შინაარსზე გადასვლა

აკიტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკიტუ (სხვა სახელწოდება ზაგმუკი — „ბედისწერათა დღესასწაული“) — უძველესი მესოპოტამიური ფესტივალი, რომელსაც ძვ. წ. III ათასწლეულში აღნიშნავდნენ. გავრცელებული იყო შუმერსა და აქადში, აგრეთვე ბაბილონსა და ასირიაში. დღესასწაული დაკავშირებული იყო ბაბილონის ღვთაება მარდუქის კულტთან.

აკიტუს აღნიშნავდნენ წლის პირველ თვეში, მარტში ან აპრილში. ბაბილონურ კალენდარში ეს თვე აგრეთვე ცნობილი იყო, როგორც „ნისანუ“. სწორედ იმის გამო, რომ აკიტუს დღესასწაული ტარდებოდა ბაბილონური წლის პირველ დღეებში, მას პირობითად ახალი წლის აღნიშვნას უკავშირებენ. თუმცა, რადგან ყოველ ქალაქს თავისი კალენდარი ჰქონდა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დღესასწაული ტარდებოდა წელიწადში ორჯერაც. ამ ორი აღნიშვნიდან ერთ-ერთი მეორეზე უფრო „მთავრად“ ითვლებოდა. მაგალითად, ბაბილონში გაზაფხულის აკიტუ იმართებოდა ცის ღმერთის, მარდუქის პატივსაცემად, ხოლო შემოდგომის აკიტუ ასურეთში ღმერთ აშურს ემსახურებოდა. ნიფურის კალენდრით პირველი აკიტუ აღინიშნებოდა მეოთხე თვეში (ხუთი სხვადასხვა ღვთაებისათვის), ხოლო მეორე აკიტუ — მეთორმეტე თვეში.

დღესასწაულის მსვლელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიტუ ეძღვნებოდა ღმერთის ხელახლა დაბადებას. მარდუქი ბაბილონური პანთეონის უზენაესი ღვთაება იყო. მესოპოტამიელებს სჯეროდათ, რომ სწორედ მარდუქმა შექმნა სამყარო ქაოსისგან. იმისთვის, რომ ქაოსის ღმერთს, ტიამატს, კვლავ არ აღედგინა თავისი ძალაუფლება, ამ ცერემონიის დროს ხდებოდა მარდუქის მასზე გამარჯვების ინსცენირება. ეს ინსცენირება იწყებოდა დიდი პროცესიით, რომელშიც შედიოდნენ: მეფე, ქურუმები, ღმერთების ქანდაკებები. პროცესია ტოვებდა იშთარის კარიბჭეს და მიდიოდა აკიტუს ტაძრისკენ („აკიტუს სახლისკენ“), რომელიც ეძღვნებოდა მარდუქს. ეს იყო ადგილი, სადაც ღმერთი იცხოვრებდა ქალაქში ტრიუმფალურ დაბრუნებამდე. „აკიტუს სახლის“ მთავარი ფუნქცია სწორედ დროებითი საცხოვრებლის შექმნა იყო.

ბაბილონში აკიტუს აღნიშვნისთვის საჭირო იყო ორი ადგილი, კერძოდ, უმაღლესი ღვთაების, მარდუქის, ტაძარი, „ესაგილა“ და „აკიტუს სახლი“, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობდა. დღესასწაულის ორი უმთავრესი ღმერთი იყო ნაბუ და მისი მამა მარდუქი. ამ უკანასკნელს ძვ. წ. I ათასწლეულში უწოდებდნენ „ბელს“ ან ლორდს, რადგან მისი ნამდვილი სახელი ძალიან წმინდად ითვლებოდა საიმისოდ, რომ წარმოეთქვათ.

ის, თუ რომელი ღმერთების ქანდაკებები მიიღებდნენ მონაწილეობას პროცესიაში, დამოკიდებული იყო ქალაქის მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობასა და იმაზე, თუ ვინ მართავდა მას იმ კონკრეტულ მომენტში, რადგან ღმერთის ქალაქში დაბრუნების ინსცენირება ქალაქის დაპატრონების მიზნით სწორედ მმართველებს მოეთხოვებოდათ.

ნისანუს თვის პირველ სამ დღეს მესოპოტამიელები რიტუალისთვის მზადებას ანდომებდნენ.

