შინაარსზე გადასვლა

ჭუნირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭუნირი — უძველესი ქართული სიმებიანი საკრავი.

ჭუნირი მხოლოდ მთის მცხოვრებლებმა შემოინახეს პირვანდელი სახით. სვანეთში ჭუნირი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და ამ კუთხეს უნდა ვუმადლოდეთ მის გადარჩენას. ჭუნირი სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სახელს ატარებს: სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). 21-ე საუკუნის დასაწყისში ის გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით იყო ცნობილი. ძველად ჭუნირზე ჩანგთან ერთად ქალებიც უკრავდნენ ანსამბლში. ჭუნირზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. ხშირად მას უკრავენ სალამურთან ერთად. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს - საგმირო ლექსებს, მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები. ჭუნირი და ჩანგი ანსამბლად ერთიანდებიან სამხმიანი სიმღერების შესრულების დროს. მეორე ხმა სრულდება სოლოდ, ხოლო ბანისა და პირველი ხმის პარტია გადატანილია ჭუნირზე, რომელიც აკომპანემენტის როლს ასრულებს. ორი ან მეტი ჭუნირის ერთროულად გამოყენება ხალხურ ყოფაში არ დასტურდება. თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება.

ჭუნირი ხშირად ჩანგთან ერთად გამოიყენება და მის თანხლებას ემყარება. დამოწმებული ფაქტია, რომ ჭუნირზე დაკვრა სცოდნიათ მიცვალებულთან, დასაფლავების წინა ღამით. მიცვალებულის ერთ-ერთი ნათესავი (კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. თუმცა მას იყენებენ დღეობებსა და ქორწილშიც. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი. სვანეთში არის გამოთქმა - „ჭიანური ჭირის არისო“.

ჭუნირს ფართო ადგილი ეჭირა სარიტუალო პრაქტიკაშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია სვანეთში დამოწმებული „სულის დაჭერის“ წესი: როცა ვინმე სახლიდან შორს გარდაიცვლებოდა და გვამს სახლში მიიტანდნენ, იწყებოდა ზრუნვა მისი სულის დაბრუნებაზეც. ძველი რწმენით, სული რჩება სიკვდილის ადგილას. ნათესავები მოიწვევდნენ ჭუნირის კარგ დამკვრელს, სახლიდან წაიყვანდნენ მამალს და წავიდოდნენ იმ ადგილას, სადაც მათი ნათესავი დაიღუპა. დაიწყებდნენ დაკვრას და უკრავდნენ მანამ, ვიდრე სულის პოვნის რაიმე ნიშანს არ მიიღებდნენ. ანალოგიური რიტუალი სრულდებოდა რაჭაში ზვავით გატანილის სულის მოსაძებნად და სახლში დასაბრუნებლად. ხემიანი საკრავის კავშირი მიცვალებულის კულტთან მის სიძველეზე მეტყველებს.

სვანეთი ჭუნირის სიმებს სიმღერის ხმების სახელები აქვთ: კივ (მაღალი ხმა), მაჟოლ (დამწყები), ბან (ბანი). დაკვრის წინ ხემის ძუას გაუსვამენ ფისზე, რომელიც საკრავის კორპუსზე არის წასმული, რათა ხემმა ხრინწიანი ბგერები არ გამოსცეს. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საკრავს დაკვრის წინ მზეზე ან ცეცხლთან ათბობენ.

ჭუნირის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. ბგერათწარმოება ხემით ხდება. სვანური ჭუნირის კორპუსი საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი, რომელიც თასმებითაა მიმაგრებული. კორპუსი ქვემოდან ღიაა. ტარი მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისთვის. დამხმარე ნაწილებია მოქლონები, ჯორა და ფეხი. ტარის ბოლოზე მიმაგრებულია ძუის სიმები. ხემი მშვილდისებურია. მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩამოსაცმელად.

რაჭული ჭიანურის კორპუსი ნავისებურია, გამოთლილია მთლიანი ხისგან და ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6 მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი, რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა ნაწილზე გაყრილი კანაფით. ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი (ან სამი) ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება. ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს მრგვალი კორპუსი აქვთ. ჭიანურზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. საკრავი უჭირავთ ვერტიკალურად, კორპუსი მოთავსებულია მუხლებს შორის (დაყრდნობილია მუხლებზე), სახელური მიყრდნობილია მარცხენა მხარეზე. ბგერათწარმოება ხდება ხემის მეშვეობით, რომელიც შემსრულებელს მარჯვენა ხელში უჭირავს. მარცხენა ხელის თითები სიმებს ეხებიან და ბგერის სიმაღლეს ცვლიან. სიმებს თითების „ბალიშებით“ ეხებიან და თითს ტარამდე არ აჭერენ, რის გამოც ჭიანურის ბგერები ფლაჟოლეტურია. ხემს ერთდროულად ყველა სიმზე უსვამენ, ამიტომ ამ საკრავზე მხოლოდ სამხმიანი თანაბგერადობები არსებობს.

სვანური ჭუნირის კორპუსის დამზადებისათვის იყენებენ წიწვოვანი ხის ჯიშებს: ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ. რაჭაში ჭიანურის კორპუსისთვის იყენებენ ფიჭვს ან სოჭს. სიმებად აქაც ძუაა გამოყენებული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია. მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს.

  • ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]