RCA Studio II — მეორე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული ამერიკული კომპანია RCA-ის მიერ 1977 წლის იანვარში. კონსოლს ინფრომაციის გამოსახვა შეეძლო შავთეთრ ფერებში[1], რითაც წააგავდა „Pong“-ის მაგვარ კონსოლებს და მის კლონებს. მას არ გააჩნდა ჯოისტიკი ან რაიმე სახის მსგავსი კონტროლერი, თუმცა გამოიყენებდა ათ ღილაკიან მინი კლავიატურას, რომელიც ზედ იყო განთავსებული.[2]
სისტემის თავდაპირველი ფასი 149 აშშ დოლარს შეადგენდა და დაფუძნებული იყო იმავე მწარმოებლის მიერ 1977 წელს გამოცემულ მიკროკომპიუტერ COSMAC VIP-ზე.[3] კონსოლი გამოიყენებდა RCA 1802-ის ცენტრალურ პროცესორს 1.78 მჰც ტაქტური სიხშირით და 512 ბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას. მას ახასიათებდა მონოქრომული გრაფიკა 64x32 პიქსელების გაფართოებით (თეორიულად 64×128-მდე) და შეეძლო მარტივი ხმოვანი სიგნალის გამოცემა. ერთ-ერთი განსაკუთრებულ მახასიათებელად შეიძლება ჩაითვალოს მასში ჩაშენებული 5 თამაში.[4]
Studio II-მა ვერ მოიპოვა პოპულარობა და შესაბამისად კომეციულადაც წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც ვერ გამოირჩეოდა მძლავრი აპარატული მახასიათებლებით. მასზე ადრე გამოშვებული კონსოლი Fairchild Channel F-იც კი ბევრად აღემატებოდა შესაძლებლობებით, ხოლო ათი თვის შემდეგ საბოლოო დარტყმა მიაყენა Atari 2600-ის გამოსვლამ. 1978 წელს RCA-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა კონსოლის შავთეთრი გრაფიკა, რითაც კონკურენცია ვერ გაუწია იმ დროში არსებულ ფერადი გრაფიკის მქონე სისტემებს.[5]