მეოთხე დღეს უმაღლესი რელიგიური პირი, შეშგალუ, მოსახლეობას დღესასწაულის დადგომას აცნობებდა, რაც ხალხისთვის დასვენების კვირის დაწყებას ნიშნავდა. „აკიტუს სახლში“ შეშგალუ კითხულობდა ეპიკურ პოემა „ენუმა ელიშს“. ამავე დროს, უმაღლესი ქურუმი მეფეს აძლევდა სამეფო სკიპტრას. შემდეგ მეფე მიდიოდა ბორსიპაში, ქალაქში, რომელიც ბაბილონიდან 17 კმ-ში მდებარეობდა. იქ, ნაბუს ტაძარში, მეფე ღამეს ათევდა და მეორე დღეს ნაბუს გამოსახულება წყნარი პროცესიით უკან ქალაქში მიჰქონდა. ამ ინტერვალის დროს ქალაქის მცხოვრებლები ბაბილონის ქუჩებში დადიოდნენ, თითქოს „ეძებდნენ“ მარდუქს, რომელიც მთაზე იყო დატყვევებული.

ნაბუს ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ, მეხუთე დღეს, ხდებოდა ბრძოლების დადგმა, რაც განასახიერებდა ნაბუს შურისძიებას მამის დატყვევებისთვის. მარდუქის მტრები წარმოდგენილნი იყვნენ ორი ფიგურით.

მეხუთე დღესვე ხდებოდა მარდუქის და ნაბუს ტაძრების განწმენდა. სწორედ ამ ტაძრებში შედიოდა შემდეგ მხოლოდ ნახევრად ჩაცმული და ფეხშიშველი მეფე. მას ხვდებოდა ქურუმი, რომელიც მარდუქის აკლდამისკენ მიუძღვებოდა. მეფეს ძალზედ მოკრძალებულად მოქცევა მოეთხოვებოდა. როგორც რიტუალის ნაწილი, ის ვალდებული იყო, დაეჩოქა ღვთის წინაშე და დაერწმუნებინა ის, რომ მას არ უგულებელუყვია თავისი მოვალეობები ბაბილონისა და ესაგილას წინაშე. ასევე აუცილებლად უნდა მოენანიებინა ცოდვები. სათქმელი სიტყვა მეფეს წინასწარ უნდა მოემზადებინა. იგი მოიცავდა გრძელ სიას დაპირებებისა, რომლებიც ეხებოდა როგორც ჩვეულებრივ ხალხს, ისე სამღვდელოებას. ამის შემდეგ ქურუმი ართმევდა მეფეს სამეფო რეგალიებს — გვირგვინს, სკიპტრასა და იარაღს, — აწნიდა სილას და უწევდა ყურებს. აუცილებელი იყო, სილა ისეთი ძლიერი ყოფილიყო, რომ მეფეს ცრემლი წამოსვლოდა. ეს იყო სასჯელი იმ ცოდვებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, უნებურად იქნა ჩადენილი. სილის გაწნას ჰქონდა ის ფუნქცია, რომ შეეხსენებინა მეფისთვის თავმდაბლობისა და მოკრძალების მნიშვნელობა, მისი მოვალეობები ღვთაებებისა და ხალხის წინაშე. ასეთი დამცირების კიდევ ერთი მიზანი მეფისთვის იმის ჩვენება იყო, რომ რეგალიების გარეშე იგი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, რომლის ბედი დამოკიდებულია ღმერთებსა და ღვთის მსახურებზე. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დამცირების რიტუალში მონაწილეობას იღებდა არა უშუალოდ მეფე, არამედ მისი „შემცვლელი“ — ვიღაც პირი, ვინც ასრულებდა „ყალბი მეფის“ როლს.

ეს ეპიზოდი ითვლებოდა აკიტუს მთავარ, სასიცოცხლო ნაწილად, რადგან სწორედ ამ დროს ხდებოდა კავშირის განმტკიცება ღმერთებსა და საზოგადოებას (მეფეს) შორის.

მეექვსე დღეს თავს აჭრიდნენ და წვავდნენ იმ ფიგურებს, რომლებიც ნაბუმ მეხუთე დღეს „დაამარცხა“. ამავე დღეს ჩამოდიოდნენ სხვა ღმერთებიც ახლომდებარე ქალაქებიდან. მათ მოჰყვებოდნენ ქურუმები, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები. ამ ექვსი დღის განმავლობაში მოსახლეობას საჩუქრები, შემოწირულობები მიჰქონდა მარდუქთან.

