნა.

1962 წელს ალვა რიქსდაგის დეპუტატი გახდა. 1967 წელს თაგე ერლანდერის სოციალ-დემოკრატიული მინისტრთა კაბინეტის განიარაღების საკითხებში საგანგებო უფლებამოსილი პირი გახდა. 1973 წლამდე უპორტფოლიო მინისტრის რანგში ულოფ პალმეს მთავრობაშიც დარჩა. 1962 წლიდან 1973 წლამდე ალვა ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე შვედეთს წარმოადგენდა. მისი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან საკუთარ თავზე აიღო ლიდერის ფუნქცია და ორი არა მოკავშირე ერებისა და ძლიერი მოთამაშეების, აშშ-სა და სსრკ-ს, მიმართ კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენა განიარაღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. სამწუხაროდ, მისი ენთუზიაზმი სათანადოდ გაზიარებული არ იყო და მან ამ კონტექსტში საკუთარ იმედგაცრუება წიგნში „განიარაღების თამაში“ ასახა.

1967 წლიდან 1973 წლამდე ალვა მიურდალი გაუძღვა განიარაღების საკითხებში მინისტრის საკონსულტაციო კაბინეტს, რომლის მიზანიც განიარაღების პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო. წლების განმავლობაში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, მისი საქმიანობა განიარაღების საკითხების წინ წამოწევა იყო. ალვას აქტიური მონაწილეობის წყალობით შვედეთში, 1966 წელს კომისიამ, რომელსაც ალვა ხელმძღვანელობდა, თავის მოხსენებაში სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა. ამ ინსტიტუტს ჩაეყარა საფუძველი და ალვა მისი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე 1966 წელს გახდა. ის დღემდე ფუნქციონირებს და მშვიდობის, შეიარაღების, კონფლიქტებისა და მომიჯნავე თემების კვლევებზე მუშაობს.

1934 წელს მეუღლეებმა ერთობლივი ნაშრომი კრიზისი მოსახლეობის პრობლემაში გამოაქვეყნეს. ამ ნაშრომმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოგრაფიულ მეცნიერებასა და შვედური სოციალიზმის მოდელის შემუშავებაში. ამ წიგნში მსჯელობა იმის გარშემოა აგებული თუ რა სოციალური რეფორმების გატარებაა საჭირო ინდივიდუალური თავისუფლების, განსაკუთრებით ქალებისთვის, გაზრდისთვის. ამის გარდა, ნაშრომი ბავშვების ყოლას უწევს პოპულარიზაციას, რასაც ხელი უნდა შეეწყო იმ პერიოდში დემოგრაფიული გამოწვევებისთვის, რაც შვედეთისთვის ძალიან აქტუალური პრობლემა იყო. წიგნი ხაზს უსვამს ბავშვების აღზრდა და განათლებაში გაზიარებული პასუხისმგებლობის აუცილებლობას, რაც არა მხოლოდ მშობლებს შორის ვალდებულებების გადანაწილებას ეხება, არამედ ზოგადად საზოგადოებას, განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალების როლს და სხვა. 1941 წელს ალვა და გიუნარ მიურდალებმა ამერიკაში ყოფნის დროს წიგნი ერი და ოჯახი გამოაქვეყნეს. ის შვედურ ოჯახსა და მოსახლეობის პოლიტიკაზე საუბრობს. განიარაღების შესახებ აქტივიზმთან კონტექსტში თავისი პრაქტიკული გამოცდილება, განსაკუთრებით ჟენევაში მუშაობის პერიოდში, ალვამ წიგნში განიარაღების თამაში ასახა. მასში მან ცალსახად გამოხატული იმედგაცრუება დააფიქსირა ამერიკისა და საბჭოთა კავშირის განიარაღების მხარდაჭერის მიმართ ინდეფერენტულობისა და სურვილის არ ქონის გამო.

1982 წელს ალფონსო გარსია რობლესთან ერთად მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში განიარაღების მოლაპარაკებებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ტლატელოლკოს ხელშეკრულების მომზადებისათვის[1][2].

  • Bok, Sissela (1987). Alva: ett kvinnoliv (sv). Stockholm: Bonnier. ISBN 9100474223. 
  • Bok, Sissela (1988). Alva: ett kvinnoliv, New, Bonnier pocket, 99-0307595-2 (sv), Stockholm: Bonnier. ISBN 9100474843. 
  • Bok, Sissela (1991). Alva Myrdal: a daughter's memoir, A Merloyd Lawrence bookRadcliffe biography series. Reading, Mass.: Addison-Wesley. ISBN 0-201-57086-6. 
  • Etzemüller, Thomas (2014). Alva and Gunnar Myrdal: social engineering in the modern world. Lanham: Lexington Books. ISBN 9780739188743. 
  • Gröning, Lotta (2006). Kvinnans plats: min bok om Alva Myrdal (sv). Stockholm: Bonnier. ISBN 9100111341. 
  • Hederberg, Hans (2004). Sanningen, inget annat än sanningen: sex decennier ur Alva & Gunnar Myrdals liv (sv). Stockholm: Atlantis. ISBN 9173530026. 
  • Hirdman, Yvonne (2006). Det tänkande hjärtat: boken om Alva Myrdal (sv). Stockholm: Ordfront. ISBN 9170372667. 
  • Hirdman, Yvonne (2008). Alva Myrdal: the passionate mind. Bloomington IN: Indiana University Press. ISBN 9780253351326. 
  • Lindholm, Margareta (1992). Elin Wägner och Alva Myrdal: en dialog om kvinnorna och samhället, 1st (sv), Gothenburg: Anamma. ISBN 9187894017. 
  • Lindskog, Lars G.; Myrdal, Alva (1981) Alva Myrdal: "Förnuftet måste segra!" (sv). Stockholm: Sveriges radio. ISBN 915221608X. 
  • Lindskog, Lars G.; Myrdal, Alva (1986) Alva Myrdal: "Förnuftet måste segra!", 2nd (sv), Stockholm: Sveriges radio. ISBN 9152216535. 
  • Mral, Brigitte (1994). "Den nya kvinnan": Alva Myrdal och medierna på 30-talet, Arbetarrörelsen och språket, 99-1326861-3 ; 1994:3 (sv). Uppsala: Univ. Litteraturvetenskapliga institutionen. Avd. för retorik. ISBN 9188300331. 
  • Myrdal, Alva; Buttimer, Anne (1984) Alva Myrdal: former Swedish Cabinet minister, ambassador, and member of Parliament, Transcript series / Dialogue Project, 99-0834765-9 ; C 3. Lund: Dialogue project. 
  • Nilsson, Jan Olof (1994). Alva Myrdal: en virvel i den moderna strömmen, Kulturhistoriskt/Kulturvetenskapligt bibliotek (sv). Stockholm: B. Östlings bokförl. Symposion. ISBN 9171392165. 
  • Terling, Barbro (1987). Alva Myrdal: kommenterad bibliografi : 1932-1961 (sv). Stockholm: Alva och Gunnar Myrdals stift.. ISBN 9187396092. 
  • Vinterhed, Kerstin (2003). Kärlek i tjugonde seklet: en biografi över Alva och Gunnar Myrdal (sv). Stockholm: Atlas. ISBN 9173891061. 
  • Åkerman, Brita; Pehrsson, Kajsa (1997) Alva Myrdal: från storbarnkammare till fredspris (sv). Stockholm: Cordia. ISBN 9170851867. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Nobel Peace Prize 1982. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2008-11-12.
  2. The Nobel Peace Prize 1982–Presentation Speech. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2008-12-03.