შინაარსზე გადასვლა

IBM

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
International Business Machines Corporation
ტიპი საზოგადო/სააქციო
დარგი კომპიუტერული ტექნიკა
პროგრამული უზრუნველყოფა
დაფუძნდა ენდიკოტი, ნიუ იორკი (16 ივნისი, 1911)
დამაარსებელი ჩარლზ ფლინტი,
ტომ უოტსონი
სათავო ოფისი არმინკოტი, ნიუ-იორკი
მმართველი
არვინდ კრიშნა, (დირექტორთა საბჭოს თავ-რე და CEO[1])
შემოსავალი US$ 81.741 მილიარდი (ფისკალური წელი 2015)
მთლიანი შემოსავალი US$ 14.538 მილიარდი (ფისკალური წელი 2015)
სუფთა მოგება US$ 13.190 მილიარდი (ფისკალური წელი 2015)
თანამშრომელი 377 757

IBM (International Business Machines Corporation) — კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში. დაარსდა 1911 წელს. ამჟამად შტაბ-ბინა განლაგებულია ქალაქ არმონკში (ნიუ-იორკის შტატი). კომპანიის თანამშრომლები ატარებენ ცისფერ უნიფორმას, რის გამოც კომპანიას ხშირად „ცისფერ გიგანტს“ უწოდებენ.

კომპანიის შექმნის ისტორია უკავშირდება გერმანელ იმიგრანტ ჰერმან ჰოლერიტს, რომელმაც 1888 წელს შექმნა პირველი ელექტრო-მექანიკური გამომთვლელი მანქანა, ტაბულატორი. გამოგონებამ იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა, რომ 1896 წელს ჰოლერიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით Tabulating Machine Co. 1911 წლის 15 ივნისს კომპანია გაერთიანდა ორ ფირმასთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მონაცემების დამუშავების ავტომატიზაციის მიმართულებით. გაერთიანების შედეგად შეიქმნა კომპანია Computing Tabulating Recording (CTR), რომელმაც 1924 წელს მიიღო საბოლოო სახელწოდება International Business Machines (IBM). 1944 წლის თებერვალში, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ჰოვარდ ეიკენის მეთაურობით, შეიქმნა კომპანიის პირველი ელექტრო-გამომთვლელი მანქანა „მარკ-1“. 1946 წელს კომპანიამ წარმოადგინა პირველი კომერციული ელექტრო-გამომთვლელი მანქანა – IBM 603 Multiplier. 1952 წელს შემუშავებელ იქნა ახალი ტექნოლოგია, რის საფუძველზეც მანქანების გამოთვლის სიჩქარემ მიაღწია საოცარ მაჩვენებელს – 17 ათასი ოპერაცია წამში. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, 1954 წელს შეიქმნა კომპიუტერი NORC, რომელიც იმავე წელს საზღვაო არტილერიისათვის შეისყიდა აშშ-ის მთავრობამ.

ტრანზისტორების შექმნასთან ერთად, ლამპებზე მომუშავე კომპიუტერები მორალურად მოძველდნენ, ამიტომ 1959 წელს IBM ქმნის პირველ ტრანზისტორულ მეინფრეიმს, რომელიც ასრულებდა 229 ათას ოპერაციას წამში. მსგავსი მანქანების საშუალებით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა შესძლეს შეექმნათ ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისაგან თავდასაცავი სისტემა. ამავე მანქანების გამოყენებით, ამერიკულმა ავიაკომპანიამ SABRE, პირველად მსოფლიოში დანერგა ავიაბილეთების დაჯავშნისა და გაყიდვის ავტომატიზირებული სისტემა. 1980 წელს IBM-ის ხელმძღვანელობამ მიიღო რევოლუციური გადაწყვეტილება, შეექმნათ პერსონალური კომპიუტერი. მისი შექმნის დროს, გამოყენებული იყო ეგრეთ წოდებული ღია არქიტექტურის პრინციპი, რაც იძლეოდა კომპიუტერის შემდგომი მოდერნიზაციის საშუალებას ახალი ნაწილების გამოყენებით. კომპანიამ თავისი პირმშოს შესაქმნელად გამოიყენა ინტელის მიკროპროცესორები, ხოლო პროგრამულად კომპიუტერებს უზრუნველყოფდა კომპანია Microsoft. 1981 წელს მსოფლიოს მოევლინა პირველი IBM PC პერსონალური კომპიუტერი. დღესდღეობით კომპანია ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერის სტატუსს კომპიუტერულ სამყაროში. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 91 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

პროგრამული უზრუნველყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოპერაციული სისტემები OS/400, z/OS, PC-DOS, OS/2 და AIX
  • ფაილური სისტემები HPFS, CFS, JFS, JFS2
  • მონაცემთა ბაზები DB2
  • Lotus Domino
  • საოფისე პაკეტი Lotus SmartSuite.
  • კომპიუტერული მოდელირების საშუალებები IBM Rational.
  • IBM WebSphere.
  • კომპილატორები VisualAge C++, VisualAge Smalltalk

კომპიუტერები და მოწყობილობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • hi-end კლასის სერვერები
  • მონაცემთა შენახვის ქსელები
  • ThinkPad სერიის ნოუთბუკები. 2004 წლის დეკემბერში ქვეგანყოფილება შეისყიდა ჩინურმა კომპანიამ Lenovo.
  • სპეციალიზებული სუპერკომპიუტერები Deep Blue, Blue Gene
  • მეინფრეიმები System/360, System/370, System/390
  • შეიმუშავა Playstation 3 — Cell და Xbox 360 — Xenon–ის ცენტრალური პროცესორების არქიტექტურა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. International Business Machines Corp
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IBM&oldid=4637251“-დან