ზუსტად ცნობილი არ არის, რა ხდებოდა მეშვიდე დღეს. ერთადერთი ტექსტი, რომელიც ამ დღეზე მიანიშნებს, მარდუქის წამებაზეა, თუმცა დაზუსტებული არაა, რომ ეს წყარო სწორედ აკიტუს ეხება. წყარო მოგვითხრობს შამაშისა და ადადის მიერ გამოგზავნილ კაცზე, რომელიც ნისანუს მეშვიდე დღეს მიდის დატყვევებული (შესაძლოა, უკვე მკვდარი) მარდუქის გადასარჩენად. არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ ამ დღეს ხდებოდა ღმერთების განბანვა და მათი ახალი ტანსაცმლით მორთვა — მზადება მერვე დღის შეკრებისთვის.

მერვე დღეს ყველა ღმერთის ქანდაკება გამოჰქონდათ ტაძრებიდან და უჩვენებდნენ ბაბილონელებს. ახლა ყველა ღმერთი მზად იყო მარდუქისთვის პატივის მისაგებად და მათი „პარლამენტი“ აცხადებდა თავის „გეგმას“ მომავალი წლისთვის. ძირითადად, ეს „გეგმა“ შედგებოდა დალოცვისგან, ღმერთები ქალაქს კარგ ბედსა და წარმატებას უსურვებდნენ. ითვლებოდა, რომ ამ ყველაფერს იწერდა ნაბუს ღვთაება. ამის შემდეგ ღმერთები იწყებდნენ „ტურს“ ქალაქში მდინარისკენ. აქედან მცირე ფლოტით მიდიოდნენ „აკიტუს სახლამდე“. ითვლებოდა, რომ ეს პროცესია მზად იყო ქაოსის ძალებთან საბრძოლველად. წინ მიდიოდა მეფე, რომელიც ესკორტს უწევდა თვით მარდუქს. მეფეს ღვთაება მიჰყავდა წმინდა მთამდე, საიდანაც ის მზის ღმერთის ყველა სხვა ღმერთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, შემდეგ კი უკან აბრუნებდა სხვა ღმერთებთან. გზის ბოლო ნაწილზე ღვთაებები გადაჰქონდათ ეტლებზე და „აკიტუს სახლში“ ასე შეჰქონდათ. აქ იმართებოდა ბანკეტი ღმერთებისა, რომლებიც მარდუქის გამარჯვებასა და ბაბილონის სამეფოს აყვავებას ზეიმობდნენ. ამ დროს ხალხი სხვადასხვა სიმღერას მღეროდა. შეგვიძლია აღვადგინოთ სამი მათგანი: ჰიმნი სიყვარულის ქალღმერთის, იშთარის მიმართ, სიმღერა მარდუქის მამა ენლილზე და კიდევ ერთი ჰიმნი, რომელშიც ღმერთებს ეკითხებოდნენ, რატომ არ იყვნენ ისინი თავიანთ ტაძრებში, ისინი კი პასუხობდნენ, რომ მათი ადგილი მარდუქთან იყო.

ნისანუს მეცხრე დღეს ტრიუმფალური პროცესია მეფის ხელმძღვანელობით მიემართებოდა „აკიტუს სახლისკენ“. ამ დღეს მარდუქის ქანდაკება ბედისწერათა პალატიდან აქ გადმოჰქონდათ. ამ პროცესიას იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდნენ, რომ მისი დაწყებისა და დასრულების თითოეული დეტალი გულმოდგინედ სრულდებოდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

მეათე დღეს მარდუქი აწყობდა ბანკეტს, რათა აღენიშნა ქაოსის ღმერთის — ტიამატის დამარცხება. აგრეთვე, სავარაუდოდ, ამ დღეს თვითონ მეფე სწირავდა სიმდიდრეს ღმერთებს. მეთერთმეტე დღეს ღმერთები ბრუნდებოდნენ ესაგილაში, სადაც ისინი იმეორებდნენ თავიანთ „პარლამენტს“ (დალოცვას). ამის შემდეგ აცილებდნენ ნაბუს და მიდიოდნენ შინ. მეთორმეტე დღე უკანასკნელი იყო. იგი მთავრდებოდა მარდუქისა და დედამიწელი ქალის, სარპანიტუმის, „ქორწინებით“, მეფეს კი ამ დროს ცოლად მოჰყავდა უმაღლესი ქურუმი ქალი. ეს ქორწინება განასახიერებდა ბუნების განახლებას. ძველი ხალხი ამ ორ მოვლენაში უწყვეტ კავშირს ხედავდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Julye Bidmead, The Akitu Festival: Religious Continuity and Royal Legitimation in Mesopotamia, Gorgias Press, 2004. — გვ. 220.
  • В. Емельянов, Ритуал в древней Месопотамии, „Азбука–классика“, „Петербургское Востоковедение“, 2003.
  • Генри Саггс, Величие Вавилона. История древней цивилизации Междуречья, „Центрполиграф“, 2012. — გვ. 630.